2023 წელს საშუალო თვიური შემოსავალი ერთ სულზე 521 ლარს გაუტოლდა

2023 წელს საშუალო თვიური შემოსავალი ერთ სულზე 521 ლარს გაუტოლდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში საშუალო თვიური შემოსავლები (ფულადი და არაფულადი სახსრები) ერთ შინამეურნეობაზე, წინა წელთან შედარებით, 18.4%-ით გაიზარდა და 1 722 ლარი შეადგინა. ამასთანავე, საშუალო თვიური შემოსავლები ერთ სულზე 20.5%-ით გაიზარდა და 521 ლარს გაუტოლდა.

„გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 87.7 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 92.0 პროცენტს, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 79.7 პროცენტს შეადგენდა,“ – ნათქვამია ანგარიშში.

საქსტატის მონაცემებით, ქალაქის ტიპის დასახლებებში საშუალო თვიური შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე 24.9%-ით გაიზარდა და 1 756 ლარი შეადგინა. რაც შეეხება სოფლის ტიპის დასახლებებს, ამ შემთხვევაში ზრდა 8.4%-ით განისაზღვრა და 1 664 ლარს გაუტოლდა.

როგორც ირკვევა, ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს უჭირავს. მისი წილი წინა წელთან შედარებით 1.8%-ით გაიზარდა და 48% შეადგინა. ამავე პერიოდში თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი 0.6%-ით შემცირდა და 11.8% შეადგინა. ამასთანავე, პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.2%-ით გაიზარდა და 21.8% შეადგინა.

პარალელურად, 2023 წელს საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე, წინა წელთან შედარებით, 16.7%-ით გაიზარდა და 1 649 ლარი შეადგინა. საშუალო თვიური ხარჯები კი ერთ სულზე 18.7%-ით გაიზარდა და 499 ლარს გაუტოლდა.

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით შინამეურნეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში 1.3%-ით შემცირდა და 70.2% შეადგინა.

ქალაქის ტიპის დასახლებებში საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე 23.5%-ით გაიზარდა და 1 706 ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 5.7%-ით გაიზარდა და 1 551 ლარს გაუტოლდა.

„სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს უჭირავს, რომლის წილი წინა წელთან შედარებით 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 38.7 პროცენტი შეადგინა,“ – ვკითხულობთ ანგარიშში.