იტალიის მთავრობა რუსული Lukoil-ის საკუთრებაში არსებული ქარხნის შესაძლო გაყიდვის საკითხს განიხილავს. იტალიის ინდუსტრიის მინისტრის, ალდო ურსოს ინფორმაციით, სიცილიაში მდებარე ქარხნის შესაძლო გაყიდვა ქვეყნისთვის საწვავის წარმოების დაკარგვისა და სამუშაო ადგილების შემცირების თავიდან ასაცილებლად განიხილება.
ISAB-ის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა იტალიის სრული გადამმუშავებელი მოცულობის დაახლოებით 20%-ს შეადგენს. ქარხანაში დასაქმებულთა რაოდენობა კი იტალიის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ რეგიონში 1,000 პირს აღწევს. Lukoil-ი, ISAB-ის გაყიდვის მიზნით, მოლაპარაკებებს ამერიკის შეერთებული შტატების საინვესტიციო პლატფორმა Crossbridge Energy Partners-სთან აწარმოებდა. გარიგების დასრულება, რუსულ გაზზე მოახლოებული ემბარგოს ფონზე, ქარხნის ფუნქციონირების გაგრძელებას უზრუნველყოფდა.
მიუხედავად ამისა, Financial Times-ის ინფორმაციით, რუსულმა ჯგუფმა Crossbridge-ის შემოთავაზება უარყო, რაც ზეწოლას ზრდის იტალიის მთავრობაზე, ქარხნის გაკოტრების თავიდან ასაცილებლად, სწრაფად იპოვოს გამოსავალი. ცნობისთვის, ნავთობის ემბარგო 5 დეკემბრიდან იწყება. მინისტრი, ალდო ურსო, იმედს გამოთქვამს, რომ Lukoil-ი განაგრძობს საქმიანობას სიცილიაში, ან სურვილის შემთხვევაში, ბიზნესს იტალიელ ან უცხოელ ინვესტორს მიჰყიდის.
„ნავთობი არის სექტორი უდიდესი ძალაუფლებით, შესაბამისად, ნებისმიერი შესაძლო სახით საკუთრების გადაცემა ფუნდამენტურ გავლენას იქონიებს ქვეყნის წარმოებისა და დასაქმების დონეზე“, – განუცხადა ურსომ Radio 24-ს. აღსანიშნავია, რომ რომს, სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიების უცხოური ინტერესებისგან დასაცავად, სპეციალური რეგულაციები აქვს.
მარიო დრაგიმ, მისი მმართველობისას, ე.წ. „ოქროს უფლებამოსილება“ მრავალგზის გამოიყენა. ურსოს განცხადებით, ქვეყნის ნაციონალური ინტერესების დასაცავად, მსგავს პოლიტიკას მელონის ადმინისტრაციაც გააგრძელებს.