5 რჩევა მათთვის, ვისაც STEM აინტერესებს – STEM ოლიმპიადის ფინალისტი გუნდის რეკომენდაციები

5 რჩევა მათთვის, ვისაც STEM აინტერესებს – STEM ოლიმპიადის ფინალისტი გუნდის რეკომენდაციები

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ინიციატივით შექმნილი STEM ოლიმპიადის პირველი სეზონი დასრულდა. პირველ, თეორიულ ტურში 200-მდე სკოლის გუნდი ჩაერთო, რომელთაგანაც თითოეულმა გაიარა ტესტირება სკოლის ტრადიციულ საგნებში – ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში. ფინალურ, პრაქტიკულ ტურში კი მონაწილეებმა ინჟინრული დავალებები შეასრულეს და ჭკვიანი სახლის პროექტები შექმნეს. დაძაბული ფინალის შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ფინალში გადასვლა 10-მა გუნდმა მოახერხა, მე-2 ადგილი კი ,,თბილისის თავისუფალი სკოლის“ გუნდმა დაიკავა, გუნდის წევრებს–ნიკო ხარშილაძეს, ანდრია მახარაძეს, სალომე ჯიბლაძეს, სანდრო ჩადუნელს, ლუკა დუდაურს, რატი ტვილდიანს– საჩუქრად ლეპტოპები და სერტიფიკატები გადაეცათ.

STEM ოლიმპიადა მოსწავლეების STEM მიმართულებით დაინტერესების მიზნით შეიქმნა. STEM სწავლება საბუნებისმეტყველო საგნებს, მეცნიერებებს, ტექნოლოგიებს – ყველა იმ სფეროს აერთიანებს, რომლებიც ე.წ “მომავლის პროფესიებს” ქმნიან. მე-2 ადგილზე გასული გუნდის მენტორი, ირაკლი ხუციშვილი, გვიზიარებს რჩევებს მათთვის, ვისაც აინტერესებს STEM და კარიერულ განვითარებას ამ კუთხით აპირებს:

  1. გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა

STEM მუდმივად განვითარებად, ინოვაციურ მეცნიერებებს აერთიანებს. იმისათვის, რომ ამ სფეროში წარმატებას მიაღწიო, აუცილებელია იყო აქტიური. გირჩევთ, მიიღოთ მონაწილეობა ნებისმიერ ოლიმპიადაში, რომელიც საბუნებისმეტყველო საგნებს და ტექნოლოგიებს უკავშირდება და არა მხოლოდ. აქტიურად ჩაერთეთ კონფერენციებში. გარდა გამოცდილების მიღებისა, ტესტები, ოლიმპიადები გეხმარებათ, შეაფასოთ საკუთარი თავი და იმუშაოთ სისუსტეების დაძლევაზე, ეჩვევით გუნდურ და სტრესულ გარემოში მუშაობას. STEM განათლების საფუძვლის შესაქმნელად უნიკალური შესაძლებლობაა საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა, რომელსაც დარგის სპეციალისტები უძღვებიან.

  1. იმუშავეთ ინდივიდუალურად და ისწავლეთ ინტერესით

ახალი სფეროს დაუფლების პროცესში მნიშვნელოვანია შეგვეძლოს დამოუკიდებლად სწავლა, ინფორმაციის მოძიება. ყველაფერს წიგნებიდან და გაკვეთილებიდან ვერ ისწავლით. ეცადეთ, ინტერესით და სიყვარულით ისწავლოთ ახალი მასალა, გამონახეთ გზები და მეთოდები, რომლებიც ყველაზე მეტად გაგიმარტივებთ მიღებული ინფორმაციის გააზრებას და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას.

  1. პატარა მარცხი ნუ დაგაკარგვინებთ მოტივაციას

თუ რამე არ გამოგივათ, არ დანებდეთ. ყველაფერი ყოველთვის ისე ვერ გამოვა, როგორც გვინდა. პირიქით, პატარა წარუმატებლობები პროგრესის და განვითარების სტიმული უნდა გახდეს. როგორც ამბობენ, საკუთარი შეცდომები საუკეთესო მასწავლებელია. ჩვენმა გუნდმა თავიდან კარგად არ იცოდა არდუნოს მართვა თუმცა ყველაზე ბევრი სწორედ იმაზე ვიმუშავეთ, რაც არ გამოგვდიოდა, საბოლოოდ მიზანსაც მივაღწიეთ.

4. ისწავლეთ დროის სწორად გამოყენება

დააფასეთ დრო და ეცადეთ ოპტიმალურად გამოიყენოთ. განსაკუთრებით გამოცდებისა და ოლიმპიადების დროს. ფინალურ ეტაპზე სამუშაოდ 6 საათი გვქონდა, მაგრამ დრო ისე გაგვეპარა, უმეტესი სამუშაოს შესრულება ბოლო საათში მოგვიწია. დროის აღქმას თუ დაკარგავთ, შესაძლოა ტესტზე თუ პროექტზე მუშაობისას საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოავლინოთ. დროის მენეჯმენტი არც ისეთი მარტივია და დროთა განმავლობაში, გამოცდილებით მოდის. დამოუკიდებლად ამოცანაზე მუშაობისასაც ეცადეთ საკუთარ თავს განუსაზღვროთ მაქსიმალური დრო ამოხსნისთვის და ასე ივარჯიშოთ.

  1. ეცადეთ, იპოვოთ საერთო ინტერესების მქონე ადამიანები

ოლიმპიადებში თუ სხვადასხვა პროექტში მონაწილეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარგებელი საერთო ინტერესების მქონდე ადამიანების პოვნაა. ურთიერთობები, აზრების მიმოცვლა გეხმარებათ განვითარებაში, თვალსაწიერის გაფართოებაში, სხვისი წარმატებული ისტორიების მოსმენა კი თქვენს მოტივაციასაც გაზრდის.

ასე რომ, თუკი გაინტერესებს STEM მიმართულება და გინდა დაეუფლო მომავლის პროფესიას, გაითვალისწინე ფინალისტი გუნდის რეკომენდაციები და მოემზადე STEM ოლიმპიადის შემდეგი სეზონისთვის, რომელზე რეგისტრაციაც ოქტომბერში გამოცხადდება. S