6 ივნისს, გამთენიისას, რუსეთის შეირაღებულმა ძალებმა ნოვა-კახოვკის კაშხალი ააფეთქა. კაშხლის დაზიანების შედეგად დატბორვის საფრთხის ქვეშ ახლომდებარე 14 რეგიონი და 22,000-მდე ადგილობრივი მცხოვრები აღმოჩნდა. კაშხლის აფეთქების მიზანი უკრაინის მოსალოდნელი კონტრშეტევისათვის ხელის შეშლა და პროცესების გაჭიანურება გახლდათ. ინფორმაციას კაშხლის რუსეთის შეირაღებული ძალების მიერ აფეთქების შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთი სარდლობა ავრცელებს. მიუხედავად ამისა, რუსეთი მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს და კაშხლის დაზიანებას უკრაინელებს აბრალებს. სტატიაში წარმოგიდგენთ 5 ფაქტს, რომლებიც ამტკიცებს, რომ ნოვა-კახოვკის კაშხალი რუსმა სამხედროებმა ააფეთქეს.
პირველი მიზეზის თანახმად, ხერსონის ოლქი რუსეთის არმიისათვის ერთ-ერთი ყველაზე სუსტად გამაგრებული არეალია. თუკი ფრონტის ხაზის სხვა რეგიონებში რუსი სამხედროების განაწილება საკმაოდ მჭიდროა, ხერსონში საშუალოდ ყოველ 1 კილომეტრზე 70 რუსი ჯარისკაცი გვხვდება. შესაბამისად, მეტად სავარაუდოა, რომ უკრაინის კონტრშეტევა სწორედ ამ მიმართულებით დაიწყებოდა. შესაბამისად, კაშხლის აფეთქება და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა მხოლოდ რუსეთის ინტერესებში ჯდება.
მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება – ოპერაციის წინასწარ დაგეგმვაა. კაშხლის აფეთქება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ წინასწარ დაგეგმილი ოპერაციაა, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ აფეთქებამდე მიმდებარე ტერიტორიებიდან რუსული სამხედრო ტექნიკა გაიყვანეს, ხოლო აფეთქების შემდეგ რუსი სამხედროების ევაკუაციის მტკიცებულებები არ ვრცელდება.
მესამე ფაქტი კაშხლის სამართავი პუნქტის რუსეთის კონტროლის ქვეშ ყოფნაა. ნოვა-კახოვკის კაშხალს, მართვის პუნქტს, ჩამკეტსა და რეზერვუარში არსებულ წყლის დონეს ამჟამად მთლიანად რუსეთი აკონტროლებს. საინტერესოა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში რუსები რეზერვუარში წყლის დონეს ზრდიდნენ, რათა დაზიანების შემდეგ დამანგრეველი ეფექტის მაქსიმიზაცია მოეხდინათ.
კიდევ ერთი მიზეზი გახლავთ ისიც, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კაშხალზე მიტანილი სარაკეტო იერიშის მტკიცებულება არ არსებობს. ამ ფაქტს არ ადასტურებენ არც კაშხალზე დისლოცირებული რუსი სამხედროები. გარდა ამისა, აფეთქების გავრცელებული ვიდეოების მიხედვით აშკარაა, რომ სარაკეტო თავდასხმა არ მომხდარა.
რუსების მიერ გავრცელებული თეორიის კიდევ ერთი სუსტი წერტილი ფაქტების შეუსაბამობაშია. მათი ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ნგრევა წყლის ნაკადმა და დიდი ხნის წინ დაზიანებულმა კაშხლის კედლების სისუტემ გამოიწვია. თუმცა აფეთქება ძრავის ოთახში მოხდა, რაც აღნიშნულ არგუმენტს აბათილებს.