საკონსულტაციო კომპანიების პროგნოზით, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მომდევნო ორი წლის განმავლობაში ავტოინდუსტრიაში ავტომობილების წარმოების მაჩვენებელი რამდენიმე მილიონი ერთეულით შემცირდება. ბუნებრივია, ამაზე გავლენას რუსეთის ბაზრიდან თითქმის ყველა მსხვილი ავტომწარმოებლის გასვლაც მოახდენს. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბოლო წლებში ახალ და მეორეულ ავტომობილებზე გაზრდილი ფასები მომდევნო წლებში კიდევ უფრო მოიმატებს. ამერიკულმა Tesla-მ ჩინეთში საკუთარი Model Y მოდელების ღირებულება დაახლოებით 2 000 აშშ დოლარით უკვე გაზარდა. ამავდროულად, სულ უფრო მეტი ავტომწარმოებელი გვთავაზობს სიახლეებს ელექტროინდუსტრიაში შესვლასთან დაკავშირებით. თუკი აქამდე მსგავსი სიახლეები პროდუქციის მხოლოდ მასობრივად მწარმოებელი ავტოკომპანიებისაგან გვესმოდა, დღეს უკვე ელექტრომობილებზე გადასვლის გადაწყვეტილება თითქმის ყველა მდიდრულმა ავტობრენდმა მიიღო. Forbes Georgia-მ კი ამ და სხვა სიახლეებს თავი ყოველკვირეულ ავტობლოგში მოუყარა.
Porsche Apple-თან ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას განიხილავს
გერმანული ავტომწარმოებლის, Porsche-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გასულ კვირას დაადასტურა, რომ სპორტული მანქანების მწარმოებლის მენეჯერებმა გასული წლის ბოლოს შეერთებულ შტატებში Apple-თან ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა განიხილეს.
ამის შესახებ კომპანიის ყოველწლიური შედეგებისადმი მიძღვნილ ვიდეოკონფერენციაზე ოლივერ ბლუმმა ისაუბრა: „ჩვენ უკვე ვფლობთ ჩვენს ავტომობილებში Apple-ის CarPlay-ფუნქციას და თანამშრომლობას კიდევ უფრო გავაღრმავებთ“.
მისი განცხადებით, ორი კომპანია უკვე წლებია, რაც თანამშრომლობს და ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება. თუმცა რაიმე კონკრეტულზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. გარდა ამისა, Porsche-ს აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ავტომწარმოებელი ფორმულა 1-ში შებიჯებასაც გეგმავს. თუმცა კომპანიას კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ იანვარში გავრცელდა. ცნობილი გერმანული ავტოჟურნალის თანახმად, Volkswagen-ი საკუთარი ორი სპორტული ბრენდის, Audi-სა და Porsche-ს ფორმულა 1-ზე წარდგენას გეგმავს.
Aston Martin-მა ახალი 12-ცილინდრიანი Vantage მოდელი წარადგინა
მდიდრული ავტომობილების მწარმოებელმა, Aston Martin-მა გასულ კვირას, საკუთარი ლიმიტირებული, მძლავრი, 12-ცილინდრიანი, შიდაწვისძრავიანი, სპორტული Vantage მოდელი წარადგინა. შეიძლება ითქვას, რომ წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ეს ავტომობილი ერთ-ერთი ბოლო მოდელია ბრიტანული ავტომწარმოებლის ელექტროსაწარმოო ხაზზე გადასვლამდე.
Aston Martin-ის აღმასრულებელი თავმჯდომარის, ლოურენს შტროლის, განცხადებით, 12-ცილიანდრიანი Vantage მოდელის ისტორია ათწლეულებს ითვლის. კომპანიის ჰიბრიდიზაციასა და ელექტრიფიკაციაზე გადასვლამდე კი ეს ამ ლეგენდარული მოდელის ბოლო გამოშვება იქნება.
ცნობისათვის, Aston Martin-ი საკუთარი პირველი სრულად ელექტროავტომობილის გამოშვებას 2025 წლამდე არ გეგმავს. 2026 წლიდან კი ავტომწარმოებლის მიერ წარმოებული ყველა ავტომობილისთვის იარსებებს ელექტრონული ოფცია.
ჯეიმს ბონდის საყვარელი ავტობრენდი 2018 წელს საჯაროდ გასვლის შემდეგ მძიმე ვითარებაში იმყოფებოდა. თუმცა 2020 წელს კომპანიამ ამჟამინდელი თავმჯდომარისაგან დიდი რაოდენობით ინვესტიცია მიიღო, რამაც, შეიძლება ითქვას, კომპანია კრახს გადაარჩინა.
შტროლის ხელმძღვანელობისას Aston Martin-მა ზემოთ ნახსენები V12 Vantage და DBX707 მოდელების წარმოება შეძლო. შეგახსენებთ, რომ Aston Martin-ი საკუთარ ავტომობილებში ტექნოლოგიებს მისი მეწილე Mercedes-Benz-ისაგან სესხულობს. ამ უკანასკნელმა Aston Martin-ში საკუთარი წილი 2020 წელს კიდევ უფრო მეტად გაზარდა.
12-ცილინდრიანი Vantage შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ 333 ეგზემპლარად იწარმოება და მისი ფასი 300 000 აშშ დოლარიდან დაიწყება. კომპანიამ შეძლო, რომ მის მფლობელობაში არსებული ყველაზე დიდი ძრავა ყველაზე მცირე ზომის ავტომობილში ჩადო და შესანიშნავი შედეგიც მიიღო.
Bentley 2025 წლიდან ყოველწლიურად ერთ ახალ ელექტრომობილს გამოუშვებს
გასულ ხუთშაბათს საკუთარი გეგმების შესახებ კიდევ ერთმა მდიდრულმა ავტომწარმოებელმა, Bentley-მაც ისაუბრა. კომპანიის სურვილით, 2025 წლიდან ყოველწლიურად ერთ ახალ ელექტრომობილს აწარმოებენ. როგორც ჩანს, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც Bentley-ს ყოველწლიური მოგება ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაძლოა, გეგმებზე გავლენა მშობელი კომპანიის Volkswagen-ის მოთხოვნებმაც მოახდინა უფრო მეტი ელექტროშეთავაზების არსებობასთან დაკავშირებით.
ცნობისათვის, გასულ წელს Bentley-ს – მოგებამ 427 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 2020 წელს კი ავტომწარმოებლის მოგება მხოლოდ 25 მილიონი აშშ დოლარი იყო. ახალ ჰიბრიდულ ავტომობილებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო კი კომპანიამ გასულ წელს 14 659 ავტომობილის მიწოდება მოახერხა.
ელექტროინდუსტრიაში ინვესტიციებს უკვე ყველა ავტომწარმოებელი ზრდის. Bentley-ს მფლობელი Volkswagen-იც კი, Tesla-სთვის კონკურენციის გასაწევად, სულ უფრო მეტად ფოკუსირდება ადგილობრივი მოთხოვნის მაქსიმალურად ათვისებაზე.
თავის მხრივ Bentley სრულად ელექტროწარმოებაზე გადასვლას 2030 წლისთვის აანონსებს. იმისათვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად მარტივი გახდეს, კომპანიამ საკუთარ საწარმოში 3 მილიარდი ევროს მოცულობის ინვესტიცია განახორციელა.
Maserati-მ საკუთარი სრულად ელექტროგეგმები წარადგინა | ყველაფერი 1200-ცხენისძალიანი GranTurismo-თი იწყება
მდიდრული ავტომობილების მწარმოებელ Maserati-ს ამბიციური გეგმები აქვს. ავტომწარმოებელი 2025 მის საწარმოო ხაზში არსებული ყველა ავტომობილის ელექტროოფციის შეთავაზებას გეგმავს. პირველი ღირსეული წარმომადგენელი კი 1200-ცხენისძალიანი სრულად ელექტრო GranTurismo იქნება.
Stellantis-ის მფლობელობაში მყოფი იტალიური Maserati-ს პირველი სრულად ელექტროავტომობილი სწორედ GranTurismo Folgore იქნება. კომპანიის განცხადებით, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 310 კმ/სთ იქნება, 0-დან 100-მდე აჩქარებას კი 3 წამზე ნაკლებ დროში შეძლებს.
GranTurismo-ს შემდეგ, Maserati-ს ელექტროხაზს საშუალო ზომის SUV, Grecale და Grancabrio GT განაგრძობენ. 2025 წლისათვის კი იტალიური ავტომწარმოებელი საკუთარი მოდელების, MC20-ის, Quattroporte-სა და Levante-ს ელექტროვერსიების გამოშვებასაც გეგმავს.
Maserati-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავიდე გრასომ საუკუნოვანი ბრენდის ელექტროინდუსტრიაში ტრანსფორმაცია ისტორიულ მომენტად შერაცხა. კომპანია სრულად გაელექტროებას 2030 წლისათვის გეგმავს.
GranTurismo-ს სავარაუდო ფოტოებმა უკვე მოიგო ავტომოყვარულების გულები. ეს იქნება დახვეწილი ექსტერიერის მქონე 4-კაციანი ელექტროკუპე. თუმცა მისი სავარაუდო ღირებულების შესახებ Maserati-ის ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. ისე კი, მისი ტრადიციული მოდელების ფასები 80 000 აშშ დოლარიდან, 200 000 აშშ დოლარამდე მერყეობს.
მომდევნო კვირიდან GM-ი საკუთარი პირველი ელექტრომობილის, Cadillac Lyriq-ის წარმოებას იწყებს
ამერიკული გიგანტი General Motors-ი მომდევნო კვირიდან საკუთარი პირველი სრულად ელექტროავტომობილის წარმოებას იწყებს. GM-ის Cadillac Lyriq-ი საკუთარი მომხმარებლებისათვის უახლოეს პერიოდში იქნება ხელმისაწვდომი.
Cadillac-ის ვიცე-პრეზიდენტის, რორი ჰარვის განცხადებით, პანდემიისა და ნახევარგამტარების დეფიციტისდა მიუხედავად, საწარმოო პროცესი გეგმის მიხედვით დაიწყება. კომპანიაში Lyriq მოდელის წარმოების დაწყებას საკმაოდ ოპტიმისტურად უყურებენ.
შეგახსენებთ, რომ Lyriq-ის ღირებულება 60 000 აშშ დოლარიდან დაიწყება და მისი ფასი კომპლექტაციის მიხედვით მოიმატებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ავტომობილი საწარმოო ხაზში პირველ ელექტრომობილს წარმოადგენს. კომპანია კი სრულად ელექტრო საწარმოო ხაზის გამოშვებას 2030 წლიდან გეგმავს.
რორი ჰარვის ინფორმაციით, ელექტრომობილის წარმოება ტენესის ქარხანაში დაიწყება და პირველი ეგზემპლარები საკუთარ მფლობელებს მაისისათვის მიეწოდება. Cadillac-მა აღნიშნული ავტომობილი ჯერ კიდევ 2020 წლის აგვისტოში წარადგინა, როგორც GM-ის მომდევნო თაობის ელექტროარქიტექტურის ღირსეული ნიმუში. მაშინ მწარმოებელმა ავტომობილს ტექნოლოგიური სასწაული უწოდა და ამით მის კონკურენტუნარიანობას გაუსვა ხაზი.
Cadillac-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ელექტრომობილით დაინტერესება ძალიან დიდია. ავტომობილის შეძენის სურვილი ან მასზე დამატებითი ინფორმაცია უკვე 220 000-მა მომხმარებელმა ითხოვა, რაც პოტენციურად ამდენივე მყიდველს ნიშნავს. თუმცა რეზერვაციებისა და წინასწარი ჯავშნების ზუსტი რიცხვის გამჟღავნებისაგან რორი ჰარვიმ თავი შეიკავა.
Starbucks-ი და Volvo ყავის მაღაზიებში ელექტრომობილების დამტენი პუნქტების განთავსებაზე მუშაობენ
შვედური Volvo და ამერიკული Starbucks-ი ერთობლივ საპილოტე პროგრამაზე მუშაობენ. კომპანიები იკვლევენ, თუ რამდენად ეფექტიანი და რენტაბელური იქნება ქვეყნის მასშტაბით ყავის მაღაზიებში ელექტრომობილების დამტენი პუნქტების განთავსება.
საპილოტე პროგრამის ფარგლებში, Volvo საკუთარი ბრენდის 60-მდე დამტენ პუნქტს განათავსებს Starbucks-ის 15 მაღაზიაში. კომპანიის წარმომადგენლების ერთობლივი განცხადებით, ბრენდები პროცესს დააკვირდებიან და შეისწავლიან, თუ რამდენად ეფექტიანი იქნება დამტენი პუნქტების ყავის მაღაზიებთან განთავსება. შემდეგ კი გადაწყვეტენ, პროექტი გაფართოებას იმსახურებს თუ არა.
ცნობისათვის, ავტოინდუსტრიაში ელექტრიფიკაციის პროცესის ერთ-ერთი უმთავრესი შემაფერხებელი ფაქტორი სწორედ დამტენი პუნქტების ნაკლებობაა. შესაბამისად, ავტომწარმოებლები სხვადასხვა სახელმწიფოს მთავრობებთან ერთად ფიქრობენ ამ პრობლემის ყველაზე მარტივ გადაწყვეტებზე.
Volvo და Starbucks-ი საკუთარი დამტენი პუნქტების გახსნას ყოველ 160 კილომეტრზე გეგმავენ. ეს კი თითქმის ყველა სიძლიერის ელექტრომობილისათვის საუკეთესო დისტანციაა. კომპანიების განცხადებით, პუნქტების დამონტაჟება ზაფხულიდან დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.
საინტერესოა, რომ Volvo-ს ბრენდული დამტენი პუნქტებით სარგებლობა ყველა ელექტრომობილის მძღოლს შეეძლება, ვისაც ChargePoint-ის ანგარიში აქვს. საკუთრივ Volvo-ს მფლობელები კი პუნქტებით სარგებლობას სრულიად უფასოდ ან შეღავათიან ფასში შეძლებენ.
Ford-ი და Volkswagen-ი ერთობლივად ევროპული ბაზრისათვის უკვე მეორე ელექტრომობილს შექმნიან
გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანული Volkswagen-ი, ევროპის ბაზარზე ამერიკულ Ford-თან თანამშრომლობას აფართოებს. ახალი ხელშეკრულების თანახმად, Volkswagen-ი Ford-ს ევროპულ ბაზარზე უკვე მეორე ელექტრომობილისთვის ელექტრომობილის არქიტექტურას მიაწვდის.
Ford-ის განცხადებით, მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში Volkswagen-ის მიერ მიწოდებული ინჟინერიის წყალობით 1.2 მილიონი ერთეული ავტომობილის წარმოებას შეძლებს. ცნობისათვის, უწინ, Ford-ის საწარმოო გეგმები ამის ნახევარს უტოლდებოდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთ ნაბიჯს წარმოადგენს Ford-ის ამბიციურ გეგმებში, მნიშვნელოვნად გაფართოვდეს ევროპულ ბაზარზე.
პირველად Ford-მა და Volkswagen-მა ელექტრო და ავტონომიური ავტომობილების შესაქმნელად თანამშრომლობა 2019 წელს დაიწყეს. მას შემდეგ ორი ავტომწარმოებლის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდა და ისეთი სპეციფიკური სფეროები მოიცვა, როგორიც შიდაწვისძრავიანი კომერციული ავტომობილების წარმოებაა. გარდა ამისა, Volkswagen-მა $2.6-მილიარდიანი ინვესტიცია განახორციელა Ford-ის მიერ მხარდაჭერილ სტარტაპ ArgoAI-ში.
ისტორიულად, ორ გიგანტ ავტომწარმოებელს შორის ასეთი დონის თანამშრომლობა ძალიან უჩვეულოა. თუმცა დანახარჯების შემცირებისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობამ ეს გარემოებაც გარდაუვალი გახადა. მაგალითად, მსგავსი თანამშრომლობა აკავშირებთ General Motors-სა და იაპონურ Honda-ს.
ევროპული ბაზრისათვის განკუთვნილი Ford-ის პირველი მოდელი, რომელიც Volkswagen-ის ელექტრომობილების არქიტექტურას გამოიყენებს, ელექტროკროსოვერი იქნება, რომლის წარმოებაც მომავალი წლიდან დაიწყება.