2024 წელს თურქეთმა ექსპორტზე რეკორდული ღირებულების შეიარაღება გაიტანა

2024 წელს თურქეთმა ექსპორტზე რეკორდული ღირებულების შეიარაღება გაიტანა

თურქეთი გლობალურ თავდაცვის ინდუსტრიაში საკუთარი პოზიციების გაძლიერებას განაგრძობს. თურქული თავდაცვის ინდუსტრიის მდივნის, ჰალუკ გიორგიუნის მიერ თავდაცვისა და ავიაციის ინდუსტრიების გლობალური სტრატეგიების კონფერენციაზე გაკეთებული განცხადების თანახმად, 2024 წელს თურქეთიდან ექსპორტირებული სამხედრო შეიარაღების ღირებულებამ რეკორდული $7.154 მილიარდი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი კი 29%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ თურქეთის, როგორც თავდაცვის სექტორში ერთ-ერთი მოწინავე პოზიციის მქონე საერთაშორისო აქტორის როლი წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება.

ჰალუკ გიორგიუნის განმარტებით, თურქეთის სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრიის მიღწევა მხოლოდ ეკონომიკურ-ფინანსურ მაჩვენებლებში არ გამოიხატება. თურქული თავდაცვის სამრეწველო კომპლექსის ხედვა სწრაფი ზრდა, ტექნოლოგიური განვითარება და დამოკიდებულების ხარისხის გაზრდაა. არსებული მონაცემებით, თურქეთიდან 185 ქვეყანაში 230 ტიპის შეიარაღება არის ექსპორტირებული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს თურქეთის ტექნოლოგიური განვითარებისა და მედეგობის ხარისხს.

შეგახსენებთ, გასული წლების განმავლობაში რამდენიმე რეგიონულ და ლოკალურ კონფლიქტში გამოცდილ თურქულ შეიარაღებაზე მოთხოვნა ამჟამად ძალიან მაღალია. სირიის სამოქალაქო ომში, ყარაბაღში, ლიბიასა თუ უკრაინაში სხვადასხვა სახის თურქულმა შეიარაღებამ მაღალი ეფექტიანობა გამოავლინა, რის გამოც მისი პოპულარობა ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა.

თურქეთის ადგილობრივი თავდაცვის ინდუსტრიის განვითარების ტემპი სახელმწიფოს პოლიტიკასთან, შექმნას თვითმყოფადი, ავტონომიური სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, სრულად თანხვდენილია.