უკრაინამ და რუსეთმა, თურქეთის შუამავლობით, მარცვლეულის ექსპორტის განახლების შესახებ გაეროს მიერ მხარდაჭერილ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით, მარცვლეულისა და საარსებოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების, მათ შორის მზესუმზირის ზეთის ექსპორტი, სამი უკრაინული პორტიდან უნდა აღმდგარიყო. თუმცა პუტინმა ხელმოწერიდან რამდენიმე საათში ერთ-ერთ, კერძოდ კი ოდესის პორტზე, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.
მაშინ როდესაც მსოფლიოს, პორტების გახსნით, გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილების იმედი გაუჩნდა, პუტინის ქმედებამ სიტუაცია უფრო გაამძაფრა. შეთანხმების გაფორმების შემდგომ, გაეროს ლიდერები მეორე დღიდანვე გადაზიდვების დაწყებისა და (ყოველთვიურად 5 მილიონი ტონა მარცვლეული) რამდენიმე კვირაში ექსპორტის ომამდელი დონის მიღწევასაც ვარაუდობდნენ.
ოდესაზე, უკრაინის უმსხვილეს პორტზე შეტევა, უკვე დაგმეს მსოფლიოს ლიდერებმა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა, თავდასხმის შემდგომ რუსეთს „პროგნოზირებადად გამოუსადეგარი“ უწოდა. „მელანმა გაშრობაც ვერ მოასწრო, რუსეთისგან კი ორი საზიზღარი პროვოკაცია ვიხილეთ: თავდასხმა ოდესის პორტზე და რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება, რომ უკრაინის პორტები საშიშია გადაზიდვისთვის“ – წერს მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე.
„24 საათიც არ იყო გასული, ოდესის ტერიტორიას და პორტს დაარტყეს“, – განუცხადა თავად პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინაში მყოფ აშშ-ის კანონმდებლების დელეგაციას. ზელენსკის ერთ-ერთი სტუმრისა და წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარის, ადამ სმიტის თქმით, „პუტინმა სარაკეტო დარტყმით უღალატა შეთანხმებას და მისი ნდობა უკვე შეუძლებელია“.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ მკაცრად გმობს ოდესასა და მის პორტზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას, მსოფლიო სასურსათო კრიზისის გაღრმავებაზე პასუხისმგებლობას კი რუსეთს აკისრებს. „შეტევა ძირს უთხრის გაეროს, თურქეთისა და უკრაინის ერთობლივ ძალისხმევას, მიეწოდებინათ მსოფლიო ბაზრისთვის საარსებოდ აუცილებელი საკვები“, – თქვა ბლინკენმა განცხადებაში.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა, რომელიც სტამბულში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში თავადვე ესწრებოდა ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიას, „ცალსახად“ დაგმო რუსეთის მხრიდან ოდესის პორტზე სარაკეტო თავდასხმა. „შეთანხმების სრულად განხორციელება რუსეთის ფედერაციის, უკრაინისა და თურქეთის მხრიდან აუცილებელია“, – წერს გაეროს ხელმძღვანელი.
ოდესაზე თავდასხმა დაგმო ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმაც: „სტამბულის ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან ერთ დღეში მარცვლეულის ექსპორტის გადამწყვეტ პუნქტზე თავდასხმა განსაკუთრებით დასაგმობია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლისა და აღებული ვალდებულებების სრულ უგულებელყოფას“.
რუსეთის სარაკეტო იერიშს, უკრაინაში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკიც გამოეხმაურა და გლობალურ საზოგადოებას მოუწოდა, პასუხი მოსთხოვოს რუსეთს. „კრემლი აგრძელებს საკვების იარაღად გამოყენებას, ამისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დაეკისროს“, – ვკითხულობთ ბრინკის Twitter-ის გვერდზე. სოციალური გვერდის საშუალებით გაავრცელა განცხადება ესტონეთის პრემიერმა კაია კალასმაც, რომლის თქმითაც, სარაკეტო დარტყმები იყო „ყველაფერი, რაც რუსეთთან გარიგებების შესახებ უნდა ვიცოდეთ, ამიტომაც მსოფლიო უკრაინას აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა დაეხმაროს“.