NASA-მ მთვარისკენ მეგარაკეტა SLS-ი გაუშვა

NASA-მ მთვარისკენ მეგარაკეტა SLS-ი გაუშვა

აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ (NASA) მისია Artemis 1-ის ფარგლებში დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრისკენ მსოფლიოში უმძლავრესი რაკეტა Space Launch System-ი (SLS) გაუშვა. აპარატი, რომლის დახმარებითაც სააგენტომ Orion-ის სახელწოდებით ცნობილი კაფსულა მთვარისკენ გაგზავნა, ფლორიდის შტატში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან აფრინდა.

აღსანიშნავია, რომ NASA-მ მისია Artemis 1 სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე გადადო. ხომალდის გაშვება ჯერ მიმდინარე წლის 29 აგვისტოს, შემდეგ კი სექტემბრის სხვადასხვა რიცხვში იგეგმებოდა.  

შეგახსენებთ, Artemis 1 პროგრამა Artemis-ის პირველ სატესტო მისიას წარმოადგენს, რომლის მიზანიც დაახლოებით 50-წლიანი პაუზის შემდეგ ადამინის მთვარეზე დაბრუნებამდე, NASA-ს კოსმოსური ხომალდის გამართულობისა და უსაფრთხოების შემოწმებაა. ისტორიული მისია Artemis 3, რომელიც 2025 წლისთვის იგეგმება, სწორედ SLS-ისა და Orion-ის დახმარებით განხორციელდება.

მთვარეზე ადამიანის დაბრუნებამდე, 2024 წელს კიდევ ერთი მისია, Artemis 2 იგეგმება, რომლის ფარგლებშიც კოსმოსური ხომალდით ასტრონავტები ჩვენი პლანეტის ბუნებრივ თანამგზავრს შემოუვლიან და კვლავ დედამიწაზე დაბრუნდებიან.