როცა ასეთი მეგობრები გყავს...

როცა ასეთი მეგობრები გყავს...

რაიან უილიამსი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული 30 30-წლამდელია. ეს ტექნოლოგიური დამფუძნებელი, Cadre-ის საშუალებით, სახეს უცვლის უძრავ ქონებაში ინვესტირებას… და გზად $160 მილიონის ტოლფას პირად ქონებას აგროვებს. პრობლემა მხოლოდ ერთია: მისი ყველაზე მნიშვნელოვანი დამფინანსებელი, ჯარედ კუშნერი, ამერიკაში უშველებელი გამადიდებელი შუშის ქვეშაა მოქცეული… და თავისი მსუყე ულუფის დათმობას არ აპირებს. როგორ ფუნქციონირებს სტარტაპი ტრამპის საპნის ოპერაში? ამბავი კულისებიდან.

შობამდე ცოტა ხნით ადრე Associated Press-მა ივანკა ტრამპისა და მისი ქმრის, ჯარედ კუშნერის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც აღწერილია, თუ როგორ შეუძლიათ მათ, პირადი სარგებელი ნახონ “შესაძლებლობის ზონის” სახელით ცნობილი ახალი, ხელგაშლილი საგადასახადო შეღავათებიდან, რასაც თავად ქომაგობდნენ მამის/სიმამრის მრჩეველთა რანგში, ეს უკანასკნელი კი, როგორც მოგეხსენებათ, შეერთებული შტატების პრეზიდენტია. ამ უამრავჯერ წაკითხულ სტატიაში, სარგებლისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად კუშნერის ინვესტიცია სახელდება უძრავი ქონების სტარტაპ Cadre-ში; მისი წილი იქ, ბოლო ფედერალური ფინანსური დეკლარაციის მიხედვით, $50 მილიონამდე ღირებულებისაა.

მანჰეტენზე მდებარე Cadre-ის სათავო ოფისიდან წამოსული კოლექტიური ოხვრა ალბათ თეთრ სახელამდეც აღწევს. “მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ პოლიტიკური მხარე გამაღიზიანებელი ან შემაწუხებელი არ არის, – მაქსიმალურად სასხვათაშორისოდ შენიშნავს Cadre-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი რაიან უილიამსი. – არის ხალხი, ვინც ჩვენთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს [კუშნერთან კავშირის გამო] და ეს გასაგებია. მაგრამ კომპანიაში 80-ზე მეტი ინვესტორი გვყავს. ჯარედი მხოლოდ პასიური ინვესტორია, რომელსაც კონტროლის ბერკეტები არ გააჩნია”.

სათქმელს დამაჯერებლობა რომ შესძინოს, უილიამსი ათობით თანამშრომლისკენ მიგვითითებს, რომლებიც სამუშაო მაგიდებთან მიმსხდარან და გულმოდგინედ შრომობენ Cadre-ის ფართოდ გაშლილ საოფისე სივრცეში. ისინი ვებგვერდს ამუშავებენ, სადაც კვალიფიციურ ინვესტორებს შეუძლიათ, დეტალურ ინფორმაციას გაეცნონ საცხოვრებელი და საოფისე ფართების შესახებ, თავისი ვიდეოტურებით, რუკებით, მობინადრეთა სიებითა და მონაცემებით დატვირთული გრძელი ჩანაწერებითურთ. “ეს ერთი ჩვეულებრივი დღეა. ყველა თავის საქმეს აკეთებს, – ამტკიცებს უილიამსი. – ეს ჩვენ ხელს არ გვიშლის”.

და მაინც, უილიამსი პრობლემებითაა გარშემორტყმული. პირდაპირი მნიშვნელობით. მანჰეტენის მოდური უბნის, ნოლიტას ისტორიულ Puck Building-ში განთავსებული ოფისი, რომელსაც ის გვათვალიერებინებს, Kushner Cos.-ს ეკუთვნის, ამ უკანასკნელს კი თეთრ სახლში გადაბარგებამდე თავად ჯარედი მართავდა. Cadre-ის კონცეფცია უილიამსმა ჯარედთან და მის ძმა ჯოშთან ერთად შეიმუშავა და ჩამოაყალიბა. დღევანდელ სტარტაპ-სამყაროში, სადაც ტერმინი “თანადამფუძნებელი” შესაძლოა, ოდნავ მეტს ნიშნავდეს, ვიდრე ყველასათვის ყავის ყიდვაა კომპანიისთვის მნიშვნელოვან პერიოდებში, თავისუფლად შეიძლებოდა, ეს ტიტული რომელიმე კუშნერს აეღო; უილიამსს ისინი იმ სახელით მოუხსენიებია კიდეც. უძრავი ქონების ის მრავალი დიდი მოთამაშე, რომლებიც Cadre-ის დაფინანსების პლატფორმას იყენებენ, კომპანიამ ჯარედის წყალობით შეიძინა; საწყისი საკვანძო ინვესტიცია ჯოშის ვენჩურული ფონდის, Thrive Capital-ის მიერაა განხორციელებული. ჯოში Cadre-ის საბჭოშია… და ორი სართულით ზემოთ მუშაობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უაღრესად რთულია, ბრენდი Cadre-ი ბრენდ კუშნერისგან განაცალკევო.

უამრავს წერენ, თუ როგორ მდიდრდებიან ტრამპის ადმინისტრაციაში. მაგრამ რაიან უილიმსს საპირისპირო პრობლემა აწუხებს. ის ამერიკული ოცნების პერსონიფიკაციაა (მარკ ქიუბანი, Cadre-ის ერთ-ერთი ინვესტორი, რომელსაც ყოველკვირეული ი-მეილ-მიმოწერა აქვს უილიმსთან, მას ასე ახასიათებს: “ჭკვიანი. კონცენტრირებული. სწავლობს და მუშაობს განუწყვეტლივ”). მისი პროდუქტი გამჭვირვალობაზე, ლიკვიდურობასა და უფრო დაბალ ფასებზეა ორიენტირებული: მაუსზე ერთი დაწკაპუნებით, ინვესტორებს შეუძლიათ, უძრავ ქონებებში წილები ყოველგვარი იმ აბსურდული ორმაგი საკომისიოების გარეშე იყიდონ, რომელთაც უძრავ ქონებაში ინვესტიციის ტრადიციული ფირმები იღებენ; ასევე შეუძლიათ, ნაყიდი წილი მეორეული ბაზრის მეშვეობით გაანაღდონ. მიუხედავად ამისა, უილიამსს თავისი სტარტაპი წინ მიჰყავს, პროცესში კი თავის ურთიერთობას თეთრ სახლთან ორტონიანი ღუზასავით მიათრევს.

გასულ აპრილს უილიამსი ტოკიოში მარტო გაფრინდა, რათა Softbank-ის მილიარდერს, მასაიოში სონს შეხვედროდა, რომელსაც სტარტაპების ბაზარი თავისი კონგლომერატის ტანკერებით – საუდის არაბეთის ნავთობდოლარებით სავსე ტანკერებით – მოერწყა. უილიამსს, ჯერჯერობით, $133 მილიონი აქვს Cadre-ისთვის მოზიდული, რომელიც, უახლესი მონაცემებით, $800 მილიონად არის შეფასებული. ტოკიოში, სონის მეფურ სახლში (სახლში სონს გოლფის მინიმოედანიც აქვს) სადილობისას გაირკვა, რომ სონმა ბევრი რამ იცოდა Cadre-ის მოდელის შესახებ და, მეტიც, $500-მილიონიანი ინვესტიციაც შესთავაზა – კაპიტალი, რომელსაც, საქმეში ჩახედული წყაროს თანახმად, Cadre-ის ამჟამინდელი ღირებულების გაორმაგება შეეძლო.

“სადილის შემდეგ მეუბნება, მინდა, აქაურობა დაგათვალიერებინო, ექსკურსია მოგიწყოო, – იხსენებს უილიამსი. – სეირნობისას, პრაქტიკულად, მკითხა, თანახმა ხარ ამგვარი ფასის ხელშეკრულებაზეო?”

“ჩემთვის პატივია და ძალიან ვაფასებ ამ შესაძლებლობას, – იყო უილიამსის პასუხი, – და სიხარულით ვიფიქრებდი თქვენთან პარტნიორობაზე”.

უილიამსმა ტოკიო შეშფოთებულმა დატოვა; იმაზე ფიქრობდა, თუ რა დონეზე მოისურვებდა Softbank-ის Vision Fund-ი კონტროლს, თუმცა ოპტიმისტურადაც იყო განწყობილი და თვლიდა, რომ რამეზე მოილაპარაკებდნენ. Cadre-ი დიდი წარმატების ფაზაში შედიოდა, უილიამსი კი, უკვე $160 მილიონის მფლობელი (Forbes-ის შეფასებით, მისი წილი Cadre-ში სადღაც 20%-ია), სერიოზული გამდიდრების გზაზე იდგა. მაგრამ ერთ თვეში Bloomberg News-მა სტატია გამოაქვეყნა, სადაც ხაზგასმული იყო ჯარედ კუშნერის, Cadre-ის, Softbank-ისა და საუდის არაბეთის ფულის პოტენციურ კავშირის შესახებ. მოლაპარაკებები სონთან მალევე ჩაიშალა.

“ეს ასოციაციებს იწვევს და გამოწვევაა, – ამბობს Cadre-ის საინვესტიციო კომიტეტისა და უძრავი ქონების გიგანტ Vornado Realty-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ ფასიტელი, რომელიც უილიამსს, დიახ, კუშნერებმა გააცნეს. – ჯარედი არაა ჩართული, თუმცა აღქმა არსებობს, რომ ასეა, ეს კი, ძირითადად, ცუდია, იმიტომ რომ ხალხს უნდა, ამ ყველაფრისგან თავის შორს დაიჭიროს”.

უილიამსმა თავმბრუდამხვევი ოდენობის დამფინანსებლები სწორედ ტრამპის ეპოქასთან კავშირების გამო დააგროვა. მარკ ქიუბანის გარდა, რომელიც პრეზიდენტისთვის ბიზნესსამყაროს ყველაზე დიდი ამრევ-დამრევის ფუნქციას ითავსებს, სია მოიცავს პიტერ ტილსაც – ტრამპის ყველაზე დიდ მხარდამჭერს სილიკონის ხეობაში, და ჯორჯ სოროსს – შეთქმულებათა მემარჯვენე თეორეტიკოსების სიმბოლოს. მაგრამ თუ პოლიტიკის წარმმართველსა და პრეზიდენტის ყურში მოჩურჩულეზე მიდგა საქმე, ეს სწორედ ჯარედ კუშნერია, უილიამსის თავის ტკივილების წყაროს რომ წარმოადგენს და უარს რომ ამბობს წილისგან განთავისუფლებაზე, პარალელურად კი ათასგვარ ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, რომელთაც Cadre-ზე გავლენის მოხდენა შეუძლია. “რაიანი ამას გამჭვირვალობითა და კეთილსინდისიერებით უმკლავდება, – ამბობს ფასიტელი, – და იმითაც, რომ საჭიროზე მეტ დროს ხარჯავს, რათა საქმის ვითარება აუხსნას ინვესტორებს, სპონსორებსა და ინსტიტუციებს”.

ეს სტატია პირველი შემთხვევაა, როცა უილიამსი წონასწორობის დამყარების ამ უპრეცედენტო აქტის დეტალებზე საუბრობს (ჯარედ კუშნერმა კომენტარზე უარი გვითხრა. ჯოშ კუშნერმა უწყინარი განცხადება გამოგზავნა ი-მეილით უილიამსისა და Cadre-ის შესახებ). ბოლო ორი წელია, ტრამპი უამრავ ნორმას არღვევს, მათგან მრავალი კონსტიტუციის იმ მუხლს უკავშირდება, რომელიც ფედერალური მთავრობის თავისუფლების შენარჩუნებას ემსახურება უცხოური ფინანსური ინტერესებისგან, და უკავშირდება მის ოჯახსაც, რომელიც კვლავ ფართო დიაპაზონის ბიზნესინტერესებს ფლობს და თან ფედერალურ მთავრობას უდგას სათავეში. 30 წლის რაიან უილიამსი, რომლის ანტრეპრენიორული ისტორია, სხვა მხრივ, მშვენივრად იყოლება, ზრდისკენ მიისწრაფვის, მაგრამ ამ პროცესში იმაზეც უწევს აქტიური მუშაობა, თავადაც რომ არ გახდეს ერთ-ერთი მრავალთაგანი, ვინც ტრამპთან სიახლოვის გამო წარმატებას ვერ მიაღწია.

 

კაპიტალზე მონადირე ბევრი ახალგაზრდა ანტრეპრენიორის მსგავსად, უილიამსმაც იცის, როგორ შეფუთოს და გაყიდოს თავი. აი, მისი “გასაყიდი” ისტორია: ბავშვი ბატონ-რუჟიდან, რომელმაც მოღვაწეობა მატლების დაჭერითა და მათი სატყუარებად გაყიდვით დაიწყო, იქცა ტინეიჯერად, რომელსაც ნაქარგი სამაჯურებისა და თავთასმების უკიდურესად წარმატებულმა ბიზნესმა Goldman Sachs Foundation-ის, NAACP-ისა და National Foundation for Teaching Entrepreneurship-ის ჯილდოები მოუტანა. მერე იყო Harvard-ი, Goldman-ი და Blackstone-ი, და მერე უკვე, Cadre-ის დამსახურებით, Forbes-ის 30 30-წლამდელთა წევრობა.

თუმცა, უილიამსის ბიოგრაფიაში ისეთი დეტალებიცაა, რაზე ლაპარაკიც არ ეხალისება. 6 წლის რომ იყო, მამამისი – არასრული იურიდიული განათლების მქონე კაცი, და დედამისი – სოციალური მუშაკი, ერთმანეთს გაცილდნენ. უილიამსი და მამამისი ნაქირავებ სახლებში ცხოვრობდნენ ქალაქის ჩრდილოეთ მხარეში, რომელიც კარგა ხანია, სეგრეგაციის, კრიმინალისა და მუდმივი სიღარიბის პრობლემებით გამოირჩევა.

“ისეთ საზოგადოებაში იზრდებოდა, სადაც მაღალი იყო ალბათობა, რომ სამი აფრიკელი ამერიკელი კაციდან ერთი სასჯელაღსრულების სისტემაში ამყოფდა თავს, – ამბობს ლუიზიანის მკვიდრი და Cadre-ის ერთ-ერთი ინვესტორის, Ford Foundation-ის პრეზიდენტი, დარენ უოკერი. – ორივეს გვყავდა ნათესავები, რომლებიც ციხეში იყვნენ”.

“რთული იყო”, – სულ ესაა, რასაც უილიამსი ამბობს.

მისთვის გარდამტეხი ეტაპი უფროს კლასებში გადასვლამდე დაიწყო, როცა დედამისმა ოჯახი ნიუ-იორკის გარეუბანში, უფრო შედეგებზე ორიენტირებულ ოსინინგში გადაიყვანა. უილიამსი აქტიურად ჩაება სკოლასა და თავის ანტრეპრენიორულ წამოწყებებში. ყურადღება არ მიაქცია სკოლის კონსულტანტის სიტყვებს, Harvard-ში საბუთების შესატანად ტყუილა ნუ გაირჯებიო, და, სანაცვლოდ, ნიუიორკულ პროგრამაში ჩაერთო, რომელიც პოტენციალის მქონე გაჭირვებულ ბავშვებს მენტორობას უწევს. Harvard-ში უილიამსმა ეკონომიკა ისწავლა.

თუმცა მისი რეალური მთავარი საგანი კონტაქტების დამყარება იყო. “უშიშრად შეუძლია კავშირების ძიება და მათზე გასვლა, – ამბობს Citigroup-ის ვიცე-თავმჯდომარე და Wall Street-ის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული აფრიკელი ამერიკელი, რეიმონ მაკგუაერი. უილიამსმა მაკგუაერს Veritas Financial Group-ის ერთ-ერთ პირველ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლა სთხოვა – მის მიერ ორგანიზებული ჯგუფისა, რომელიც ბაკალავრი სტუდენტებისა და Harvard Business School-ის პროფესორების ერთმანეთთან დაკავშირებას ისახავდა მიზნად. “სულ ვფიქრობდი, – ამბობს უილიამსი, – რომ ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება, მომხდარიყო, ხალხის უარი იქნებოდა”. მაგრამ, როგორც წესი, ისინი თანახმანი იყვნენ: Veritas Financial Group-ი დღეს Harvard-ის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სტუდენტური ჯგუფია.

“აუტსაიდერად ყოფნამ შეიძლება, ძალა გამოგაცალოს, – ამბობს უილიამსი, – ან შეიძლება, კარგად გაერკვე ვითარებაში და ხალხის მოლოდინი შეცვალო”.

ჰარვარდში იყო, უილიამსმა მასზე ორი წლით უფროსი ჯოშ კუშნერი რომ გაიცნო. უილიამსმა მესამე კურსი რომ დაამთავრა, ბიჭები მაშინ დაახლოვდნენ. იმ წლის ზაფხულს ის ინტერნად მუშაობდა NBA-ის გუნდის გაყიდვაზე, Goldman Sachs-ში, სადაც ჯოში უკვე დასაქმებულიყო (ეს ჯოშის პირველი სამსახური გახლდათ). მეოთხე კურსზე ჯოშის მამა, ჩარლი კუშნერი, Philadelphia 76ers-ის ყიდვას ლამობდა, ჰოდა, საქმეში უილიამსი ჩართო. კუშნერებმა გუნდი ვერ იყიდეს, სამაგიეროდ, მათი გული უილიამსმა მოიგო.

“ამის მერე ჩარლისა და ჯოშს ხშირად მოვიკითხავდი”, – ამბობს უილიამსი.

დაახლოებით ამავე პერიოდში უილიამსმა თავი უძრავ ქონებაში მოსინჯა. ფინანსური კრიზისის პიკში, 2009 წელს, ის ატლანტაში ჩავიდა და ნახა, რომ $240,000-ად შეფასებული სახლები სულ რაღაც $60,000-ად იყიდებოდა აუქციონზე. ატლანტაში გაზრდილ ჯგუფელთან დაიწყო პარტნიორობა და ეს უძრავი ქონება Harvard-ის სხვა სტუდენტებისა და მათი მშობლებისგან მოზიდული ფულით იყიდა. მშობელთა რიცხვში ჩარლი კუშნერიც იყო, რომელიც ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორად იქცა.

2010-ში, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, უილიამსი Goldman-ს შეუერთდა, – ტექნოლოგიური ინვესტიციების საბანკო ჯგუფში, ანალიტიკოსად. ორი წლის მერე უძრავი ქონების მსოფლიოში უმსხვილეს საინვესტიციო ფირმა Blackstone-ში გადაინაცვლა, რათა სასტუმროებისა და ბინების ხელშეკრულებებზე ემუშავა. მთელ ამ პროცესში უილიამსმა კონტაქტები შეიძინა და ყურის დაგდება ისწავლა. აი, ერთი რამ, რაც გაიგო: Blackstone-ის ინვესტორები ბუზღუნებდნენ – არ იცოდნენ, უძრავი ქონების რომელ ინდივიდუალურ გარიგებაზე გაეკეთებინათ არჩევანი და, ნაღდი ფულის საჭიროების შემთხვევაში, არ შეეძლოთ თავიანთი ჰოლდინგების გაყიდვა. უილიამსმა ცხადად შენიშნა, რომ უძრავი ქონების ინვესტირებაში მაღალ საკომისიოებს ფართოდ მოეკიდებინა ფეხი.

ამასობაში, 2012 წელს, კონგრესმა ე.წ. შრომითი კანონი მიიღო, რომელიც, სხვა რამეებთან ერთად, ონლაინპორტალებს უძრავი ქონების ქრაუდფანდინგის უფლებას აძლევდა. “ვგრძნობდი, რომ უძრავი ქონებისა და ტექნოლოგიის გადაკვეთის წერტილზე მასიური შესაძლებლობა იქმნებოდა, – ამბობს უილიამსი. – შევადგინე რვა-ცხრა ადამიანის სია, რომლებთანაც ლაპარაკი მინდოდა, სიის სათავეში კი კუშნერები იყვნენ მოქცეულნი”.

ჯარედი უკვე განიხილავდა ფულის ონლაინ მოზიდვის იდეას Kushner Cos.-ის გარიგებებისთვის. მაგრამ უილიამსს უფრო დიდი ამბიცია ჰქონდა: ისეთი ციფრული სინდიკაციური სისტემის შექმნა სურდა, რომელთაც უძრავი ქონების მთელი რიგი ოპერატორები გამოიყენებდნენ. “სჯეროდა, რომ ამ საქმის კეთების უკეთესი გზა არსებობდა, – აღნიშნა ჯოშ კუშნერმა ი-მეილში. – უკეთესი გზა წვდომის უზრუნველსაყოფად. უკეთესი გზა გამჭვირვალობისა და ლიკვიდურობის უზრუნველსაყოფად”.

პარტნიორობას საფუძველი ჩაეყარა. უილიამსი Cadre-ის აღმასრულებელი დირექტორი იქნებოდა და მისთვის ბროკერ-დილერის ლიცენზიას მოიპოვებდა. ჯარედის მიერ მართული Kushner Cos.-ი Cadre-ის პლატფორმაზე პირველ ხელშეკრულებებს დადებდა გასაყიდად. ჯოშ კუშნერის Thrive Capital-ი უილიამსს ტექნოლოგიური ტალანტის დაქირავებაში დაეხმარებოდა და მას ვენჩურ-კაპიტალთანაც დააკავშირებდა. ორივე ძმა Cadre-ში ფულს დააბანდებდა და უილიამსს მდიდარ ინვესტორებსა და უძრავი ქონების სხვა ოპერატორებს გააცნობდა.

Blackstone-იდან წამოსვლა “რთული გადაწყვეტილება იყო, რადგან ამდენი ფული ცხოვრებაში არასდროს მიკეთებია… Blackstone-ში დარჩენა ყველაზე პირდაპირი გზა იყო მილიონერობამდე, – ამბობს უილიამსი. – შემეძლო, უბრალოდ ყოველდღე მივსულიყავი სამსახურში და ბეჯითად მემუშავა, მაგრამ მე სხვაგვარ რისკზე წავედი”. თუმცა, კუშნერების სახით, მას გარკვეული გარანტიები ჰქონდა.

Cadre-ის პირველი ოფისი Kushner Cos.-ის მანჰეტენის სათავო ოფისში იყო განთავსებული, ხოლო მისი პირველი ორი გარიგება იმ უძრავ ქონებას მოიცავდა, რომელთაც კუშნერები ამუშავებდნენ: $55 მილიონად შესყიდული ოთხი საცხოვრებელი შენობა ქუინსში და $100 მილიონად შეფასებული საკუთარი სახლების კომპლექსი ჩეტჰემში (ნიუ-ჯერსიში). ამან უილიამსს საშუალება მისცა, დაემტკიცებინა, რომ უძრავი ქონების დაფინანსება ვებზე შესაძლებელი იყო, და იმის საშუალებაც მისცა, რომ $18.5 მილიონი მოეზიდა პირველ ვენჩურულ რაუნდზე, 2015 წლის მარტში, თანაც იმგვარი ცისფერკოჭა ინვესტორებისგან, როგორიც ტილის Founders Fund-ი, ბოსტონური General Catalyst-ი და ვინოდ ხოსლას Khosla Ventures-ია… ჰო, და კიდევ – ჯოშის Thrive Capital-ი.

“ჯარედის წვლილი თავიდან კრიტიკული მნიშვნელობის იყო, – ამბობს უილიამსი. – ასეთი სწრაფი ტემპებით ვერ ვივლიდით, რომ არა მისი დახმარება და თანადგომა. მე სხვა ოპერატორები არ მყავდა, ვისაც ამ მოდელის სჯეროდა”.

ნელ-ნელა სხვა მოთამაშეებიც გამოჩნდნენ. Cadre-ს უკვე უძრავი ქონების 17 ოპერატორთან უთანაშრომლია, რომელთაც ინვესტორთა ახალი წყება მოიზიდეს, ამ უკანასკნელთ კი, თავის მხრივ, მარტივი ინტერფეისი და საკომისიოს მომხიბლავი სტრუქტურა იზიდავთ. Cadre-ი 1%-ს წინასწარ იღებს, პლუს წლიურ 1.5%-ს სააქციო ღირებულებაზე, რომელსაც ის მეთვალყურეობს და, ასევე, უძრავი ქონების ე.წ. ოპერაციულ პარტნიორთა მფლობელობაში არსებული მოგების 15%-იანი წილის მცირედ ულუფასაც ითხოვს. მაგრამ უძრავი ქონების არაერთი ტრადიციული საინვესტიციო მენეჯერისგან განსხვავებით, Cadre-ი, “ეფექტიანობის” საფასურის სახით, მოგებათა დამატებით 20%-ს არ ითხოვს.

2015-ში უილიამსმა ერთობ მნიშვნელოვანი კონტაქტი გაჩარხა Soros Fund Management-თან – ჯორჯ სოროსის საინვესტიციო ორგანიზაციასთან (რითაც მემარჯვენეთა საყვარელი ავსული და მემარცხენეთა საყვარელი ავსული პარტნიორებად აქცია). სოროსმა Cadre-ში სააქციო წილი აიღო და $250-მილიონიანი ფინანსური თანადგომა უზრუნველყო: თუ უძრავი ქონების ოპერატორი მზად იქნება, Cadre-თან ერთად პროექტი განახორციელოს, და უილიამსი მის დასაფინანსებლად ვერ მოიზიდავს საკმარის სააქციო კაპიტალს ონლაინ, მაშინ საქმეში სოროსი ჩაერთვება.

ჯერჯერობით, უილიამსს ამ თანადგომის გამოყენება არ დასჭირვებია, იმიტომ რომ ყოველი ტრანზაქცია Cadre-ის ვეტერანი ინვესტორებისგან არის ნაკურთხი. “უილიამსი კარგადაა გათვითცნობიერებული ინვესტიციის განკარგვის საკითხებში და დაამტკიცა, რომ ამაზე რეალურად ჰქონდა ნაფიქრი და პრობლემის მოგვარების გზებიც შეიმუშავა”, – ამბობს BlackRock-ისა და Blackstone-ის ყოფილი თანამშრომელი მეთიუ ბოტეინი, რომელსაც პირადად აქვს Cadre-ში კაპიტალი დაბანდებული.

მოკლედ, უილიამსმა საკმაოდ სწრაფად შეძლო Cadre-ის, როგორც სერიოზული სტარტაპის, პოზიციონირება. თუმცა ეს ყველაფერი 2016 წლის ნოემბრამდე ხდებოდა.

ჯოშ კუშნერს, რომელიც ამბობს, რომ ტრამპისთვის ხმა არ მიუცია, Forbes-ისთვის ნაამბობი აქვს, როგორი იყო მისთვის 2016 წლის არჩევნების ღამე: კალიფორნიისკენ მიმავალს, შუა ჰაერში, გაუცნობიერებია, რომ უამრავი უნდა ემუშავა თანამშრომელთა დასაწყნარებლად. მომდევნო კვირას 100 მათგანს შეხვდა და დაამშვიდა – თეთრ სახლში მყოფი ჯარედ კუშნერი ჩვენს გემს არ ჩაძირავსო.

უილიამსმა, რომელიც დიპლომატიურად უარს ამბობს, გაგვიმხილოს, ვის მისცა ხმა, Cadre-ის ოფისში არჩევნების შედეგების ყურებისას, იგივე სტრატეგია აირჩია, რაც მისმა საბჭოს წევრმა. მომდევნო დილას თანამშრომელთა დიდი შეკრება დანიშნა. “ჩემი გზავნილი ის იყო, რომ ჩვენ ფუნდამენტური ღირებულებები გვაქვს და სულერთია, სულ ერთია, რა ხდება ვაშინგტონში, და რომ მე გამჭვირვალე ვიქნები ჯარედის გეგმებისა და როლის შესახებ”, – ამბობს უილიამსი. მომდევნო დღე-ნახევრისთვის დანიშნული ყველა შეხვედრა ჩაშალა და დაახლოებით 25 თანამშრომელთან პირისპირ საუბრებს შეუდგა, რომელთაგან მრავალი პირადად გადმოეყვანა Goldman-იდან და სხვა სტაბილური სამსახურებიდან. “ვერ წარმოგიდგენია, რომ აღმასრულებელ დირექტორს ფსიქოლოგიის დირექტორად მოგიწევს მუშაობა”, – ამბობს უილიამსი.

ასე იყო თუ ისე, გრძნობდა, რომ რაღაცებზე თვალს ხუჭავდა. “მივხვდი, რომ სიტუაცია შეიცვლებოდა, – ამბობს ის. – მაგრამ ამ დონის სკრუპულოზურობას ნამდვილად არ ველოდი”.

როცა ნათელი გახდა, რომ ჯარედ კუშნერს თეთრი სახლისკენ აეღო გეზი, უილიამსი მას დაუკავშირდა და შესთავაზა, Cadre-ის დირექტორთა საბჭოდან წასულიყო და უარი ეთქვა თავისი სააქციო კაპიტალის მნიშვნელოვან ულუფაზე. ეს, როგორც უილიამსი განმარტავს, იქნებოდა განაცხადი, რომ კუშნერი, პოპულარული მოლოდინის წინააღმდეგ, ვეღარ შეძლებდა Cadre-ისთვის რჩევების მიცემას. მაგრამ ჯარედი მაინც ინარჩუნებდა Cadre-ში 3%-დან 6%-მდე წილს, როგორც მისი ბოლო ფედერალური ფინანსური დეკლარაცია მოწმობს.

ჯარედ კუშნერის გადაწყვეტილება, Cadre-ში წილი შეენარჩუნებინა, პრობლემებს ყველა ვარიანტში შექმნიდა, მაგრამ სტარტაპის მოქცევა გამადიდებელი შუშის ქვეშ იმან გამოიწვია, რომ პირველ ფედერალურ ფინანსურ დეკლარაციაში მას წილის შესახებ ინფორმაცია არ შეუტანია (რაც, როგორც თავად ამბობს, უნებურად მოუვიდა). მნიშვნელოვან შეხვედრებზე, უილიამსს განუწყვეტლივ უწევდა კუშნერთან ურთიერთობის შესახებ განმარტებების გაკეთება, მაგალითად, 2017-ში, როცა Andreessen Horowitz-ის თაოსნობით $86 მილიონის მოზიდვას ცდილობდა ვენჩურულ რაუნდზე.

უხერხულობები დღემდე გრძელდება. გასულ წელს Associated Press-ი იუწყებოდა, რომ Kushner Cos.-მა ნიუ-იორკის ოფიციოზთან ყალბი დოკუმენტები წარმოადგინა, სადაც აცხადებდა, რომ 2015-ში, სამშენებლო ნებართვების გამოთხოვნისას, ქუინსის იმ ბინებში, რომლებიც Cadre-ზე იყო გასაყიდად გამოტანილი, საიჯარო რეგულაციებს დაქვემდებარებული მობინადრეები არ ცხოვრობდნენ. შემდეგ უკვე Bloomberg News-მა ივარაუდა, რომ გაუმჯობესებელი ბინების გადაყიდვა 2017-ში (რაც, ჯერჯერობით, აქციათა განაღდების ერთადერთ პრეცედენტს წარმოადგენს Cadre-ის პლატფორმაზე), სათანადო დეკლარაციის პირობებში, შესაძლოა, ნაკლებსარფიანი ყოფილიყო. Cadre-მა განაცხადა, რომ ამ საკითხზე არაფერი იცოდა და რომ ადმინისტრაციული დოკუმენტები მისი ოპერაციული პარტნიორების პასუხისმგებლობას წარმოადგენდა – ამ შემთხვევაში, Kushner Cos.-ის პასუხისმგებლობას, რომელმაც თქვა, რომ მისი დოკუმენტები მესამე მხარეთა მიერ იყო შედგენილი.

უილიამსი Kushner Cos.-ისგან თავს იცალკევებს და ამტკიცებს, რომ ნიუ-იორკის ბაზარზე მისი კომპანიის აქციათა ფასი ახლა ეცემა. 2015 წლის იმ ორი საწყისი ტრანზაქციის გარდა, პოპულარული ეჭვები რომ დაადასტურა, Cadre-ს Kushner Cos.-თან ერთად აქტივები აღარ უყიდია.

სულ ერთია, რამდენი ახალი ხელშეკრულება დაიდება, უილიამსის უნარს, ხმაური ჩააწყნაროს, საზღვარი აქვს… მანამდე, სანამ ჯარედ კუშნერი თავის წილს ინარჩუნებს. ასე, მაგალითად, Cadre-მა, ამას წინათ, თეთრი სახლის მიერ ამოქმედებული საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის მიზნით, საინვესტიციო პროგრამა ჩაუშვა. მაგრამ თავის ტკივილები მატულობს: 4 იანვარს, ვაშინგტონში, ჯგუფმა, სახელად Citizens for Responsibility & Ethics, ოფიციალური თხოვნით მიმართა იუსტიციის დეპარტამენტს, ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული ფედერალური კანონების შესაძლო დარღვევის გამო, ამ ახალ საგადასახადო შეღავათებში ივანკა ტრამპის როლი გამოეძიებინა. ჯგუფი აღნიშნავდა, რომ ფინანსურ დეკლარაციებში ივანკა ტრამპს პირობა დაედო, რომ საკუთარ თავს დაიცავდა იმ პრობლემებისგან, რასაც თავისი ქმრის პოზიციის გამო, “პირდაპირი და პროგნოზირებადი ეფექტი შეიძლება, ჰქონდეს Cadre-ზე”. კიდევ ერთი ჰედლაინი და უილიამსი უკვე იძულებული გახდა, თანამშრომლებისთვის ი-მეილი გაეგზავნა და შეეხსენებინა, რომ ფუჭად არ გაეფანტათ ყურადღება.

 

ასეა თუ ისე, CADRE-ი მაინც განაგრძობს წინსვლას. ამ მომენტისთვის უილიამსის პლატფორმას, სააქციო კაპიტალის სახით, $500 მილიონზე მეტი აქვს მოზიდული, ნიუ-იორკიდან სან-დიეგომდე, 22 სხვადასხვა ხელშეკრულების მეშვეობით, $2 მილიარდის ტოლფასი უძრავი ქონების შესყიდვა რომ დააფინანსოს. კი, ეს პაწაწინა წვეთია აშშ-ის კომერციული უძრავი ქონების $14-ტრილიონიან ზღვაში, მაგრამ საკმარისი გახლავთ იმისთვის, რომ მყარი არგუმენტი შესძინოს ხარისხიანი კომერციული უძრავი ქონების ონლაინ სინდიკაციის იდეას. ახალი გარიგებები ახლა კვირებში იდება. Cadre-ი იმგვარ წლიურ უკუგებებს უმიზნებს, ახალბედა, მაქსიმუმ, შუახნის, ტინეიჯერს რომ შეეფერება; მისმა ერთადერთმა რეალიზებულმა ხელშეკრულებამ უკუგების 16%-იანი შიდა მაჩვენებელი დაწერა.

ოქტომბერში Cadre-მა საინვესტიციო პორტფოლიოს ისეთი პროდუქტი გამოუშვა, რომელიც კლიენტებს საშუალებას აძლევს, ათ პროექტზე, თითო გარიგებაში სულ რაღაც $25,000 გაიღონ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სულ რაღაც მეოთხედი მილიონი დოლარით შეუძლიათ, კომერციული უძრავი ქონების დივერსიფიცირებული პორტფოლიო მიიღონ, თანაც, აქტივთა შემოწმებაზე როცა მიდგება საქმე, ყოველგვარი მძიმე სამუშაოსგან განთავისუფლებულები იქნებიან. Goldman Sachs-მა თავისი მდიდარი კერძო კლიენტებისგან $250 მილიონი გადაიხადა ამ პორტფოლიოებისთვის.

ამავე დროს, უილიამსის მეორეული ბაზარიც, როგორც იქნა, ჩაეშვა და Cadre-ის კლიენტებს საშუალება ეძლევათ, გაყიდონ თავიანთი წილები უძრავი ქონების აქტივებში – ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით. ეს მცდელობაა, წერტილი დაესვას უძრავი ქონების ინდივიდუალური ტრანზაქციების თანმხლებ მინუსებს, ანუ, როცა ყიდვის შედეგად, ფაქტობრივად, გზა უკან აღარ გაქვს. ჯერჯერობით, 40 მეორეულ ვაჭრობას ჰქონდა ადგილი – უკანასკნელი ღირებულების 3%-იან პრემიუმზე, საშუალოდ. მყიდველებიცა და გამყიდველებიც (ცალ-ცალკე) Cadre-ს 1.5%-ის ტოლფას საკომოსიოს უხდიან. ამ ეტაპზე მხოლოდ Cadre-ის წილების გადაყიდვაა შესაძლებელი, მაგრამ უილიამსი იღვწის, რომ Cadre-ი ყოველგვარი უძრავი ქონების StubHub-ად აქციოს. “აი, ასე გარდავიქმნებით ციფრული მენეჯერიდან კურირებულ ბაზრობად”, – ამბობს უილიამსი. თუმცა ამ მომენტისთვის მისი ყველაზე დიდი გამოწვევა საკმარისი ოდენობის კარგი ინვენტარის მოპოვებაა, ვინაიდან უძრავი ქონების წამყვან დეველოპერებს ფულის მოსაზიდად ვებგვერდები არ სჭირდებათ. იქნებ, კუშნერთან კავშირებმა დააფრთხო ზოგი? “ყველაზე დიდი გავლენა ამ ხმაურს ალბათ ისეთ სფეროებში აქვს, მე რომ არ ვიცი”, – გახლავთ უილიამსის პასუხი.

ეს Cadre-თან დაკავშირებულ ყველაზე დიდ კითხვას აჩენს. რატომ არ თქვა ჯარედ კუშნერმა თავის წილზე უარი და რატომ არ დაზოგა თავისი პროტეჟე (და თავისი ძმა) ამ შეშლილი ალიაქოთისგან? მით უფრო, რომ საგადასახადო კანონის პირობები ზუსტად ასეთ ტრანზაქციებს აიოლებს და კუშნერს საშუალებას აძლევს, გაყიდოს Cadre-ში თავისი წილი და გადაავადოს მოგების გადასახადების გადახდა.

შესაძლოა იმიტომ, რომ ცუდი როლური მოდელები ჰყავს. მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი სამსახურის სანაცვლოდ აქტივებისგან არგანთავისუფლებით, მილიარდერი პრეზიდენტი მკაფიო უპატივცემულობას იჩენს ინტერესთა კონფლიქტის ყოველგვარი ნორმის მიმართ, რაც ისეთ წვრილმანებზეც კი დადის, როგორიც მის ვაშინგტონის სასტუმროსა და კლუბ Mar-a-Lago-ში (ფლორიდა) ლობისტებისა და ბობოლების მიერ ფულის ხარჯვაა. თითქმის მილიარდერმა ვაჭრობის მინისტრმა უილბურ როსმა მოიტყუა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ ბრალდებებში გაჰყო თავი და ფედერალური მთავრობის ეთიკის მთავარი ოფიცრისგან საყვედური მიიღო. მაგნატმა კარლ იკანმა პრეზიდენტის საგანგებო მრჩევლის თანამდებობა მიიღო მაშინ, როცა თავისი მასიური საინვესტიციო ფირმის მმართველადაც რჩებოდა. და ა.შ.

ან კი, შესაძლოა, ეგო იყოს მიზეზი. კუშნერი უდავოდ დაეხმარა Cadre-ს ფეხზე დადგომაში. შესაძლოა, ძალიან რთულია, უყურო, როგორც ხდება Cadre-ი ე.წ. ზღაპრული მარტორქა და არ იყო მისი ნაწილი. თუ ასეა, ის პირველი თანადამფუძნებელი არ გახლავთ, ვისაც ურჩევნია, შემქმნელმა დამფუძნებელმა მასთან ერთად მოიპოვოს წარმატება და არა მის გარეშე. შესაძლებელია ისიც, რომ თეთრი სახლის ბუშტში მყოფი, ბოლომდე ვერ ხედავდეს იმ პრობლემებს, რომლებიც მაშინ იჩენს თავს, როცა ადამიანი, რომელსაც ეროვნული პოლიტიკის შექმნაში შეაქვს წვლილი, მის მიერვე მიღებული სამთავრობო გადაწყვეტილებებით იწყებს სარგებლის მიღებას.

შეიძლება, ასევე, ფულში ვეძიოთ მიზეზები. ასეა თუ ისე, სანამ უილიამსი საკითხს პირდაპირ არ დასვამს, ხელ-ფეხი შეკრული ექნება: “არავითარი რეალური მექანიზმი არ გვაქს, თუ კრიმინალი ან უხეში დარღვევა არ გამოიკვეთება. მართლა ვერავის დავაძალებ თავისი სააქციო კაპიტალის გაყიდვას”.

რაც შეეხება პოლიტიკურ ხმაურს, “ვცდილობ, პირადად არ მივიღო, – ამბობს უილიამსი. – მაგრამ ადამიანი ვარ. და ვფიქრობ, გუნდი თავად გეტყვის, როცა ხანდახან რაღაც არ მოსწონს”. მედია და დანარჩენი ქვეყანა, შესაძლოა, შეპყრობილი იყოს ტრამპით, მაგრამ “მე Cadre-ით ვცხოვრობ, ვსუნთქვავ და ვჭამ”, – დასძენს ის.