საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თებერვალში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.9%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 13.7% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 13.7%-ით გაძვირდა. იანვარში ინფლაცია 13.9% იყო.
თებერვალში ფასების ზრდა ძირითადად სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების 2.1%-ით გაძვირებამ განაპირობა. ბოსტნეული და ბაღჩეული 10.8%-ით გაძვირდა, მინერალური, წყაროს წყალი და უალკოჰოლო სასმელები – 6.8%-ით, შაქარი და ტკბილეული 3.1%-ით გაძვირდა, ზეთი – 3%-ით, პური – 1.7%-ით.
ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად კომუნალური გადასახადებია გაზრდილი – 45.8%-ით. სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები 17.3%-ით გაიზარდა. 14.5%-ით გაძვირდა ტრანსპორტიც. ავეჯი და საოჯახო ნივთები 9.9%-ით გაძვირდა. 6.5%-ით გაძვირდა ჯანმრთელობის დაცვა. ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო 6.1%-ით გაძვირდა.
წლიური ინფლაციის მაჩვენებელი
წყარო: საქსტატი