Pollstar-ის უახლესი ანგარიშის თანახმად, მადონას საკონცერტო მსოფლიო ტურნე, რომელიც კრიტიკის ობიექტი გვიან დაწყების გამო გახდა, 2024 წელს ყველაზე შემოსავლიანი აღმოჩნდა, თუმცა სალაროებში საბოლოო შემოსავლების გასაჯაროების შემდეგ, დიდი ალბათობით, მას ტეილორ სვიფტის Era’s Tour-ი გადაასწრებს.
მადონას მსოფლიო ტურნე გასულ წელს დაიწყო და დღემდე $178.1 მილიონი გამოიმუშავა. Pollstar-ის მონაცემებით, პოპვარსკვლავის თითო შოუს საშუალოდ 13,378 ადამიანი ესწრებოდა, ბილეთის საშუალო ფასი კი $208.85-ს უტოლდება. ყველაზე შემოსავლიანი საკონცერტო ტურნეების მეორე ადგილზე Bad Bunny-ია, $174,574,606-ით, მესამეზე კი მექსიკელი მომღერალი ლუის მიგელი – $169,452,777-ით.
მიმდინარე წელს, ბილეთის ყველაზე მაღალი საშუალო ფასი U2-ს ტურნეს ჰქონდა, რომლის ფარგლებშიც 2024 წელს მხოლოდ 15, 2023 წელს კი 25 შოუ ჩატარდა. მიუხედავად ამისა, 2024 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიან საკონცერტო ტურნეებს შორის ირლანდიური როკჯგუფი, $134.7 მილიონით, მეოთხე ადგილზე მოხვდა.
ცნობისთვის, აღნიშნულ ანგარიშში არ მოხვდა ტეილორ სვიფტის Eras Tour-ი, რომლის შემოსავალმაც Pollstar-ის 2023 წლის ჩარტების მიხედვით $1-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა. მომღერალს ტურნეს შემოსავლები არ გაუსაჯაროებია, თუმცა შოუების ლოკაციის ტევადობის, დასწრებისა და ბილეთის საშუალო ფასიდან გამომდინარე, Pollstar-ის ვარაუდით, Eras Tour-ი $2 მილიარდზე მეტს გამოიმუშავებს. Eras Tour-ი მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.
Pollstar-ის ანგარიშით, 2024 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი საკონცერტო ტურნეები:
მადონა — $178,816,424
Bad Bunny — $174,574,606
ლუის მიგელი — $169,452,777
U2 — $134,727,198
კეროლ ჯი — $111,296,660
ბრუნო მარსი — $102,177,957
Coldplay — $100,459,853
SEVENTEEN — $74,590,596
Eagles — $69,407,908
ნიკი მინაჟი — $66,215,800