2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რიცხვებში | 2 მილიარდერი ფეხბურთელიდან $13 მილიარდის შემოსავლამდე

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რიცხვებში | 2 მილიარდერი ფეხბურთელიდან $13 მილიარდის შემოსავლამდე

ფოტო: Grzegorz Wajda/SOPA Images/LightRocket/Getty Images

 

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი უკვე გადამწყვეტ ფაზაშია. განახლებული ფორმატის პირობებში ჯგუფური ეტაპიდან პლეი-ოფში 32 ნაკრები გავიდა, რაც წინა ათი მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატთან შედარებით ორჯერ მეტია. ამჟამად მერვედფინალური ეტაპი სრულდება და ტურნირს უკვე გამოეთიშნენ ისეთი გრანდები, როგორებიც გერმანია, ნიდერლანდები, ბრაზილია და პორტუგალიაა.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 19 ივლისს ნიუ-ჯერსიში, MetLife Stadium-ზე (ტურნირის განმავლობაში სახელწოდებით New York New Jersey Stadium) გაიმართება. მანამდე კი ამერიკული Forbes-ის მიერ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ გამოქვეყნებულ მნიშვნელოვან რიცხვებს გთავაზობთ:

2 – ტურნირზე ორი მილიარდერი ფეხბურთელი თამაშობს

მსოფლიო ჩემპიონატზე ორი მილიარდერი ფეხბურთელია: ლიონელ მესი – Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება 1.1 მილიარდ დოლარს შეადგენს; კრიშტიანუ რონალდუ – გამოცემა მის ქონებას 1.2 მილიარდ დოლარად აფასებს.

აღსანიშნავია, რომ აქტიურ სპორტსმენებს შორის მათ გარდა Forbes-ის მილიარდერთა სიაში მხოლოდ ლებრონ ჯეიმსი და ტაიგერ ვუდსი ხვდებიან.

41 წლის რონალდუმ ბოლო 12 თვეში, გადასახადებისა და აგენტების საკომისიოს გამოკლებით, დაახლოებით 300 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც მას მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენად აქცევს. თუმცა რონალდუ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატს უკვე გამოეთიშა.

6 – მსოფლიო ჩემპიონატებზე ასპარეზობის რეკორდი

კრიშტიანუ რონალდუმ და ლიონელ მესიმ კარიერაში უკვე მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშეს. ორივე მათგანის დებიუტი მსოფლიო ჩემპიონატზე 2006 წელს, გერმანიაში შედგა.

რონალდუ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც გოლი ექვსივე მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა.

21 – მესის მიერ მსოფლიო ჩემპიონატებზე გატანილი გოლები

ლიონელ მესის მსოფლიო ჩემპიონატებზე უკვე 21 გოლი აქვს გატანილი. მან არგენტინის პირველ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა; ექვსი დღის შემდეგ კიდევ 2 გოლი გაიტანა; შემდეგ სამ შეხვედრაში კი თითო-თითო. შესაბამისად, ფეხბურთის არგენტინელ ვარსკვლავს წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე 8 გოლი აქვს გატანილი და ჯერჯერობით ბომბარდირების დავაში ლიდერობს. მას ფრანგი კილიან მბაპე და ნორვეგიელი ერლინგ ჰაალანდი მოსდევენ – თითოეული 7-7 გოლით.

32,970 დოლარი – ფინალის პრემიუმ-ბილეთის ფასი

FIFA-მ მაისში ფინალის პრემიუმ-ბილეთები 32,970 დოლარად გაყიდა. ეს სამჯერ აღემატება ადრე გაყიდული ანალოგიური ბილეთის 10,990-დოლარიან ფასს; ასევე მნიშვნელოვნად აღემატება 2022 წლის კატარის ფინალის მაქსიმალურ ფასს – 1,607 დოლარს.

გადაყიდვის ბაზარზე ერთ-ერთმა გამყიდველმა 4 ბილეთი, თითოეული 2.3 მილიონ დოლარად, განათავსა. ყველაზე იაფი ბილეთი კი ამჟამად დაახლოებით 11,000 დოლარი ღირს. FIFA კი როგორც მყიდველს, ისე გამყიდველს 15%-იან საკომისიოს აკისრებს.

VIP შეთავაზებებს შორისაა:

  • მოედნის პირას 12-კაციანი პაკეტი – 1 მილიონი დოლარიდან;
  • 24-კაციანი ლოჟა – 1.44 მილიონი დოლარიდან;
  • თასის გადაცემის ცერემონიაზე მოედანზე ყოფნა – 600,000 დოლარი ერთ ადამიანზე.

მაღალია დამატებითი ხარჯებიც:

  • ლოს-ანჯელესში პარკინგი – 300 დოლარამდე;
  • სასტუმროები – მატჩის დღეებში დაახლოებით 50%-ით ძვირი;
  • ლუდი – 20 დოლარზე მეტი;
  • ნიუ-იორკიდან სტადიონამდე მატარებლის ორმხრივი ბილეთი – 98 დოლარი;
  • ვიდეოეკრანზე სახელის გამოჩენა – 79 დოლარი (გადასახადის გარეშე).
500,000 – კაბო-ვერდეს მოსახლეობა

დაახლოებით 500,000-იანი მოსახლეობის მქონე კაბო-ვერდე მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე პატარა ქვეყანაა, რომელმაც ტურნირის პლეი-ოფში გასვლა შეძლო.

713,000 დოლარი – თასში გამოყენებული ოქროს ღირებულება

მსოფლიო ჩემპიონატის თასში გამოყენებული თითქმის 11 ფუნტი (დაახლოებით 5 კგ) 18-კარატიანი ოქრო დღევანდელი ფასებით დაახლოებით 713,000 დოლარი ღირს.

50 მილიონი დოლარი – ჩემპიონის საპრიზო თანხა

მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული 50 მილიონ დოლარს მიიღებს. პლეი-ოფში გასულ 32 ნაკრებს მინიმუმ 11 მილიონი დოლარი ერგება, ჯგუფში ჩარჩენილ 16 ნაკრებს კი  – 10 მილიონი დოლარი.

საერთო საპრიზო ფონდი, სხვადასხვა ხარჯის ჩათვლით, 871 მილიონ დოლარს აღწევს, მაშინ როდესაც 2022 წელს საპრიზო ფონდი 440 მილიონი დოლარი იყო.

250 მილიონი დოლარი – რეკლამა „ჰიდრატაციის შესვენებების“ დროს

Fox Sports-ი მხოლოდ მატჩების 3-წუთიანი ჰიდრატაციის შესვენებების რეკლამებიდან მინიმუმ 250 მილიონი დოლარის მიღებას ელოდება. ტურნირზე 104 მატჩი გაიმართება, შესვენებების ჯამური ხანგრძლივობა კი 624 წუთი იქნება.

30-წამიანი რეკლამის ღირებულება 200,000-750,000 დოლარის ფარგლებში მერყეობს. საერთო შემოსავალმა შესაძლოა 500 მილიონ დოლარსაც გადააჭარბოს.

250 მილიონი დოლარი – კლუბებისთვის

FIFA კლუბებს, რომელთა ფეხბურთელებიც მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობენ, 250 მილიონ დოლარს გადაუხდის. პროგრამის ფარგლებში თითოეულ ფეხბურთელზე დღეში მინიმუმ 5,000 დოლარი არის გათვალისწინებული.

3.8 მილიარდი დოლარი – FIFA-ს ბიუჯეტი

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბიუჯეტი 3.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. აქედან 1.1 მილიარდი დოლარი საოპერაციო ხარჯებზე მოდის; $159 მილიონი – ტრანსპორტზე; $23 მილიონი – მსაჯებზე.

13 მილიარდი დოლარი – FIFA-ს შემოსავალი

FIFA ელოდება, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატით დასრულებულ ოთხწლიან ციკლში მისი საერთო შემოსავალი 13 მილიარდ დოლარს მიაღწევს. აქედან 3.9 მილიარდი დოლარი სატელევიზიო უფლებებიდან, 3 მილიარდ დოლარზე მეტი კი სტუმარმასპინძლობის სფეროსა და ბილეთების გაყიდვებიდან.

შედარებისთვის, 2022 წლის კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ოთხწლიანმა ციკლმა FIFA-ს 7.6 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანა, ხოლო საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2024 წელს 4.4 მილიარდი დოლარის კომერციული შემოსავალი მიიღო.