კრიპტოვალუტებით დაინტერესებული ქვეყნების სიაში საქართველო მეშვიდე ადგილს იკავებს, – ამის შესახებ ავტორიტეტული კრიპტოპლატფორმის, CoinGecko-ს უახლეს კვლევაში ვკითხულობთ, რომლის შესახებ Bloomberg-ი წერს.
აღნიშნული კვლევა Google Trends-ის მონაცემებს ეფუძნება და ამა წლის აპრილის შემდგომ პერიოდს მოიცავს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ძებნისთვის „buy crypto”-ს ან „invest in crypto”-ს მსგავსი ინგლისურენოვანი ფრაზები შეირჩა, რაც საქართველოში კრიპტოვალუტების მიმართ ინტერესს კიდევ უფრო უსვამს ხაზს.
კრიპტოვალუტებით დაინტერესებული ქვეყნების სიის პირველი ადგილი აფრიკის ყველაზე მრავალრიცხოვანმა სახელმწიფომ, ნიგერიამ დაიკავა – 371 ქულით. მეორე ადგილზე, 270 ქულით, არაბთა გაერთიანებული საამიროები გავიდა, მესამეზე კი – სინგაპური, რომელმაც 261 ქულა მოაგროვა. ცნობისთვის გეტყვით, რომ საქართველომ 187 ქულა დააგროვა და ისეთ ქვეყნებს გადაუსწრო, როგორებიცაა ახალი ზელანდია, აშშ, ირლანდია და კვიპროსი.
„აღნიშნული კვლევა საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის იმ ქვეყნების შესახებ, რომლებიც კრიპტოვალუტებით ბაზარზე დაფიქსირებული ფასების ვარდნის ფონზეც ინტერესდებიან“, – განაცხადა CoinGecko-ს თანადამფუძნებელმა, ბობი ონგმა. „სიის სათავეში მყოფმა ქვეყნებმა შემცირებული ფასებით ყველაზე მეტად იხეირეს, რაც კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით მათ გრძელვადიან ხედვას უსვამს ხაზს“.
კრიპტოვალუტებით ყველაზე მეტად დაინტერესებული ქვეყნების თხუთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება:
#1 – ნიგერია (371 ქულა)
#2 – არაბთა გაერთიანებული საამიროები (270 ქულა)
#3 – სინგაპური (261 ქულა)
#4 – ავსტრალია (218 ქულა)
#5 – გაერთიანებული სამეფო (198 ქულა)
#6 – კანადა (192 ქულა)
#7 – საქართველო (187 ქულა)
#8 – ლიბანი (168 ქულა)
#9 – ახალი ზელანდია (167 ქულა)
#10 – ტრინიდადი და ტობაგო (164 ქულა)
#11 – პაკისტანი (158 ქულა)
#12 – აშშ (157 ქულა)
#13 – ირლანდია (154 ქულა)
#14 – კვიპროსი (151 ქულა)
#15 – კენია (143 ქულა)