Euromonitor International-მა მსოფლიოს იმ ქალაქების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც 2023 წელს ყველაზე ბევრი ადამიანი ესტუმრა.
რეიტინგში ლიდერობა სტამბულმა მოიპოვა. თურქეთის ეკონომიკურმა და კულტურულმა ცენტრმა 2023 წელს 20.2 მილიონი ვიზიტორი მიიღო, რაც წლიურ ჭრილში 26%-იან ზრდას გულისხმობს. უნდა ითქვას, რომ 2024 წლისთვის ამ რიცხვის კიდევ უფრო ზრდაა მოსალოდნელი.
სტამბულის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. აქ არის რამდენიმე ისტორიული შენობა-ნაგებობა, მათ შორის აია-სოფია, თოფქაფის სასახლე, კონსტანტინოპოლის კედლები და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ თურქეთმა აშშ-დან და კანადიდან მოგზაურთათვის სავიზო მოთხოვნები შეარბილა, რაც ზემოთ გამოთქმულ პროგნოზს კიდევ უფრო განამტკიცებს. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტურისტების სიმრავლეს მხოლოდ დადებითი შედეგი არ მოაქვს.
მაგალითად, აია-სოფიას ყოველწლიურად დაახლოებით 3.5 მილიონი ადამიანი სტუმრობს და ეს ისტორიული ძეგლის შესანარჩუნებლად საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, შენობაში შესვლა ვიზიტორებს მალე 25 ევრო დაუჯდებათ (27 აშშ დოლარი). ეს არის მცდელობა ქალაქის ისტორიული ელემენტების შესანარჩუნებლად.
სიაში მეორე ადგილი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქმა, ლონდონმა დაიკავა. Euromonitor International-ის მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში მან საერთო ჯამში 18.8 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლა. ეს წლიურ ჭრილში 17%-იან ზრდას წარმოადგენს.
ანგარიშში ლონდონი მოხსენიებულია, როგორც მსოფლიოში საუკეთესო ტურისტული ინფრასტრუქტურის მქონე ქალაქი. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქს ისიც გამოარჩევს, რომ აქ მდებარეობს რამდენიმე ცნობილი უმაღლესი სასწავლებელი, მათ შორის საიმპერატორო კოლეჯი და ლონდონის ეკონომიკის სკოლა. რაც შეეხება ღირსშესანიშნაობებს, აღსანიშნავია ბუკინგემის სასახლე, ლონდონის ეშმაკის ბორბალი, იგივე ლონდონის თვალი და კოშკი მდინარე ტემზის სანაპიროზე.
ჩამონათვალში მესამე პოზიცია დაიკავა არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქმა, დუბაიმ. მას 2023 წელს მთლიანობაში 16.8 მილიონი ვიზიტორი ჰყავდა, რაც წლიურ ჭრილში 18%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საინტერესოა, რომ ათეულში თურქეთის კიდევ ერთი ქალაქი, ანტალია მოხვდა, რომელიც სიაში მეოთხე ადგილს იკავებს.
Euromonitor International-ის მიხედვით, 2023 წელს ყველაზე ხშირად მონახულებული ქალაქების ათეული:
- სტამბული, თურქეთი
- ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
- დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები
- ანტალია, თურქეთი
- პარიზი, საფრანგეთი
- ჰონგ-კონგი
- ბანგკოკი, ტაილანდი
- ნიუ-იორკი, აშშ
- კანკუნი, მექსიკა
- მექა, საუდის არაბეთი