ბეზოსმა Amazon-ის $2 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა

ბეზოსმა Amazon-ის $2 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა

Amazon-ის დამფუძნებელმა და მსოფლიოს მესამე უმდიდრესმა ადამიანმა, ჯეფ ბეზოსმა, კომპანიის აქციები 2021 წლის შემდეგ პირველად გაყიდა. მარეგულირებლის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, ბეზოსის მიერ გაყიდული აქციების ღირებულება $2 მილიარდს უტოლდება.

მიუხედავად იმისა, რომ მილიარდერმა Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ორი წლის წინ დატოვა, ის კვლავ რჩება კომპანიის თავმჯდომარის პოსტზე და ამავდროულად კომპანიის უმსხვილესი ინდივიდუალური აქციონერია – აქციათა 9.4%-ით. ბეზოსმა დაახლოებით 12 მილიონი აქცია გაყიდა, 1%-ზე ნაკლები მის საკუთრებაში არსებული 976 მილიონი აქციიდან. ბეზოსის გადაწყვეტილება ემთხვევა პერიოდს, როდესაც Amazon-ის აქციები უკანასკნელი ორი წლის მაქსიმუმზეა და იმაზე მეტიც ღირს, ვიდრე მილიარდერის მიერ აქციების ბოლო გაყიდვისას.

ბეზოსმა სავაჭრო გეგმა, რომელიც 2025 წლის 31 იანვრისთვის 50 მილიონი აქციის გაყიდვას ითვალისწინებდა – მისი წილის 5%-ზე მეტს – ნოემბერში წარადგინა. კიდევ ერთი ანგარიშის თანახმად, 50 მილიონი აქციის გაყიდვის თარიღი 7 თებერვალი იყო. ისიც შესაძლებელია, რომ ბეზოსმა 8 და 9 თებერვალს მეტი აქცია გაყიდა, რის შესახებაც ინფორმაცია მომავალ კვირაში გასაჯაროვდება.

1997 წელს, Amazon-ის საჯარო კომპანიად დალისტვიდან მოყოლებული, ბეზოსმა კომპანიის $4.7 მილიარდის ღირებულების აქციები გასცა, ხოლო $32 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა. ტრანზაქციების შედეგად, ბეზოსის წილი ელექტრონული კომერციის გიგანტში 42%-დან 9.2%-მდე შემცირდა.

წარსულში, Amazon-ის აქციების გაყიდვიდან მიღებული თანხა ბეზოსმა თავის კოსმოსურ კომპანია Blue Origin-ში დააბანდა, თუმცა უცნობია, თუ რას უპირებს ის ამჯერად მიღებულ თანხას. Space Capital-ის მონაცემებით, 2023 წლის შუა პერიოდისთვის Blue Origin-ში ბეზოსის ინვესტიციებმა $11 მილიარდი შეადგინა.

Amazon-ის დამფუძნებელი აქტიური ქველმოქმედიცაა. მხოლოდ 2023 წელს ბეზოსმა ნახევარი მილიარდი დოლარი გაიღო ქველმოქმედებისთვის. მათ შორის, დაახლოებით $200 მილიონი – ძირითადად კლიმატის ინიციატივებისთვის თავისივე ფონდ Bezos Earth Fund-ის მეშვეობით, ხოლო $120 მილიონი – უსახლკარო ოჯახებისთვის. Forbes-ის შეფასებით, ამჟამად ბეზოსის ქონება $193 მილიარდს უტოლდება.