„თეგეტას“ ამბიციური მწვანე გეგმები

„თეგეტას“ ამბიციური მწვანე გეგმები

საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ჯგუფი, ვინც მწვანე გადაწყვეტილებებს აქტიურად ნერგავს „თეგეტა ჰოლდინგია“. კომპანიის ეკოსტრატეგიის ფარგლებში უკვე არაერთი პროექტი განხორციელდა, თუმცა გეგმები გაცილებით დიდია. „ჩვენ რეგიონის მასშტაბით წამყვანი კომპანია ვართ და გვაქვს ამბიცია, ვიყოთ პირველები არა მხოლოდ მაღალი ხარისხითა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვის მიმართულებით, არამედ იმითაც, რომ გარემოზე ზრუნვის პასუხისმგებლობა ავიღოთ. ვფიქრობთ, ასეთი კომპლექსური მიდგომით შედეგი გაცილებით ეფექტიანი იქნება და დაგვეხმარება საბოლოო მიზნის მიღწევაში – გავხდეთ პირველი მწვანე საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში,“ – ამბობს „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი, ვახტანგ კაჭარავა Forbes Infrastructure-თან ინტერვიუში.

გლობალურად მწვანე ტექნოლოგიების ბაზარი წლიდან წლამდე მზარდია. მისი მოცულობა 2020 წელს 11.1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა. სხვადასხვა პროგნოზით, ის 2025 წლისთვის დაახლოებით სამჯერ გაიზრდება და 36.6 მლრდ დოლარს მიაღწევს, რასაც მდგრად წარმოებასა და გადაწყვეტილებებში მზარდი ინვესტიციები განაპირობებს, თუმცა ამასთანავე, გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით კომპანიების ცნობიერებაც იზრდება. იმატებს ისეთი კორპორაციების რიცხვი, რომლებიც უფრო მეტ ეკომეგობრულ გადაწყვეტილებას იღებენ, რაც მათ სოციალურ პასუხისმგებლობაზე მეტყველებს.

მსოფლიო გიგანტი კომპანიების მსგავსად, ენერგოეფექტიანობაზე ზრუნვა „თეგეტასთვისაც“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჰოლდინგის პორტფელში 20-ზე მეტი შვილობილი კომპანიაა, რომლებიც საერთო კონცეფციით იმართება და მოიცავს როგორც თანამედროვე, ნოვატორულ მიდგომებსა და შეთავაზებებს მომხმარებელთან ურთიერთობისას, ისე ექსკლუზიურ და თამამ გადაწყვეტილებებს ჰოლდინგის განვითარების პროცესში. მათ შორის არის ეკომეგობრული ინიციატივები, რომლებსაც „თეგეტას“ თითოეული ბიზნესმიმართულება მისი საქმიანობის შესაბამისად გეგმავს და ახორციელებს.

მზის პანელები და ენერგოეფექტიანი მშენებლობა EDGE-ის კრიტერიუმებით

ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროექტი, რომელიც ენერგორესურსების დაზოგვისა და გარდაქმნისთვის დაიწყო, მზის ელექტროსადგურის მონტაჟია. კომპანიის გადაწყვეტილებას რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს: გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის შემცირება, ვინაიდან მზის ელექტროსადგური არ გამოყოფს მხუთავ აირებს, არ აზიანებს ატმოსფეროს, არ აქვს რადიაცია და სრულიად უსაფრთხოა. ამასთანავე, პროექტის დასრულების შემდეგ „თეგეტაში“ ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებას ელოდებიან. კომპანიისთვის ამ გადაწყვეტილების ბიძგი სემეკის მიერ მზის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრის 100-დან 500 კილოვატამდე გაზრდაც გახდა, რის შედეგადაც კომპანია შედარებით მეტი რაოდენობის ენერგიის გამომუშავებას შეძლებს.

უკვე დაწყებულია „თეგეტა ჯგუფში“ შემავალი კომპანიის, „პორშე ცენტრი თბილისის“ შოურუმის რენოვაცია. სწორედ ეს იქნება ჰოლდინგის პირველი შენობა, რომლის თავზეც მზის ელექტროსადგურის მონტაჟი იგეგმება. პროექტი მიმდინარე წლის ბოლოსათვის უნდა დასრულდეს. პარალელურად, სამუშაოები უკვე დაწყებულია უნივერსიტეტის ქუჩაზეც, სადაც მზის პანელების ინსტალაცია „ვოლვოს“ ახალ შოურუმშიც იგეგმება.

„ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროექტი, რომელიც ენერგორესურსების დაზოგვისა და გარდაქმნისთვის უნდა დაიწყოს, მზის ელექტროსადგურის მონტაჟია. კომპანია მომხმარებლის მოლოდინის დაკმაყოფილებაზე ზრუნავს. პირველ რიგში ეს მომავლის კონცეფციებზე აგებული სერვისცენტრებისა და შოურუმების მშენებლობაა“, – ამბობს ვახტანგ კაჭარავა.

ეს მწვანე გადაწყვეტილება თავისთავად ინვესტიციებს მოითხოვს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს, გარემოს გარდა, კომპანიასაც დიდ სარგებელს მოუტანს. „თეგეტას“ გათვლებით, 500-კილოვატიანი ენერგოსადგურით ელექტროენერგიის 40%-იან ეკონომიას მიიღებენ. უკვე დათვლილი აქვთ 5-წლიანი უკუგების პერიოდიც, რა დროშიც სადგური თავის ფინანსურ დანახარჯებს აინაზღაურებს.

მზის ელექტროსადგურების გარდა, „თეგეტა“ მცირე, საშუალო თუ დიდ სამშენებლო პროექტებს თანამედროვე სტანდარტით ახორციელებს, რა დროსაც ხარისხის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი სწორედ ენერგოეფექტიანობაა.

„ხაზგასასმელია ისიც, რომ ჩვენი თითოეული მიმდინარე და ახლად ინიცირებული პროექტი მორგებულია ყველაზე თანამედროვე, ნოვატორულ სამშენებლო ხედვებს. ჩვენი სამშენებლო მოდელი და გეგმა, რა სტანდარტებით უნდა აშენდეს ენერგოეფექტიანი შენობები, სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის (IFC) მიერ შემუშავებულ EDGE-ის კრიტერიუმებს, რომელიც მწვანე შენობების, ენერგო- და რესურსეფექტიანობის ინოვაციური შეფასების ინსტრუმენტია. EDGE მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალი ინსტიტუტის მიერ შემუშავებული სასერტიფიკაციო სტანდარტია და იშიფრება, როგორც სრულყოფილება დიზაინში უკეთესი ეფექტიანობისათვის. EDGE-ის მიზანია შენობების მიერ გარემოზე ნეგატიური ზეგავლენების შერბილება შემდეგი სამი მიმართულებით: ელექტროენერგიის მოხმარება, წყლის გამოყენება და სამშენებლო მასალების ენერგოეფექტიანობა“, – აცხადებს ვახტანგ კაჭარავა.

ეკოინიციატივები გადაზიდვებსა და საოფისე საქმიანობაში

2021 წლიდან საოპერაციო და ლოგისტიკურ საჭიროებებს „თეგეტაში“ სრულად ელექტრომობილებით უზრუნველყოფენ. გამონაბოლქვის შემცირების მიზნით, შიდა ტერიტორიაზე გადაზიდვებისათვის კომპანიაში ეკომეგობრულ სატვირთოებს იყენებენ, რაც, თავის მხრივ, მკვეთრად ამცირებს ხმაურს და სამუშაო გარემოს მნიშვნელოვნად კომფორტულს ხდის.

სამომავლოდ იგეგმება ჰოლდინგის ავტოპარკის სრული განახლება – ელექტრომობილებით ჩანაცვლება. ამ ეტაპზე, სამსახურებრივი საქმიანობისთვის ჰოლდინგში შემავალი საერთაშორისო კომპანიის „ევროპქარ ჯორჯიას“ ელექტრომობილებს იყენებენ. თავის მხრივ, Europcar-ის ადგილობრივი წარმომადგენლობა საქართველოს ბაზარს ავტომობილების გაქირავების სერვისში სხვადასხვა მოდელის ელექტრომობილს სთავაზობს.

რაც შეეხება მწვანე გადაწყვეტილებას საოფისე საქმიანობაში, მომსახურების პროცესში ფურცლის გამოყენება მინიმუმამდეა დაყვანილი და სერვისის მომხმარებელი ახლა ყველა საჭირო დოკუმენტაციას ელექტრონული ფორმატით იღებს.

„აქტიურად ვმუშაობთ ელექტრონული კომერციისა და კომპანიის გაციფრულების მიმართულებით. მომხმარებლისთვის „თეგეტას“ მოქცევა პირად გაჯეტში ბოლო წლების პრიორიტეტია. ეს გაუადვილებს ავტომობილის მფლობელებს ან მომავალ მსურველებს, უფრო სწრაფად და კომფორტულად მიუწვდებოდეთ ხელი პროდუქტებზე, სერვისებსა თუ ავტომობილებზე, მათ შორის ჩვენი ციფრული მაღაზიის საშუალებით“, – ამბობს ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი.

ეკომეგობრული ავტომობილების პოპულარიზაცია და ინფრასტრუქტურის განვითარება

ელექტრო და ჰიბრიდული ტრანსპორტის გაყიდვების წილის ზრდა „თეგეტას“ 2022-ის გეგმის ნაწილია. მაგალითისათვის, კომპანიაში ამბობენ, რომ მიმდინარე წლის ბოლოსათვის ,,პორშე ცენტრი თბილისის“ მიერ გაყიდული ავტომობილების 50%-ზე მეტი ჰიბრიდი ან ელექტრო იქნება. ამაზე მუშაობა „თეგეტამ“ ჯერ კიდევ 2010 წლიდან დაიწყო, როდესაც შოურუმში „პორშეს“ პირველი ჰიბრიდული ავტომობილი გამოჩნდა, 2015 წლიდან – Plug-in Hybrid, 2020 წლიდან კი სრულად ელექტრიფიცირებული მოდელიც წარადგინეს. ჰოლდინგის შვილობილი კომპანია, Tegeta Premium Vehicles ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც 2021 წელს ქართულ ბაზარზე იაპონური მწარმოებლის, „მაზდას“ ერთ-ერთი პირველი ელექტრომობილიც შემოიყვანა.

„ვოლვო ქარ კავკასიის“ საშუალოვადიანი გეგმის მიხედვით კი 2025 წლისთვის გაყიდული ავტომობილების ნახევარი – ჰიბრიდი, მეორე ნახევარი კი სრულად ელექტროფიცირებული უნდა იყოს. უშუალოდ შვედური ბრენდი, Volvo 2030-ისთვის მხოლოდ ელექტრიფიცირებული მოდელების გაყიდვას აპირებს. ამ სტრატეგიას მიჰყვება „თეგეტას“ შვილობილი, „ვოლვო ქარ კავკასიაც“, რომელმაც ბაზარზე Plug-in Hybrid 2019 წლიდან შემოიყვანა და კავკასიის მასშტაბით ამ დრომდე 60-ზე მეტი ავტომობილი გაყიდა.

რაც შეეხება „ტოიოტას“, ენერგოეფექტიანობის ფარგლებში, იაპონური ავტომწარმოებელი უკვე აქტიურად მუშაობს წყალბადისძრავიანი ავტომობილების შექმნაზე, „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კი 2014 წლიდან ქართულ ბაზარს ჰიბრიდულ ძრავაზე მომუშავე ავტომობილებით ამარაგებს.

პარალელურად, ელექტომობილების ბაზრის გაფართოების ხელშეწყობისთვის, „თეგეტაში“ შესაბამის ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა დაიწყეს.

5-პოსტიანი დასამუხტი სადგურები კომპანიამ ჯერ სათავო ოფისის ტერიტორიაზე განათავსა, რასაც უკვე ქვეყნის მასშტაბით ქსელის შექმნა მოჰყვა.

„ელექტრომანქანებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობისა და დასამუხტი სადგურების დამონტაჟებისთვის საკმაოდ დიდ ინვესტიციას ვახორციელებთ. „პორშეს“ დამტენების ქსელისთვის ჯამში უკვე 1 000 000 ლარზე მეტი თანხა დაიხარჯა. ჩვენი დასამუხტი სადგურებით სარგებლობა საქართველოს 5 რეგიონშია შესაძლებელი, თუმცა ხელმისაწვდომობის გაზრდას ვგეგმავთ და 2022 წლის ბოლომდე ქსელის გაფართოებას ვაპირებთ, შესაბამისად, ეს ციფრებიც მკვეთრად შეიცვლება“, – ამბობს „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი და აღნიშნავს, რომ რა რაოდენობის დანახარჯზეც უნდა ვისაუბროთ, შედეგი და მიღებული სარგებელი უფრო დიდია. – „არ ვგულისხმობ მხოლოდ კომერციულ ნაწილს, საუბარია გლობალური პრობლემების დაძლევაზე. კლიმატის ცვლილებები, ჰაერის დაბინძურება, ამოწურვადი რესურსები – ამ მზარდი და გადაუდებელი გამოწვევების საპასუხოდ გაწეული ხარჯები საბოლოოდ თითოეული ჩვენგანის და, ცხადია, ჩვენი მომხმარებლის კეთილდღეობაზე აისახება“.

მძიმე ტექნიკის მომავალი – ელექტრიფიცირებაა

„თეგეტას“ ამბიციური გეგმების სიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მაინც ელექტროსატვირთოებისა და ელექტრონული სპეცტექნიკის შემოყვანაა. მსოფლიო საავტომობილო ინდუსტრია სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ენერგოეფექტიან მოდელებზეც ალაპარაკდა. რეგიონის ბაზარზე სიახლის შემოტანა ,,თეგეტასათვის“ უცხო არ არის. პერსპექტივაც რეალურია და კომპანიაში გეგმავენ, ელექტროსატვირთოები 2024 წლისათვის შემოიყვანონ. გუნდში ფიქრობენ, რომ ამ პერიოდისთვის აღნიშნული ტიპის ტრანსპორტზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი.

იმის გათვალისწინებით, რომ „თეგეტა“ Man-ის ოფიციალური წარმომადგენელია, შესაძლოა, სწორედ ამ ბრენდის ელექტრომანქანები გამოჩნდნენ საქართველოში.

MAN Truck & Bus-მა წლის დასაწყისში საზოგადოებას უკვე წარუდგინა ახალი ელექტროსატვირთო, რომელიც წარმოებაში სწორედ 2024 წლიდან ჩაეშვება. „მომავალი იწყება ახლა – გზა ნულოვანი დაბინძურებისკენ“ – ასეთია მიმდინარე პროექტის დევიზი. უახლოეს ორ წელიწადში მიუნხენში მდებარე MAN-ის მთავარი ქარხანა 200 ელექტროსატვირთოს გამოშვებას აპირებს. წარმოების გასაზრდელად კი კომპანია აკუმულატორების პაკეტების ასაწყობი საკუთარი საამქროს შექმნას გეგმავს.

რაც შეეხება ელექტრონულ სპეცტექნიკას, „თეგეტა“ ბაზარს JCB-ის ეკოტექნიკითაც ამარაგებს. უმსხვილესი ბრიტანული ბრენდი, JCB ერთ-ერთი პირველია, რომელმაც საერთაშორისო ბაზარს ეკომეგობრული, სრულად ელექტროფიცირებული სპეცტექნიკა შესთავაზა.

ასევე მოწინავეა ისეთი ელექტროპროდუქტების შექმნაში, როგორიც არის ელექტრონული ტელესკოპური დამტვირთველი, ელექტრონული მინი-ექსკავატორი და სხვა არაერთი პროდუქტი. ელექტრონული სპეციალური ტექნიკის გამოყენებით აღარ არსებობს ჰაერის დაბინძურების საშიშროება, მინიმუმამდე მცირდება ყოველდღიური სარეგლამენტო შემოწმებისა და სერვისის საჭიროება. აღნიშნული ტექნიკის გამოყენება შესაძლებელია დახურულ სივრცეებში, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. ამასთან ერთად, მომხმარებელი უფრო ეფექტიანად აკონტროლებს საოპერაციო ხარჯებს. „თეგეტა“, რომელიც ყოველთვის ფეხს უწყობს საერთაშორისო ტრენდებს, აუცილებლად იქნება პირველი, ვინც რეგიონის ბაზარს მსგავსი ეკომეგობრული, მძიმე ტექნიკით მოამარაგებს.

„არსებული თუ სამომავლო ეკოპროექტების გათვალისწინებით, „თეგეტას“ აქვს ამბიცია და რეალური შესაძლებლობები, გახდეს პირველი მწვანე საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში“, – აცხადებს ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი.

უახლოესი გეგმები და მწვანე ინვესტიცია

კომპანიის ზრდისა და განვითარების პარალელურად, ,,თეგეტასათვის“ მნიშვნელოვანია, შეინარჩუნოს და მტკიცედ გაჰყვეს არჩეულ პასუხისმგებლობიან გზას. ამისათვის მიმდინარე და სამომავლო ინიციატივების მხარდასაჭერად, ჰოლდინგი ე.წ. მწვანე ბონდების გამოშვებისათვის ემზადება. სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაშია.

მწვანე ბონდები გარემოსდაცვითი და კლიმატური სარგებლის მქონე პროექტების ფინანსირებას გულისხმობს.

მნიშვნელოვანია, რომ ტრანზაქციის დასრულების შემდგომ ,,თეგეტა“ იქნება პირველი კომპანია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ბონდებს მწვანე სტატუსით, ეროვნულ ვალუტაში გამოუშვებს.