ნიუ-იორკში მდებარე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის (MoMA) განცხადებით, აუქციონზე ამერიკული ტელეარხის, CBS-ის დამფუძნებელ უილიამ პეილის კოლექციიდან 29 ხელოვნების ნიმუშს გაიტანს. აღსანიშნავია, რომ 1990 წელს ტელემაგნატის მემკვიდრეებმა მუზეუმს მისი კოლექციიდან 80-ზე მეტი ნამუშევარი გადასცეს.
MoMA ფრენსის ბეკონის ტრიპტიქის „ესკიზები ჰენრიეტა მორაესის პორტრეტისთვის“, რომელიც დაახლოებით $35 მილიონად არის შეფასებული, ლონდონში 14 ოქტომბერს დაგეგმილ Sotheby’s-ის აუქციონზე გაყიდის. ხოლო პაბლო პიკასოს ნამუშევარს, სახელწოდებით „გიტარა მაგიდაზე“, რომელიც $20-დან $30 მილიონამდეა შეფასებული, მუზეუმი ასევე Sotheby’s-ის აუქციონზე ნიუ-იორკში, ნოემბერში გაიტანს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მუზეუმი შემოსავლის ძირითადი ნაწილის ონლაინ სივრცეში ფეხის მოსაკიდებლად გამოიყენებს, ასევე ციფრული ხელოვნების ნიმუშების, მათ შორის NFT-ების შესაძენად.