თურქეთმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე გაბარის მთაზე 150 მილიონი ბარელი ნავთობის მარაგი აღმოაჩინა. პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინფორმაციით, მისი ღირებულება $12 მილიარდს შეადგენს. პრეზიდენტმა ფაქტს ხმელეთზე 2022 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა უწოდა.
თურქეთი, რეგიონის მასშტაბით, ოთხ ჭაბურღილში 5,000 ბარელ მაღალი ხარისხის ნავთობს აწარმოებს. ზოგადად კი, ერდოღანის განცხადებით, ხუთი წლის წინ თურქეთის ნავთობის კოოპერაციის (TPAO) დღიური წარმოება დაახლოებით 40,000 ბარელს უტოლდებოდა, დღეს მაჩვენებელი 65,000 ბარელამდე გაიზარდა.
ანკარის მიზანი ასწლეულის ბოლომდე, დღიური წარმოების 100,000 ბარელამდე გაზრდაა, რასაც უფრო მეტი სეისმური კვლევის, ბურღვითი ოპერაციებისა და პროდუქტიულობის ზრდის მეთოდებით გეგმავს.
„მიუხედავად იმისა, რომ ნავთობისა და ბუნებრივი აირის კომპანიების დიდი ნაწილი პანდემიის დროს მუშაობისგან თავს იკავებდა, Turkish Petroleum-მა კვლევითი და წარმოების საქმიანობები, პირიქით, დააჩქარა. მხოლოდ 2021 წლის 34 აღმოჩენით, თურქეთის ამჟამინდელ რეზერვს 71 მილიონი ბარელი შეემატა“, – განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.
ამავდროულად თურქეთი შავი ზღვის წყლებში აღმოჩენილი რეზერვებიდან ბუნებრივი აირის მისაღებად ემზადება, რაც 2023 წელს უნდა დაიწყოს. მომავალი წლის პირველი კვარტალისთვის თურქეთი 10 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიღებას გეგმავს, წარმოების პიკს კი 2026 წლისთვის მიაღწევს.