კულტურისა და ბრენდის მსოფლიოში აღიარებულმა ექსპერტმა და Lindstrom Company-ს გენერალურმა დირექტორმა, მარტინ ლინდსტრომმა The CheckPoints-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოს ძლიერი ეროვნული ბრენდის შექმნის პოტენციალი აქვს, რაც ქვეყნის ისტორიული და კულტურული მრავალფეროვნებითაა განპირობებული.
„ვფიქრობ, რომ საქართველოს ისეთი ძლიერი ეროვნული ბრენდის შექმნის დიდი პოტენციალი აქვს, როგორიც საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთსა თუ შვეიცარიას აქვთ, თუმცა ამისათვის კრეატიულობის გამოთავისუფლებაა საჭიროა და ვიმედოვნებ, რომ ეს მალე მოხდება“, – განაცხადა ლინდსტრომმა.
მისი თქმით, საქართველომ აქტიურად უნდა იფიქროს საკუთარი ეროვნული ბრენდის შექმნასა და განვითარებაზე, რადგან ქვეყანას ამისათვის ყველანაირი რესურსი და პოტენციალი აქვს.
„ქართველი ხალხი და კულტურა არის უნიკალური და მრავალფეროვანი. თქვენ გყავთ საოცრად კრეატიული ხალხი, თქვენზე გადიოდა აბრეშუმის გზა – ამ ყველაფერმა კი შექმნა მდიდარი კულტურა, თუმცა ეს ყველაფერი საქართველოს გარეთ, მსოფლიოსთვის ჯერ კიდევ უცნობია“, – დასძინა მან.
ეროვნული ბრენდის იდეაზე საუბრისას ლინდსტრომმა პარალელი გაავლო იმ წამყვან კომპანიებთან, რომლებმაც შეძლეს ძლიერი იდენტობისა და ბრენდის შექმნა, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი კი Google-ის საძიებო სისტემაა.
„მაგალითად, სიტყვა „ძიებაზე“ რომელი კომპანია გახსენდებათ? – ალბათ, Google, არა? მრავალწლიანმა ბრენდინგმა თქვენ გიბიძგათ, რომ ამ სიტყვის გაგონებაზე კომპანია Google გაგხსენებოდათ, თუმცა ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ Google არ არის მსოფლიოში საუკეთესო საძიებო პლატფორმა, ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ის საუკეთესოა.
აიღეთ სხვა კომპანიების მაგალითებიც: Volvo და „უსაფრთხოება“; Disney და „ჯადოსნურობა“ – ეს ყველაფერი ბრენდინგის შედეგია. რა არის ასეთი ერთი სიტყვა საქართველოსთვის?
ბრენდინგის გარდა, მეორე საკითხია კულტურა, ანუ რამდენად ერგება მოსახლეობა ამ იდეას და რამდენადაა ის ქვეყნისათვის შესაფერისი; ხოლო მესამე საკითხია ტრანსფორმაცია – რამდენად შეუძლია ქვეყანას განვითარება. მაგალითად, რუსეთი გაყინულია, ის არ ვითარდება, თუმცა გვაქვს ტრანსფორმაციისა და განვითარების წარმატებული შემთხვევებიც, მაგალითია სამხრეთ კორეა. მაშასადამე, კულტურა, ტრანსფორმაცია და ბრენდინგი ერთმანეთს კარგად ერწყმის და სწორედ ამ საკითხებს უკავშირდება ჩემი საქმიანობაც“, – განაცხადა ლინდსტრომმა.