ღვინის ეროვნული სააგენტოს თანახმად, 2023 წელს საქართველოდან მსოფლიოს 66 ქვეყანაში 259 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3%-ით აღემატება.
ექსპორტირებული ღვინის მოცულობამ 89.5 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც 12%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.
“რაოდენობრივი შემცირების ფონზე, ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების მატება განპირობებულია ქართული ღვინის საექსპორტო ფასის ზრდით, რაც წარმოადგენს უმთავრეს განმსაზღვრელ მაჩვენებელს.
კოვიდპანდემიის პერიოდში ღვინის ფასის კლების შემდეგ, 2023 წელს საექსპორტო ფასის ზრდა პირველად დაფიქსირდა. თუ 2022 წელს 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2.48 აშშ დოლარი იყო, 2023 წელს ფასი 2.89 აშშ დოლარი გახდა”, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
სტრატეგიულ ბაზრებზე შემოსავლების ზრდა ამგვარი იყო:
- კორეის რესპუბლიკა – 60%;
- გერმანია – 43%;
- აშშ – 6%;
- პოლონეთი – 3%;
- იაპონია- 1%.
მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა სპირტიანი სასმელების ექსპორტის მაჩვენებელში: მსოფლიოს 54 ქვეყანაში 196.2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 31.5 მილიონი ლიტრი სპირტიანი სასმლის ექსპორტი განხორციელდა – შემოსავლები 42%-ით, ხოლო საექსპორტო მოცულობა 55%-ით არის გაზრდილი.
“ღვინის ექსპორტზე გავლენა ასევე იქონია მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენამ: უკრაინაში მიმდინარე ომმა და მასთან დაკავშირებულმა სხვადასხვა სახის კრიზისმა, მათ შორის, მიწოდების ჯაჭვის შეფერხებებმა”, – წერია განცხადებაში.
რაც შეეხება 2024 წელს, იანვარში მსოფლიოს 34 ქვეყანაში 6.5 მლნ ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 22% შეადგინა. ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 18.2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (15%-ით მეტი).
აღსანიშნავია, რომ ღვინისა და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მონაცემებით, ღვინის გლობალური მოხმარება იკლებს. 2017-2022 მოხმარება, საშუალოდ, 6% პროცენტითაა შემცირებული. პრემიუმ ღვინის სეგმენტის მოხმარება (ფასი 10 აშშ დოლარი ან მეტი) გაიზარდა, ხოლო დაბალფასიანი ღვინის (ფასი 10 აშშ დოლარზე ნაკლები) – საგრძნობლად შემცირდა.