აშშ-მა რუსეთის რიგით მეორე უმდიდრეს ადამიანს, ვლადიმირ პოტანინს სანქციები დაუწესა

აშშ-მა რუსეთის რიგით მეორე უმდიდრეს ადამიანს, ვლადიმირ პოტანინს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი და გავლენიანი ოლიგარქი, ვლადიმირ პოტანინი, მისი მეუღლე და შვილები დაასანქცირა, – ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის განცხადებაში ვკითხულობთ. აღსანიშნავია, რომ პოტანინი ე.წ. „SDN-სიაში“ მოხვდა, რაც მისი ამერიკული აქტივების გაყინვას და ამერიკელებთან საქმიან ურთიერთობაში შესვლის აკრძალვას გულისხმობს.

თავად ვლადიმირ პოტანინის გარდა, სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდნენ მილიარდერის მეუღლე, ეკატერინა და შვილები – ივანი და ანასტასია. ცხადია, სანქციები ეხება მილიარდერის აქტივებსაც, მათ შორის „ნორნიკელის“ მფლობელ ჰოლდინგურ კომპანიას, „Interros“-ს და „როსბანკს“, რომელიც პოტანინმა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რუსეთიდან გასული Société Générale-ისგან შეიძინა. საინტერესოა, რომ ვლადიმირ პოტანინის სანქცირებული აქტივების სიაში მოხვდა $120-მილიონიანი სუპერიახტა, სახელწოდებით Nirvana.

აღსანიშნავია, რომ პოტანინის და მისი ოჯახის წევრების გარდა, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ პირთა სიაში რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნებიც მოხვდნენ, მათ შორის ვიცე-პრემიერები ანდრეი ბელოუსოვი და დმიტრი ჩერნიშენკო, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ალექსეი საზანოვი, „რუსეთის რკინიგზის“ ხელმძღვანელი, ოლეგ ბელოზიოროვი და რამდენიმე ოლქის გუბერნატორი. ამასთანავე, სანქციები შეეხო „ვითიბი ბანკის“ ჩვიდმეტ შვილობილ ორგანიზაციას.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ვლადიმირ პოტანინი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონებას, ამერიკული Forbes-ი $26.4 მილიარდად აფასებს. ამერიკის შეერთებული შტატების გარდა, პოტანინი კანადის, ავსტრალიის და გაერთიანებული სამეფოს მიერაა სანქცირებული.