დანიური LEGO ამერიკის შტატ ვირჯინიაში ნახშირბადნეიტრალური ქარხნის აშენებას გეგმავს, რომლისთვისაც $1 მილიარდს გამოყოფს, – სიახლის შესახებ Reuters-ი წერს. ეს დანიური გიგანტის რიგით მეშვიდე ქარხანა იქნება მსოფლიოში. საინტერესოა, რომ მზის ენერგიით მომარაგებული ნახშირბადნეიტრალური ქარხნის აშენება LEGO-მ შარშანაც გადაწყვიტა, – ვიეტნამში განსახორციელებელი პროექტის ინვესტიცია $1 მილიარდს აღემატება და მისი დასრულება 2024 წელს იგეგმება.
„ჩვენი სტრატეგია მთავარ ბაზრებთან ახლოს ყოფნის თაობაზე სულ ახლახან დამტკიცდა“, – განაცხადა LEGO-ს ოპერაციულმა დირექტორმა, კარსტენ რასმუსენმა Reuters-თან საუბრისას. ათწლიანი სტრატეგია, რომელზეც რასმუსენი საუბრობს, კომპანიის საწარმოების მთავარ ბაზრებთან სიახლოვეს განთავსებას ითვალისწინებს – ამგვარი მიდგომით, კომპანიას გლობალური მიწოდების ჯაჭვებში არსებული პრობლემების არიდება სურს.
„პროგნოზირება იმისა, თუ რის შეძენას გადაწყვეტენ ბავშვები და უფროსები დაბადების დღისთვის ან საშობაოდ – შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, სწრაფი რეაგირება ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ დახლებზე სწორი პროდუქტები გვაქვს განთავსებული“, – ამბობს რასმუსენი.
აღსანიშნავია, რომ LEGO-ს ახალი ქარხანა განახლებადი ენერგიის წყაროებით იქნება მომარაგებული, რაც კომპანიის მიერ 2020 წელს გაცხადებული პოლიტიკის ერთგვარი გაგრძელებაა. შეგახსენებთ, რომ ორიოდ წლის წინ, LEGO-მ საკუთარი პლასტმასის კუბების მასალის ეკოლოგიურად სუფთა მასალით შეცვლის შესახებ განაცხადა.
გასული წელი დანიური კომპანიისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა – კომპანიის გაყიდვებმა 27%-ით იმატა და $7.8 მილიარდი შეადგინა.