მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტიდან საქართველომ 203 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც ორჯერ მეტია 2017 წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებელზე. ავტომობილების რეექსპორტის მატება მნიშვნელოვნად განაპირობა საქართველოდან აზერბაიჯანში ავტომობილების შეყვანის ზრდამ.
ავტომობილების რეექსპორტიდან ყველაზე მაღალი შემოსავალი საქართველომ 2013 წელს მიიღო – 704 მლნ დოლარი. შემდეგ წლებში, რეგიონში ეკონომიკური პრობლემების და აზერბაიჯანში 2005 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის აკრძალვის გამო, საქართველოდან ავტომობილების გაყვანა მნიშვნელოვნად შემცირდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2016 წელს დაფიქსირდა – 167 მლნ დოლარი.
2013 წელს საქართველოდან რეექსპორტით 73 414 ავტომობილი გაიყიდა, ერთი ავტომობილის საშუალო ფასი 9600 დოლარი იყო. 2017 წელს 29 358 ავტომობილი გაიყიდა, ერთი ავტომობილის საშუალო ფასი 8000 დოლარი იყო.
გრაფიკი: საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტით მიღებული შემოსავალი, მლნ დოლარი