ევროკავშირის „კოპერნიკის კლიმატის ცვლილებების სამსახურის“ მეცნიერებმა, 2023 წელი, ახლა უკვე ოფიციალურად, რეკორდულად ცხელ წლად დაასახელეს. მათივე შეფასებით, კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე, 2024 წელი სავარაუდოდ კიდევ უფრო ცხელი იქნება, რამაც შესაძლოა გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.
ევროკავშირის კლიმატური საკითხების სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საშუალო გლობალური ტემპერატურა 14.98 გრადუს ცელსიუსს აღწევდა, რაც 0.17°C-ით მეტია, ვიდრე გასული რეკორდი – 2016 წელს დაფიქსირებული 14.81 გრადუსი ცელსიუსი. მეცნიერების განცხადებით, ივნისიდან მოყოლებული ყოველი თვე, დეკემბრის ჩათვლით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უფრო თბილი იყო.
პლანეტის ტემპერატურა კი, პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით, გასულ წელს 1.48°C-ით უფრო მაღალი იყო. 2023 წლის მონაცემები პლანეტის დათბობის შესახებ საკმაოდ ახლოსაა 2015 წელს პარიზის შეთანხმებით განსაზღვრულ 1.5°C-იან ნიშნულთან.
თუმცა იმისთვის, რომ დადგენილი სამიზნე ნიშნული დარღვეულად გამოცხადდეს, ტემპერატურული მატება მუდმივად 1.5°C-ზე მაღლა უნდა შენარჩუნდეს. ამისდა მიუხედავად, „კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის“ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 1.5°C-იან ნიშნულს პლანეტა მომდევნო 12 თვეში გადასცდება.