ამერიკის შეერთებული შტატების შუალედური არჩევნებიდან ერთი კვირის თავზე, დონალდ ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ გააკეთა განცხადება. შეგახსენებთ, რომ ტრამპი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატ ბაიდენთან დამარცხდა.
„ამერიკის დაბრუნება იწყება ახლა!“ – ამ ტექსტით აშშ-ის რიგით 45-ე პრეზიდენტმა მხარდამჭერებს ფლორიდაში, საკუთარ რეზიდენციაში მიმართა. „იმისთვის, რომ ამერიკას კვლავ დავუბრუნოთ დიდება, მე ვაყენებ ჩემს კანდიდატურას შეერთებული შტატების პრეზიდენტობის პოსტზე“, – განაცხადა ტრამპმა მას შემდეგ, რაც მესამე საპრეზიდენტო კანდიდატურისთვის ოფიციალური დოკუმენტი შეავსო.
დონალდ ტრამპმა აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატურა უჩვეულოდ ნაადრევად წარადგინა, რასაც ვაშინგტონში რამდენიმე ფაქტს უკავშირებენ. ნაწილი მიიჩნევს, რომ ტრამპი, მისი შესუსტებული ძალაუფლებიდან გამომდინარე, სხვა რესპუბლიკელი კონკურენტების ჩამოშორებას ცდილობს, ნაწილი კი, ამასთან ერთად, ტრამპის ნაბიჯს სისხლის სამართლის პოტენციური ბრალდებებისგან თავის არიდების მცდელობას უკავშირებს.
მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა მისი პრეზიდენტობის მიღწევებსა და აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის სისუსტეებზე გაამახვილა ყურადღება და პირობა დადო, რომ ბაიდენი, დამატებით ოთხი წლით, პრეზიდენტად დარჩენას ვეღარ შეძლებს. თავად დემოკრატი ლიდერი კი ტრამპის მიერ კანდიდატურის წამოყენებას Twitter-ზე პოსტით გამოეხმაურა: „დონალდ ტრამპმა ამერიკას იმედები გაუცრუა“.