თეგეტა მოტორსმა თიბისი კაპიტალის დახმარებით ₾30 მილიონის ობლიგაციების ემისია განახორციელა

თეგეტა მოტორსმა თიბისი კაპიტალის დახმარებით ₾30 მილიონის ობლიგაციების ემისია განახორციელა

საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში წამყვანმა კომპანიამ შპს “თეგეტა მოტორსმა” 30,000,000 ლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა, რაც 2019 წელს ლარის კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ყველაზე მსხვილი ტრანზაქციაა.

ობლიგაციების განთავსება საჯარო ემისიის გზით განხორციელდა, ეს კი “თეგეტა მოტორსის” მიერ გამოშვებული პირველი ობლიგაციაა. ობლიგაციებში ინვესტირება რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა განახორციელეს, ობლიგაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა შეიძინა და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს დალისტულ ლარის ობლიგაციებში EBRD-ის რიგით მესამე ინვესტიციაა. ობლიგაციების ემისია თიბისი ბანკის შვილობილმა საბროკერო კომპანია “თიბისი კაპიტალმა” უზრუნველყო.

“თეგეტასთვის მთავარი ამოცანა ახლაც და პრინციპში შექმნის დღიდან იყო დიდი პოტენციალის მქონე პროექტების განხორციელება ანუ იმ მასშტაბური მიზნების რეალიზება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. განვითარების მაღალი ტემპისთვის ცხადია გვჭირდებოდა ფინანსური რესურსები. თუ დღემდე კომპანია ამ ამოცანის შესრულებას პირობითად საბანკო კრედიტის დახმარებით ახერხებდა და დაფინანსებითვის მთავარი ინსტრუმენტი საბანკო კრედიტი იყო, დღეს კომპანიის განვითარებისთვის აუცილებელი რესურსები მოვიზიდეთ ღია ბაზარზე ანუ გავხდით ემიტენტი. რაც მთავარია დადასტურდა, რომ “თეგეტა მოტორსს” საინვესტიციო საზოგადოება ენდობა, ენდობა როგორც ჩვენს წარსულს , ისე აწმყოსა და მომავალს. ნებისმიერი ბიზნესის განვითარებაში ძალიან მნიშნელოვანია ის ეტაპი, როდესაც ის ხდება საჯარო. საჯარო ნიშნავს, რომ ჩვენ საჯარო, გამჭვირვალე, კანონმორჩილი და ღია ბიზნესი ვართ. სწორედ ეს გახლავთ ის ღირებულებები და ფასეულობები, რასაც “თეგეტა მოტორსი” ეყრდნობა. ჩვენი მიზანია, რომ არამხოლოდ ქვეყანაში, არამედ რეგიონში ვიყოთ ლიდერი მოთამაშე” – განაცხადა “თეგეტა მოტორსის” გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა.

ობლიგაციები, რომელთა საერთო ძირი თანხა 30,000,000 ლარს ეადგენს, ხოლო დარიცხული პროცენტი – 425 საბაზისო პუნქტი (სპრედი) დამატებული საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთზე. ფასიანი ქაღალდები “თეგეტა მოტორსმა” 2019 წლის 30 აპრილს, 1,000 ლარი ნომინალური ღირებულების ობლიგაციებად გამოუშვა. ობლიგაციების დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე ლისტინგში 2019 წლის მაისში იგეგმება, მათი გამოსყიდვა კი 2022 წლის 30 აპრილს მოხდება, მათი ძირი ღირებულებით.

“ეს გახლავთ ყველაზე მეტად დივერსიფიცირებული ობლიგაცია ინვესტორების რაოდენობის თვალსაზრისით. ალბათ მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ “თეგეტა მოტორსის” განვითარების ისტორია 20 წელზე მეტს ითვლის და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიას ზრდის ძალიან დიდი ტემპი ჰქონდა. ამ ზრდას სჭირდებოდა დაფინანსება. კომპანია პირველ ეტაპზე “თიბისი ბანკის” მიერ ფინანსდებოდა, შემდგომ “თიბისი ბანკისა” და EBRD-ის მიერ, ძირითადად საბანკო სესხის პროდუქტით. ბონდის გამოშვებაში განსაკუთრებული ის არის, რომ გამოვიდა ახალი ტიპის ინსტრუმენტი, რომელიც ნაწილობრივ ჩაანაცვლებს საბანკო პროდუქტს. მას ორი ძირითადი თვისება აქვს, ერთი, რომ მის შემთხვევაში არ ხდება ძირის მომსახურების დაფარვა და კომპანია მხოლოდ პროცენტს იხდის, შესაბამისად მისი ფულადი ნაკადები მეტად არის მიმართული განვითარებისკენ და მეორე – თვითონ აღნიშნულ ბონდში არის 10-ზე მეტი ინვესტორი, აქ თავმოყრილია რამდენიმე ქართული ბანკი, საქართველოში მოღვაწე სადაზღვევო კომპანიები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები” – განაცხადა “თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილემ გოგა თხელიძემ.  

“თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილე დარწმუნებულია, რომ სამი წლის შემდეგ მაშინ, როცა ობლიგაციების გამოსყიდვა უნდა მოხდეს, “თეგეტა მოტორსს” ალბათ ორჯერ მეტი ბონდის გამოშვების საჭიროება ექნება. გამომდინარე იქედან, რომ მთლიან დაკრედიტებაში ობლიგაციების ბაზრის წილი ძალიან პატარაა, თხელიძის განმარტებით მნიშვნელოვანია, “თიბისი ბანკმა” რაც შეიძლება მეტ კომპანიას შეუწყოს ხელი, რომ მეტი საჯარო კომპანია გაჩნდეს კაპიტალის ბაზარზე. “თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილის მიერ ისიც აღინიშნა, რომ “თიბისი კაპიტალი” 2019 წელს მინიმუმ 6-7 ახალი ემისიის გამოშვებას გეგმავს საქართველოში მოღვაწე წამყვან კომპანიებთან ერთად, შედეგად კი საქართველოში მიმდინარე წელს რამდენიმე ასეული მილიონის ობლიგაცია გამოვა”.

“თეგეტა მოტორსი” ავტოინდუსტრიის სფეროში მოღვაწე პირველი კომპანიაა კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიისგან BB- რეიტინგის მიღება შეძლო. საქართველოში აღნიშნულ რეიტინგს სულ რამდენიმე კომპანია ფლობს, ხოლო საავტომობილო სფეროსთვის ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა მთელს რეგიონში. 2019 წლის მარტში, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings GmbH-მა კომპანიას BB- საკრედიტო რეიტინგი მიანიჭა, სტაბილური პერსპექტივით.

“თეგეტა მოტორსისა” და “თიბისი ბანკის” წარმომადგენლების მიერ ითქვა, რომ ობლიგაციებიდან მოზიდულ სახსრებს “თეგეტა მოტორსი” არსებული საბანკო სესხების რეფინანსირებისთვის მიმართავს, რის შედეგადაც ვალდებულებების ვადიანობის გახანგრძლივებას შეძლებს ისევე, როგორც დაფინანსების სტრუქტურის დივერსიფიცირებასა და კაპიტალის ბაზრებზე წვდომას.