ხორბლის ტრანსპორტირების შეზღუდვაზე ბიზნესის სარჩელი საკონსტიტუციომ არ მიიღო

ხორბლის ტრანსპორტირების შეზღუდვაზე ბიზნესის სარჩელი საკონსტიტუციომ არ მიიღო

გასულ წელს ფინანსთა მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიაზე ხორბლის იმპორტისა და ექსპორტისას გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. კერძოდ, საბაჟო ტერიტორიიდან აღნიშნული პროდუქციის გატანა შესაძლებელი გახდა მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით. ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის თანხმობით, კი საქონლის შემოტანა/გატანა შესაძლებელია განხორციელდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებით.

ფინანსთა სამინისტროს აღნიშნულ გადაწყვეტილებას გასული წლის ზაფხულში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისა და ხორბლის ექსპორტ/იმპორტიორების ნაწილის პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც ფინანსთა მინისტრმა გადაწყვეტილების ძალაში შესვლა ერთი წლით გადაავადა.

მინისტრის ბრძანება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა ბიზნესმაც.

კერძოდ, სასამართლოს სარჩელით მიმართეს შემდეგმა კომპანიებმა: “შპს ქეი ბი ლოჯისთიქს”, “შპს ფორტუნა”, “შპს ჩირინა”, “შპს პოულტრი ჯორჯია”, “შპს კუმისი XXI” და “შპს ნუტრიმაქსი”.

კომპანიები ფინანსთა მინისტრის ბრძანების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდნენ, თუმცა სასამართლომ საქმე განსახილველად არ მიიღო.

კომპანიები მიუთითებდნენ, რომ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდგომ მათ გარკვეულწილად შეეზღუდებოდათ სამეწარმეო საქმიანობა. მოსარჩელე კომპანიებს შორის იყვნენ როგორც ხორბლის ექსპორტიორ/იმპორტიორები, ასევე კომპანიები, რომლებიც აღნიშნული საქონლის შეძენას ახორციელებენ და მძღოლები, რომლებიც მის ტრანსპორტირებას ახდენენ.

მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმა მეწარმეების ეკონომიკურ საქმიანობას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, რადგან მათ უძვირდებათ პროდუქციის წარმოების ხარჯები, რაც, თავის მხრივ, მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე ღირებულების ზრდას იწვევს 20-25%-ით. სარჩელში ვკითხულობთ, რომ სადავო რეგულირება იმპორტიორებს ართმევს შესაძლებლობას, თავად აირჩიონ სამეწარმეო საქმიანობის ფორმები, იგი წარმართონ იმ საშუალებებით, რაც მათთვის ყველაზე მეტად მომგებიანი და მოსახერხებელია. ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს სრულად ერთმევათ მომსახურების გაწევის შესაძლებლობა.

კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ საჯაროდ გაჟღერებული პოზიციით, სადავო რეგულირების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს ზემო ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის კრიზისის განმუხტვა, რაც ხელს უშლიდა ტურისტების თავისუფალ გადაადგილებას საზღვარზე. მოსარჩელეთა მითითებით, მინისტრს არ წარმოუდგენია შესაბამისი სტატისტიკა, რომელიც დაადასტურებდა ზემოხსენებული პრობლემის რეალურობას.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქმე განსახილველად არ მიიღო. უწყებაში აცხადებენ, რომ კონსტიტუციურ სარჩელში არ იყო წარმოდგენილი სათანადო არგუმენტაცია, როგორ და რამდენად იქონიებს გავლენას სადავო ნორმის ამოქმედება მოსარჩელე მეწარმეთა საწარმოო პროცესის ფინანსურ მხარეზე.