სარეზერვო ფონდიდან უმეტეს შემთხვევაში ისეთი ღონისძიებები ფინანსდება, რომლებსაც სისტემური ხასიათი აქვს.
მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით 50 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა. წლის ბოლოს ბიუჯეტის კანონში შეტანილი ცვლილების შედეგად, ფონდის მოცულობა 60 მლნ ლარამდე (20%-ით) გაიზარდა. საბოლოოდ, წლის მანძილზე ფონდიდან დახარჯული თანხების ფაქტობრივმა ოდენობამ 61.5 მლნ ლარი შეადგინა და 23%-ით გადააჭარბა თავდაპირველ გეგმას.
მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების უდიდესი წილი იუსტიციის სამინისტროსა (19.6 მლნ ლარი) და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე (12 მლნ ლარი) მოდის.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, “საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად”. თუმცა, აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ უმეტეს შემთხვევაში ადგილი აქვს სახსრების მიმართვას ისეთი გადასახდელების დასაფინანსებლად, რომლებიც სისტემატურ ხასიათს ატარებენ და სათანადოდ დაგეგმვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მათი გათვალისწინება შესაბამისი მხარჯავი დაწესებულებების ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე.
ასე მაგალითად, სარეზერვო ფონდიდან ყოველწლიურად გამოიყოფა თანხა 26 მაისის ღონისძიებების მოსაწყობად. ამ მიზნით 2018 წელს 3 მლნ ლარზე მეტი გამოიყო, 2017 წელს მილიონ ლარზე მეტი, 2016 წელს 1.5 მლნ ლარი, ხოლო 2015 წელს კი 1.48 მლნ ლარი.
წლებია სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება ბათუმში კონფერენციის – “საქართველოს ევროპული გზა” ორგანიზება. გასულ წელს კონფერენცია 200 000 ლარით, 2017 წელს 250 000 ლარით, 2016 წელს 255 000 ლარით, ხოლო 2015 წელს კი 177 400 ლარით დაფინანსდა,
სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება არაქართულენოვანი გაზეთების “ვრასტანისა” და “გურჯისტანის” ფუნქციონირება. კერძოდ, ამ მიზნით 2018 და 2017 წლებში 120 000-120 000 ლარი გამოიყო, 2016 წელს 60 000 ლარი, 2015-ში კი ასევე 120 000 ლარი.
სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა თანხა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ელექტროენერგიის სუბსიდირებისთვის – 2018 წელს ამ მიზნით 1.5 მლნ ლარი, 2017 წელს 2.7 მლნ ლარი, 2016 წელს 3.8 მლნ, ხოლო 2015 წელს კი 1.1 მლნ ლარი გამოიყო.