ქართველ მოსწავლეებს წაკითხულიდან აზრის გამოტანა უჭირთ, ასევე სავალალოა ვითარება მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საბაზო ცოდნის მიმართულებით – ამის შესახებ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD), “მოსწავლეების საერთაშორისო შეფასების” (PISA) 2018 წლის ანგარიშიდან ხდება ცნობილი. ტესტირება, რომელიც რამდენიმე წელიწადში ერთხელ, მსოფლიოს 80-მდე ქვეყნის მასშტაბით, 15 წლის მოსწავლეთა შორის ტარდება, ქვეყნების მიერ განათლების მიმართულებით გატარებული რეფორმების ეფექტიანობის შეფასების საშუალებას იძლევა.
დოკუმენტის მიხედვით, 2015 წლის კვლევასთან მიმართებით, ქართველი მოსწავლეების შედეგები ანგარიშის სამივე მთავარ კრიტერიუმში (წაკითხულის გააზრება, მათემატიკა, მეცნიერებები) მკვეთრად არის გაუარესებული.
2018 წლის შეფასებით, საქართველომ მონაწილე 77 ქვეყანას შორის ერთ-ერთი დაბალი შედეგები აჩვენა. მაგალითად, წაკითხულის გააზრების მიმართულებით, 70-ე ადგილს იკავებს და მისი საშუალო ქულა 380-ს შეადგენს. ეს 2015 წლის კვლევასთან (410 ქულასთან) შედარებით, 21 ქულით გაუარესებულ მაჩვენებელს წარმოადგენს. მათემატიკის მიმართულებით საქართველოს ქულა 398-ია, რითიც ქვეყანა 66-ე ადგილზე გავიდა. 2015 წლის ანგარიშში ქვეყნის შეფასება 404 იყო, შესაბამისად, გაუარესება 6 ქულას შეადგენს.
ყველაზე საგრძნობია გაუარესება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით, სადაც 2015 წლის ანგარიშით საქართველოს 411 ქულა ჰქონდა, 2018 წლის ანგარიშით კი, ეს ქულა 28 ქულით ნაკლებია და 383-ს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) აღნიშნული ტესტები 2000 წელს დანერგა. რეიტინგის შედგენაში OECD-ის წევრ ქვეყნებთან ერთად, ორგანიზაციის პარტნიორი ქვეყნებიც მონაწილეობენ. რეიტინგი განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში განათლების სისტემების ხარისხის შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
დოკუმენტის მიხედვით, საუკეთესო შედეგები სინგაპურის, ჰონგ-კონგის, ესტონეთის, იაპონიისა და კორეის მოსწავლეებს აქვთ.