LEGO Group-მა აშშ-ის შტატ ვირჯინიაში, ჩესტერფილდის ოლქში, ახალი, ნახშირბადნეიტრალური ქარხნის მშენებლობა დააანონსა. ჯგუფის $1-მილიარდიანი ინვესტირებით, 1.7 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე ნახშირბადნეიტრალური ობიექტი განთავსდება, რომელიც 1,760-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს.
ნახშირბადნეიტრალური ქარხნის დღიური ენერგეტიკული მოთხოვნილების 100% მზის პარკის მიერ გამომუშავებულ განახლებად ენერგიასთანვე იქნება თანხვდენილი. ობიექტის დაპროექტება ენერგიის მოხმარებისა და განახლებადი რესურსების გამოყენების მინიმიზაციას შეუწყობს ხელს. LEGO-ს ნახშირბადნეიტრალური ქარხნის მშენებლობა 2022 წლის შემოდგომაზე დაიწყება, წარმოების დაწყების სავარაუდო თარიღად კი 2025 წლის მეორე ნახევარი განიხილება. გარდა ამისა, 2024 წლის დასაწყისში, ახლომდებარე შენობაში დროებითი შესაფუთი ობიექტი გაიხსნება, რომელიც დამატებით 500-მდე სამუშაო ადგილს შექმნის.
ვირჯინიის ნახშირბადნეიტრალური ქარხნის შენობებისა და საწარმოო პროცესების დიზაინი ენერგიის მოხმარების მინიმუმამდე შემცირებას უზრუნველყოფს. მიზანი, პროექტის დასრულების შემდგომ, ოქროს LEED-ის (ენერგეტიკისა და გარემოსდაცვითი დიზაინის ლიდერობა) სერტიფიკატის მოპოვებაა. ადგილზე აშენებული მზის პარკი კი სრულად დააკმაყოფილებს ქარხნის ყველა ენერგეტიკულ საჭიროებას.
LEGO-ს აღმასრულებელი დირექტორის, ნილს კრისტიანსენის განცხადებით, ვირჯინიის მდებარეობა კომპანიას მზის პარკის მშენებლობის საშუალებას აძლევს, რაც ზუსტად შეესაბამება LEGO-ს მდგრადობის ამბიციებს და ქვეყნის მასშტაბით სატრანსპორტო ქსელებთან მარტივ კავშირებსაც უზრუნველყოფს. კომპანიის CEO ვირჯინიის მოსახლეობისთვის დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნის გამო აღფრთოვანებას ვერ მალავს. ოპერაციული დირექტორი კარსტენ რასმუსენის განცხადებით კი ათწლიანი სტრატეგია, რომელიც კომპანიის საწარმოების მთავარ ბაზრებთან სიახლოვეს განთავსებას ითვალისწინებს, მომხმარებელთა ცვალებად მოთხოვნაზე სწრაფი რეაგირებისა და ნახშირბადის ანაბეჭდის მარტივად მართვის საშუალებას იძლევა.
ვირჯინიის ნახშირბადნეიტრალური ქარხანა LEGO Group-ის გლობალურად მეშვიდე, ხოლო ამერიკაში მეორე ქარხანა იქნება. მექსიკის საწარმოო ობიექტი ამერიკის ბაზრის ძირითადი მიმწოდებელია, რომლის გაფართოება და განახლება LEGO-ს პროდუქტებზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იგეგმება. ვირჯინიის ახალი ქარხანა, კომპანიის ყველა სხვა ობიექტის მსგავსად, LEGO-ს პროდუქციის ჩამოსხმის, შექმნისა და შეფუთვის უახლეს ტექნოლოგიას გამოიყენებს და კომპანიის უსაფრთხოებისა და ხარისხის მკაცრ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა, LEGO-ს ქარხნების გაფართოება ევროპასა და ჩინეთშიც იგეგმება. 2021 წლის დეკემბერში ჯგუფმა ვიეტნამში, აზიაში შემდგომი ზრდის ხელშესაწყობად, ქარხნის მშენებლობაც დააანონსა. ამჟამად აშშ-ში LEGO-ს 100 ბრენდული მაღაზია ოპერირებს, შტატებში კომპანიის მიერ დასაქმებულთა რაოდენობა კი 2.600 ადამიანს აღწევს.