ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით მცირედი გაუფასურების, ხოლო ევროს მიმართ მცირედი გამყარების ტენდენციას ავლენს. 2018 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 0.1%-ით გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ 1.3%-ით გამყარდა. ამავე პერიოდში გამყარდა ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიც. საბიუჯეტო ოფისის მონაცემებით, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 2018 წლის ივნისში ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 1.9%-ით, ხოლო ევროს მიმართ 5.8%-ით გაუფასურდა.
ივნისში რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურების ტენდენციას ავლენს, თუმცა სრულიად განსხვავებული ზომით. კერძოდ, 2018 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აშშ დოლართან მიმართებაში ყველაზე მკვეთრად გაუფასურდა თურქული ლირა (24.2%-ით) და რუსული რუბლი (7.9%-ით), შედარებით ნაკლებად – აზერბაიჯანული მანათი (0.3%-ით) და სომხური დრამი (0.2%-ით).
ივნისში რეგიონის ქვეყნებში, გარდა თურქეთისა, სამომხმარებლო ფასების ინფლაცია მსგავსი დინამიკით ხასიათდება. კერძოდ, 2018 წლის ივნისში თურქეთში წლიურმა ინფლაციამ 15.4% შეადგინა. შედარებით დაბალი იყო ინფლაციის დონე რუსეთსა (1.8%) და სომხეთში (0.9%). რაც შეეხება აზერბაიჯანს, 2018 წლის მაისის მდგომარეობით, სამომხმარებლო ფასებმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.0%-ით მოიმატა.