გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

საინტერესო სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან უჩვეულო გასულ კვირასაც არ ყოფილა. სფეროს განვითარების ტენდენცია კვლავ მზარდია და ავტომოყვარულების გაოცებას კვლავინდებურად განაგრძობს. ბოლო კვარტალში უპირატესობის მოსაპოვებლად მსხვილი თუ ნაკლებად პოპულარული ავტომწარმოებლები მომხმარებლებს სასიამოვნო სიახლეებს აცნობენ. შეჩერებული წარმოების შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას Tesla-მ და Toyota-მ გაავრცელეს. თუმცა ყველა მწარმოებლისათვის ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის. მაგალითად, Ford-ს საკუთარი პიკაპისთვის ღირებულების გაზრდა კიდევ ერთხელ უწევს. Rivian-მა კი 13,000 ავტომობილის უკან გამოხმობის გადაწყვეტილება მიიღო. ამ და სხვა სიახლეების შესახებ ინფორმაციას Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ საავტომობილო მიმოხილვაში გაეცნობით.

Tesla კომპანია PepsiCo-სთვის ელექტროსატვირთოების მიწოდებას დეკემბრიდან დაიწყებს

ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Tesla-ს მიერ გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის PepsiCo-სთვის ელექტროსატვირთოების მიწოდებას პირველი დეკემბრიდან დაიწყებს.

REUTERS/Alexandria Sage

PepsiCo-ს ინფორმაციით, ამერიკული ავტომწარმოებლის მიერ მიწოდებულ ელექტროსატვირთოებს აშშ-ში მდებარე ორი ქარხნისთვის გამოიყენებენ. კომპანიის მიზანი წარმოებაში ემისიების შემცირებაა, სწორედ ამიტომ Tesla-ს ელექტროსატვირთოების შეკვეთა ჯერ კიდევ 2017 წელს მისცა. თავდაპირველი გარიგება 100 ერთეულ ელექტროსატვირთოზე დაიდო. უნდა აღვნიშნოთ, რომ PepsiCo წარმოებაში ნულოვანი ემისიის მიღწევას 2040 წლისთვის გეგმავს.

PepsiCo-ს აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, კომპანიის მიერ წარმოქმნილი ემისიების 10% ტრანსპორტირებაზე მოდის. გასულ წელს კომპანიის ავტოპარკმა ჯამურად 1.8 მილიარდი კილომეტრი დაფარა.

ელექტროსატვირთოების წარმოების დაწყების შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას ილონ მასკმა გაავრცელა. მისი განმარტებით, პირველი პროტოტიპები ერთი სრული დამუხტვით 805 კილომეტრის გავლას შეძლებენ. მოკლე დისტანციის ოპერაციებისათვის კი ეს ეფექტიანი გადაწყვეტა იქნება.

საინტერესოა, რომ PepsiCo-ს გარდა Tesla-ს ელექტროსატვირთოების შეძენის ინტერესი UPS-მა, Walmart Canada-მ და Sysco Corp-მაც გამოთქვეს. თუმცა, როგორც ჩანს, PepsiCo პირველი კომპანიაა, რომელიც დიდი ხნის ნანატრ ელექტროსატვირთოებს მიიღებს.

Toyota-მ საკუთარი პირველი ელექტრომობილის წარმოება დიდხნიანი პაუზის შემდეგ განაახლა

სამთვიანი მოლოდინის შემდეგ, გაყიდვებით მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველი ელექტრომობილის დამზადება გაგრძელდება. იაპონურმა Toyota-მ გასულ კვირას განაცხადა, რომ უსაფრთხოების პოტენციური პრობლემების გამოსწორების პროცესი, როგორც იქნა, დასრულდა და ბრენდის სადებიუტო ელექტრომობილის bZ4X-ის წარმოება უახლოეს პერიოდში განახლდება.

REUTERS/Mike Blake

შეგახსენებთ, რომ Toyota-მ ივნისში უკვე წარმოებული 2,700 ერთეული bZ4X-ი ადგილობრივი ბაზრიდან უკან გამოიხმო. მიზეზად კი ავტომობილის საბურავების პოტენციური პრობლემები დასახელდა. იაპონიის სატრანსპორტო სამინისტროს მიერ ივნისში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდ მოსახვევებსა და უეცარ მუხრუჭს შესაძლოა ხრახნების შესუსტება და საბოლოოდ საბურავის განცალკევება გამოეწვია. შესაბამისად, Toyota-ს სულ რამდენიმე თვის წარმოებული პირველი ელექტრომობილების უკან გამოხმობა მოუხდა.

საინტერესოა, რომ ელექტრომობილების უკან გამოხმობის შემდეგ Toyota-მ დამატებით აირბაგებთან დაკავშირებული პრობლემაც აღმოაჩინა. კომპანიის განცხადებით, აღნიშნული პრობლემაც გამოსწორებულია. ჯერჯერობით bZ4X-ის შესყიდვა მხოლოდ იაპონურ ბაზარზეა შესაძლებელი.

მიუხედავად იმისა, რომ მსხვილი ავტომწარმოებლებისაგან საკუთარი პირველი ელექტრომობილი Toyota-მ საკმაოდ გვიან წარადგინა, მისი რეპუტაცია ბაზარზე დამკვიდრებაში დაეხმარება.

ინფლაციის ზრდის გამო, Ford-მა საკუთარი ელექტროპიკაპის, F-150-ის ფასი გაზარდა

გასულ კვირას კომპანიის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ  ინფლაციის ზრდის გამო Ford-ი 2023 წელს საკუთარი ელექტროპიკაპის, F-150 Lightning Pro-ს ფასს 11%-ით ზრდის.

REUTERS/Francois Lenoir

კომპანიის პრესსპიკერის თქმით, მიწოდების ჯაჭვის პრობლემების, ბუნებრივ რესურსებზე ფასების ზრდისა და ბაზრის სხვა ფაქტორების გამო ახალი ფასი $51,974 დოლარით განისაზღვრა, ნაცვლად $46,974 დოლარისა.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საკუთარ ავტომობილებზე ფასები სხვა ელექტრომობილების მწარმოებლებმა, Tesla-მ და Rivian-მაც გაზარდეს. ამის მიზეზი კი სხვადასხვა ეკონომიკურ ფაქტორთან ერთად რუსეთის უკრაინაში შეჭრა და დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარებაც გახლავთ.

საინტერესოა, რომ Ford-მა საკუთარი ელექტროპიკაპის, F-150-ის მოდელების ფასი წარმოების დაწყებიდან პირველად აგვისტოში გაზარდა. მაშინ ზრდამ 6000-დან 8500-მდე დოლარი შეადგინა. ცნობისათვის, Pro მოდელი F-150 მოდელებში ყველაზე დაბალბიუჯეტური ვარიანტია.

Ford-ის პრესსპიკერის განცხადებით, ფასის ზრდა არ შეეხებათ იმ მომხმარებლებს, რომელთაც წინასწარი ჯავშნები უკვე გააკეთეს.

Porsche-მ კაპიტალიზაციით Volkswagen-ს გადაუსწრო და ევროპის ყველაზე ძვირად ღირებული ავტომწარმოებელი გახდა

ლეგენდარული გერმანული ბრენდი Porsche ამჟამად ევროპის ყველაზე ძვირად ღირებული ავტომწარმოებელი კომპანიაა. 6 ოქტომბერს Porsche-მ საფონდო ბირჟაზე საბაზრო კაპიტალიზაციით Volkswagen-ს გადაუსწრო.

REUTERS/Kai Pfaffenbach

Porsche-ს საბაზრო ღირებულება ამჟამად 81 მილიარდ დოლარს შეადგენს, Volkswagen-ის კი – 77 მილიარდ დოლარს.

საგულისხმოა, რომ Porsche თავად Volkswagen-ის შვილობილი კომპანიაა, თუმცა გასულ კვირას გერმანული კომპანიის აქციების საფონდო ბირჟაზე განთავსების შემდეგ, ინვესტორების დაინტერესებამ Porsche-ს მიმართ მკვეთრად მოიმატა, რამაც მისი კაპიტალიზაციის ზრდა გამოიწვია.

ამჟამად გლობალური რეიტინგის სათავეში $749-მილიარდიანი შეფასებით ამერიკული Tesla-ა, მეორე ადგილს $188-მილიარდიანი კაპიტალიზაციით იაპონური Toyota იკავებს; მესამეზე კი $82-მილიარდიანი შეფასებით Porsche იმყოფება.

ცნობისთვის, Porsche ყველა დროის ყველაზე წარმატებულ სარბოლო ბრენდად ითვლება, რომელსაც ლე-მანის 24-საათიან რბოლაში 19 აბსოლუტური გამარჯვება აქვს მოპოვებული, რაც მსოფლიო რეკორდია.

გარდა რბოლისა, Porsche-ს კომფორტიცა და ტექნოლოგიურობაც გამოარჩევს. Panamera და Cayenne ამის თვალსაჩინო მაგალითებია. რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივას, გერმანული კომპანია ელექტრომობილების მზარდ ბაზარზეც გეგმავს ლიდერობის მოპოვებას, მაგალითად, Porsche Taycan-მა უკვე მოიპოვა Top Gear-ის, Drive-ისა და EVO-ს საუკეთესო ელექტრომობილის წოდება.

Porsche-ს უმსხვილეს ინვესტორთა შორისაა: Qatar Investment Authority, T. Rowe Price Group-ი, Norges Bank-ი და Abu-Dhabi Developmental Holding Company.

მოტოციკლეტების ინდური მწარმოებელი Hero ელექტროსკუტერების წარმოებას იწყებს

გაყიდვებით მოტოციკლეტების მსოფლიოს უდიდესმა მწარმოებელმა, ინდურმა Hero-მ სადებიუტო ელექტროსკუტერი წარადგინა. ინდოეთში არსებული სხვა მსხვილი მოტომწარმოებლების მსგავსად, პირველი ორბორბლიანი ელექტროდანადგარის წარდგენა Hero-მაც მეტად დააგვიანა. ამან კი კონკურენტებს პირველობის უპირატესობა მისცა. თუმცა მსოფლიოს უმსხვილესი მოტომწარმოებელი ინდუსტრიაში პირველობის დათმობას არც ადგილობრივ კონკურენტებთან ბრძოლაში აპირებს.

REUTERS/Amit Dave/File Photo

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ინდოეთის საკმაოდ მკაცრი სატრანსპორტო პოლიტიკა გახლავთ. პოლიტიკა ადგილობრივ მწარმოებლებს ალტერნატიული, მწვანე ტრანსპორტზე გადასვლისკენ უბიძგებს. ინდოეთის მთავრობის მიზანია, 2030 წლისთვის, გაყიდული მოტოციკლეტებისა და სკუტერების 80% სწორედ ელექტრო იყოს. საინტერესოა, რომ დღეს ეს რიცხვი მხოლოდ 2%-ს შეადგენს, რაც დრამატულად დაბალი მაჩვენებელია. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ინდოეთის ბაზარზე გადაადგილების ორბორბლიანი საშუალებები უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

Hero-ს სადებიუტო მოდელს Vida Plus-ი ერქმევა და მისი ღირებულება 1,800 აშშ დოლარი იქნება. ელექტროსკუტერს ერთი სრული დამუხტვით 143 კილომეტრის გავლა შეეძლება. საინტერესოა, რომ იმავე შედეგის გამეორება კონკურენტ Ather-ს უფრო დაბალფასიანი ელექტროსკუტერით შეუძლია. ეს კი არ არის გამორიცხული, რომ Hero-სთვის პრობლემა აღმოჩნდეს.

ქარხნული წუნის გამო Rivian-ი 13,000 ელექტრომობილს უკან გამოიხმობს

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი, Rivian Automotive ქარხნული წუნის გამო წელს წარმოებულ თითქმის ყველა ავტომობილს უკან გამოიხმობს. მიზეზი ქარხნული პრობლემაა, რამაც შესაძლოა, მძღოლს საჭეზე კონტროლი დააკარგვინოს.

REUTERS/Kamil Krzaczynski

კომპანიის სპიკერის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, Rivian-ი ჯამში 13,000 ერთეულ ელექტრომობილს გაიწვევს. ცნობისათვის, წელს ამერიკულმა მწარმოებელმა სულ 14,317 ავტომობილი გამოუშვა. კომპანიამ აღნიშნულის შესახებ ავტომობილების მფლობელებს უკვე შეატყობინა. ავტომობილების უკან გაწვევის გადაწყვეტილება Rivian-მა მას შემდეგ მიიღო, რაც პრობლემის შესახებ შვიდი დამოუკიდებელი ანგარიში გამოიკვლია.

შეგახსენებთ, რომ მაისში Rivian-მა 500 ერთეული ელექტროპიკაპი R1T გაიწვია. მიზეზი კი აირბაგების უფუნქციობის შესაძლებლობა გახლდათ წინა სავარძელზე ბავშვის მოთავსების შემთხვევაში.