საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორი 500 Global რეგიონის მასშტაბით აქსელერაციის პროგრამის ახალ ტალღას იწყებს. პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე დასრულდა. აქსელერაციის პროგრამის მიმართ დაინტერესება ძალიან მაღალია. 500 Global-ში მონაწილეობის მისაღებად 30 ქვეყნიდან 239 განაცხადი შემოვიდა.
500 Global-ის მთავარი მიზანი საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა. აქსელერაციის პროგრამა რეგიონში 500Georgia-ს სახელით ხორციელდება, რომელიც წელს, უკვე მესამედ გაიმართება.
საქართველოს ბანკის, 500 Global-ისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის 4-წლიანი თანამშრომლობის შეთანხმება ერთი თვის წინ გაფორმდა. პროგრამა სტარტაპების საქართველოში გადამზადებას ითვალისწინებს. შესაბამისად, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ქართველ და რეგიონში მოღვაწე სტარტაპერებს განვითარებისა და მასშტაბირებისათვის დამატებითი შესაძლებლობები ეძლევათ.
გამარჯვებულები განაცხადების გადარჩევის შედეგად გამოვლინდებიან. პროცესი სწორედ ახლა მიმდინარეობს და ის მოიცავს როგორც სატელეფონო, ისე ფიზიკურ ინტერვიუებს სტარტაპებთან. ინტენსიური გადამზადების კურსში მხოლოდ 15 სტარტაპი მოხვდება, რომლებიც მსოფლიო დონის მენტორებთან აქსელერაციის პროცესს გაივლიან. შემდეგ კი სილიკონ ველიზე გაემგზავრებიან, სადაც ისინი შეძლებენ შეხვდნენ ინვესტორებს და მოიზიდონ გლობალური ინვესტიციები.
„მოხარული ვართ, რომ აქსელერაციის პროგრამის მიმართ დაინტერესება ძალიან მაღალია, რაც მნიშვნელოვანია რეგიონის ეკოსისტემისთვის. 500Georgia – ეს არის პროგრამა, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ყველა სტარტაპს, მსოფლიოს წამყვან მენტორებთან ერთად განავითარონ საკუთარი საქმიანობა და იდეები. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ისინი შეძლებენ გლობალური ბაზრის ათვისებასა და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.