კომუნიკაციების კომისიამ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოში მწარმოებლების მიხედვით მობილური მოწყობილობების განაწილების შესახებ ინფორმაციაა მოცემული.
ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ქვეყანაში მომხმარებლების ყველაზე დიდი ნაწილი, 37.3%, სამხრეთკორეული Samsung-ის მობილურ ტელეფონებს იყენებდა. ეს 2022 წლის მაჩვენებელზე 1.1%-ით ნაკლებია.
მეორე ადგილს ამერიკული კომპანია Apple-ი იკავებს, რომლის სმარტფონებზეც 19.8% მოდის. Samsung-ისგან განსხვავებით, მისი წილი წლიურ ჭრილში 1.8%-ით გაიზარდა.
ComCom-ის ანგარიშის თანახმად, Xiaomi-ს შემთხვევაში, 2022 წელთან შედარებით, წილი 0.1%-ით გაიზარდა და 14.7%-ს გაუტოლდა. საანგარიშო პერიოდში 1.1%-ით შემცირდა Huawei-ს წილი და 4.1%-ს გაუტოლდა. ამავდროულად, 2.6%-ით გაიზარდა Microsoft/Nokia-ს წილი, რომელმაც 6.6% შეადგინა. Lenovo-ს პროცენტულმა წილმა კი 0.2%-ით იკლო და 0.5%-ს გაუტოლდა.
უცვლელი დარჩა LG-ის, Sony/Ericsson-ის, ZTE-სა და TCT-ის წილები – 0.3%, 0.2%, 0.2% და 0.1%. რაც შეეხება სხვა მობილურ მოწყობილობებს, მათი წილი 2.1%-ით შემცირდა და 16.1% შეადგინა.