დეკემბერში, ნიუ-იორკში დაგეგმილ Christie’s-ის აუქციონზე, ერთ-ერთ ლოტად იშვიათი, 13.15-კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი იქნება წარმოდგენილი. „ჯადოსნური სამკაულების“ აუქციონზე ის $25-$35 მილიონად იქნება შეფასებული.
Christie’s-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჟაკლინ დისანტეს ინფორმაციით, ვარდისფერი ბრილიანტების უმეტესობას სხვა ფერის კვალი აღენიშნება, მაგალითად მეწამული, ნარინჯისფერი, ყავისფერი ან ნაცრისფერი. თუმცა ზემოხსენებულ ქვაში მეორე ფერის კვალი არ შეინიშნება, რაც მას კოლექციონერებისთვის უფრო მეტად მიმზიდველს ხდის.
დისანტეს თქმით, Christie’s-ის აუქციონზე ამ კალიბრის ვარდისფერი ბრილიანტი „Winston Pink Legacy“-ის შემდეგ არ გამოჩენილა. „Winston Pink Legacy“ – 18.96-კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი Christie’s-ის ჟენევის აუქციონზე, 2018 წელს, $50.3 მილიონზე მეტად გაიყიდა.
Christie’s-ის განცხადების თანახმად, ვარდისფერი ბრილიანტების მხოლოდ 10%-ზე ნაკლები იწონის კარატის მეხუთედზე მეტს. აღნიშნული ბრილიანტის გარდა, 6 დეკემბერს გასამართ „ჯადოსნური სამკაულების“ აუქციონზე კერძო კოლექციებიდან მრავალი, მათ შორის ისტორიული შინაარსის მქონე ძვირფასეულობაც იქნება წარმოდგენილი.