ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირას მსხვილი ამერიკული კომპანიები და კორპორაციები 2022 წლის პირველი ნახევრის ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნებას დაიწყებენ. მაგალითად, 11 ივლისის კვირაში ამერიკული ბანკები, მათ შორის JPMorgan Chase-ი, Morgan Stanley, Wells Fargo, Citigroup-ი აპირებენ მონაცემების გამოქვეყნებას. გარდა ფინანსური ინსტიტუტებისა, შემოსავლების შესახებ მონაცემებს გაასაჯაროებენ წამყვანი ინდუსტრიული თუ სხვა სექტორების წარმომადგენელები. მათ შორის, ავიაციის სექტორში Delta Air Lines-ი. მიმდინარე კვირასვე უნდა ველოდოთ გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი PepsiCo-ს ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნებასაც.

გარდა ამისა, აშშ-ის ეკონომიკური კალენდრის მიხედვით, დაგეგმილია სამომხმარებლო ფასების ინდექსის გამოქვეყნება. როგორც მოსალოდნელია, ამერიკის CPI-ს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 8.8%-ით იქნება გაზრდილი, ხოლო წინა თვესთან შედარებით – 1.1%-ით. ამის მთავარი მიზეზი ენერგორესურსებზე ფასების ზრდაა. მაგალითად, მაისთან შედარებით, ივნისში ნედლი ნავთობის ფასი 3.6%-ი გაიზარდა.

ამერიკის გარდა, მიმდინარე კვირას სამომხმარებლო ფასების ინდექსს გამოაქვეყნებენ საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთიც. რაც შეეხება მწარმოებელთა ფასების ინდექსს, ამერიკაში მოსალოდნელია, რომ წინა წელთან შედარებით ზრდა 10.7%-ზე იქნება, ხოლო წინა თვესთან შედარებით 0.8%-ზე. აშშ რიტეილ-გაყიდვების განახლებულ მონაცემებსაც გამოაქვეყნებს. აქაც ზრდაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება ევროპას, 11 ივლისის კვირაში ევროკავშირი განახლებულ ეკონომიკურ პროგნოზებს გამოაქვეყნებს. შემდეგ კი ევროზონის სავაჭრო ბალანსი გახდება ცნობილი.

ასევე, დიდი ბრიტანეთი მშპ-ის და სავაჭრო ბალანსის განახლებულ მონაცემებს გამოაქვეყნებს. მშპ-ის გამოქვეყნებას აპირებს ჩინეთიც. ჩინეთში ასევე მოსალოდნელია სავაჭრო ბალანსის და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გამოქვეყნებაც. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მაგალითად, კანადაში მონეტარული პოლიტიკის სხდომა გაიმართება, რომლის შემდეგაც ცნობილი გახდება შეიცვლება თუ არა საპროცენტო განაკვეთები. რუსეთი კი სავაჭრო ბალანსის მონაცემებს გამოქვეყნებს.

მიმდინარე კვირის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება, რაც გლობალურ ეკონომიკურ კალენდარშია ჩანიშნული, Amazon-ის ყოველწლიური შეთავაზება Prime Day-ია. ორი დღის განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესი რიტეილერი თავის ე.წ. პრაიმ-მომხმარებლებს მნიშვნელოვან ფასდაკლებებს ყველა პროდუქციაზე შესთავაზებს. ბევრი მომხმარებელი მთელი წლის განმავლობაში სწორედ ამ დღეს ელოდება, რათა ფასდაკლებით შეძლოს შოპინგი.

ეკონომიკური მოვლენების პარალელურად, მსოფლიოში არაერთ ქვეყანასა და რეგიონში პოლიტიკური არასტაბილურობაა, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ეკონომიკაზეც. მათ შორისაა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი, რომელსაც დასასრული არ უჩანს. ასევე ბრიტანეთში სამთავრობო კრიზისი, სადაც პრემიერ ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ მის შემცვლელს ელოდებიან.

დაბოლოს, საქართველოში მიმდინარე კვირის ეკონომიკური კალენდარი დატვირთულია. საქსტატი 2022 წლის ივნისის სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებულ ინდექსს, საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემებს და საარსებო მინიმუმის მაჩვენებელს გამოაქვეყნებს. ცნობილი გახდება ასევე ბრუნვის მოცულობის ინდექსი (2022 წლის მაისი). მოსალოდნელია სტატისტიკური პუბლიკაციის „საქართველოს საგარეო ვაჭრობა, 2021“-ის გამოქვეყნებაც.