გუშინ ისრაელმა ღაზას სექტორში ტერორისტული ორგანიზაციის, ისლამური ჯიჰადის პოზიციებზე საბრძოლო თვითმფრინავებით საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ოპერაციის შედეგად განადგურებულია ტერორისტული ორგანიზაციის სამხედრო ფრთის კუდსის ბრიგადის მეთაური ტაისირ ალ-ჯაბარი.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათი შეტევა ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ისრაელზე თავდასხმის დაგეგმვაზე საპასუხო ზომა გახლდათ. ისრაელის თავდაცვის უწყების განმარტებით, სამხედრო ოპერაცია „განთიადის“ ფარგლებში ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა და შეიარაღებულმა დრონებმა იერიში ექვს სხვადასხვა პოზიციაზე მიიტანეს. ერთ-ერთმა დარტყმამ კი ზემოთ აღნიშნული „პალესტინური ისლამური ჯიჰადის“ მაღალი რანგის მეთაური იმსხვერპლა.
IDF-ის თანახმად, ისრაელზე შეტევას რამდენიმე ათეული ტერორისტი გეგმავდა. საჰაერო სარაკეტო თავდასხმის შედეგად კი 10-დან 20-მდე ტერორისტი გააუვნებელყვეს.
ღაზას სექტორში მოქმედი ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ისრაელის მიერ წამოწყებულ სამხედრო ოპერაციას 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 55 კი დაიჭრა. გარდაცვლილებს შორის ერთი 5 წლის გოგონაა.
ისრაელის შეტევა „პალესტინური ისლამური ჯიჰადის“ პოზიციებზე რამდენიმე ტალღად განხორციელდა. ტერორისტული დაჯგუფება ისრაელზე თავდასხმით, სამშაბათს დასავლეთ სანაპიროზე მისი ერთ-ერთი ლიდერის დაკავების შემდეგ იმუქრებოდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის იაირ ლაპიდისა და თავდაცვის მინისტრ ბენი განცის ერთობლივი განცხადების თანახმად, ისრაელი ტერორისტულ ორგანიზაციებს ღაზას სექტორთან ახლოს მდებარე ქალაქებში საკუთარი დღის წესრიგის შექმნისა და ისრაელის მოქალაქეებისათვის საფრთხის შექმნის შესაძლებლობას არ მისცემს.“