2020 წელს საქართველოს სასტუმროები 1.3 მილიონ სტუმარს მოემსახურა

2020 წელს საქართველოს სასტუმროები 1.3 მილიონ სტუმარს მოემსახურა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, 2020 წელს საქართველოში სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1010 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა დეკლარირებულად. აღნიშნული ეკონომიკური სუბიექტები კი ჯამურად 1054 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას ფლობდნენ.

საინტერესოა, რომ 2020 წლის მაჩვენებელი 37.3%-ით არის შემცირებული წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით. საქმიანობის ყველაზე გავრცელებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა კი შეზღუდული პასუხისმგებლობის ორგანიზაცია, ე.წ „შპს“ გახლდათ, რაც 2020 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 57.2 პროცენტს შეადგენდა. სასტუმროების საერთო რაოდენობის 40.4%-ს კი ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი ჰქონდა.

ანგარიშის თანახმად, სასტუმროების 99.2% კერძო საკუთრებაში იმყოფებოდა, ხოლო 0.8% კი –  სახელმწიფო საკუთრებაში. 2020 წელს მოქმედ სასტუმროებში ჯამურად 57.9 ათასი ადგილი იყო ხელმისაწვდომი. ეს მაჩვენებელი კი 24.1%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ მონაცემებზე. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში საერთო ჯამში 26.9 ათასი ნომერი იყო ხელმისაწვდომი. სხვა მაჩვენებლების მსგავსად, 2019 წელთან შედარებით კლება აღნიშნულ კატეგორიაშიც შეინიშნება და ის 23.4%-ს შეადგენს.

ყველაზე დრამატული კლება სასტუმროების მიერ მომსახურება გაწეული ტურისტების რაოდენობაში შეინიშნება. 2020 წელს საქართველოს სასტუმროები ჯამში 1.34 მილიონ ტურისტს მოემსახურნენ, რაც 66.5%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით. ამასთან, სტუმართა 30.6%-ს უცხოელი დამსვენებლები წარმოადგენდნენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *