"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
ერთ მოსახლეზე შემოსავლით საქართველო მსოფლიოში 82-ე ადგილზეა
ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 82-ე ადგილზეა.
მეთოდოლოგია
19 აპრილს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წევრი ქვეყნების განახლებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლებიც ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალსაც მოიცავს.
ქვეყანაში ერთ მოსახლეზე შემოსავალი სხვადასხვა მეთოდოლოგიით ითვლება და ყველას თავისი დანიშნულება აქვს. როდესაც მიზანი სხვადასხვა ქვეყნების ერთ მოსახლეზე შემოსავლის შედარებაა, ამ დროს ყველაზე მართებული მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით დათვლილი მშპ-ის გამოყენებაა. PPP-ის მეთოდოლოგია ქვეყნის შემოსავალს მისი მსყიდველობითი უნარის მიხედვით განიხილავს. ვინაიდან, ზოგადად, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში პროდუქციაზე ფასები უფრო დაბალია, ვიდრე მაღალშემოსავლიან ქვეყანაში, ღარიბი ქვეყნების შემოსავლის მსყიდველობითი უნარი ყოველთვის მეტია. ასეთი ქვეყნების რიცხვშია საქართველოც. მაგალითად, საქართველოში 1,000 დოლარის ყოველთვიური შემოსავლით გაცილებით უკეთ იცხოვრებ, ვიდრე აშშ-ში. სავალუტო ფონდის ბოლო კვლევით, საქართველოში დახარჯულ თითოეულ აშშ დოლარს 3.5-ჯერ მეტი მსყიდველობითი უნარი აქვს, ვიდრე აშშ-ში დახარჯულს.
საქართველო ეკონომიკური ზრდის რეიტინგში
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2022 წლის 19 აპრილს გამოქვეყნებული მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლით საქართველო 82-ე ადგილზეა 192 ქვეყანას შორის. რეიტინგი 2021 წლის მონაცემებით არის შედგენილი, რომლის მიხედვით საქართველოში ერთ მოსახლეზე შემოსავალმა 16,906 PPP დოლარი შეადგინა. პანდემიამდე, 2019 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 15,608 PPP დოლარი იყო. რადგან 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა, ერთ მოსახლეზე შემოსავალიც შემცირდა 14,754 PPP დოლარამდე. 2019 წელს საქართველო რეიტინგში 86-ე ადგილზე იყო და 2020 წელსაც 86-ე – ადგილზე დარჩა (რადგან სხვა ქვეყნებსაც შეუმცირდათ შემოსავალი). 2021 წელს ერთ მოსახლეზე შემოსავალი PPP დოლარებში 14.6%-ით გაიზარდა, რაც მაღალი ზრდაა და საქართველომ 82-ე ადგილზე გადაინაცვლა.
სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 3.2%-ით გაიზრდება და ერთ მოსახლეზე შემოსავალი 18,594 PPP დოლარი გახდება, რეიტინგში კი ისევ 82-ე ადგილს დაიკავებს.
PPP დოლარში გამოსახული ერთ მოსახლეზე შემოსავლის ზრდა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე დამოკიდებულია: ქვეყნის მოსახლეობის რიცხვის ცვლილებაზე, ინფლაციაზე საქართველოში, ინფლაციაზე აშშ-ში და ლარის დოლარის მიმართ გაცვლის კურსზე. საქართველოში მოსახლეობა მცირდება, რაც ერთ მოსახლეზე შემოსავლის ზრდას აჩქარებს. ასევე, როცა ლარი დოლარის მიმართ უფასურდება, თუ მას თან არ ახლავს ლარის გაუფასურების შესაბამისი ინფლაცია, PPP დოლარში ერთ მოსახლეზე შემოსავალი იზრდება.
ერთ მოსახლეზე შემოსავალი საქართველოში, PPP დოლარი
ქვეყნები, სადაც შემოსავლები ყველაზე მაღალია
სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2021 წელს ერთ მოსახლეზე შემოსავალი ყველაზე მაღალი ლუქსემბურგში იყო – 131,875 PPP დოლარი. მეორე ადგილზე კი სინგაპური გავიდა 116,487 PPP დოლარით. 2021 წელს ლუქსემბურგის ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა, სინგაპურის ეკონომიკა კი 7.6%-ით. რეიტინგში მესამე ადგილზე ირლანდიაა, სადაც ერთ ადამიანს წელიწადში საშუალოდ 112,463 PPP დოლარის შემოსავალი აქვს.
შემოსავლების მიხედვით, საქართველოსთან ყველაზე ახლოს ირანი (16,908 PPP დოლარი), ლიბია (16,848) და გრენადა (16,705) არიან.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მდიდარი თურქეთია, ერთ მოსახლეზე 34,755 PPP დოლარით. შემდეგ რუსეთი მოდის 30,850 PPP დოლარით. აზერბაიჯანში საქართველოზე ნაკლები შემოსავალია – 15,882 PPP დოლარი. სომხეთში კი 14,661 PPP დოლარია.
ყველაზე ღარიბი ქვეყანა ბურუნდია, სადაც ერთი მოსახლის საშუალო წლიური შემოსავალი 800 PPP დოლარია. შემდეგ მოდის სამხრეთი სუდანი 843 PPP დოლარით და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა 1,021 PPP დოლარით.
ტოპ-10 ქვეყანა ერთ მოსახლეზე შემოსავლის მიხედვით, 2021 წელი
ქვეყანა | PPP დოლარი | |
1 | ლუქსემბურგი | 131,874 |
2 | სინგაპური | 116,487 |
3 | ირლანდია | 112,463 |
4 | კატარი | 104,668 |
5 | შვეიცარია | 78,530 |
6 | არაბთა გაერთ. საამიროები | 73,575 |
7 | ნორვეგია | 70,825 |
8 | აშშ | 69,231 |
9 | ბრუნეი | 66,795 |
10 | ჰონგ-კონგი | 66,062 |
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 25, 2024
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024