გასული კვირა სპორტის სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლით იყო გამორჩეული. ესპანეთის სასამართლომ თაღლითობაში ბრალდებული ნეიმარი უდანაშაულოდ ცნო. ხვიჩა კვარაცხელია კი სპორტული გამოცემა Goal.com-ის რეიტინგში, რომელიც 2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა შანსებს აფასებს, კვლავ დაწინაურდა.
სიახლეებია საკალათბურთო სფეროში: NBA-მ წლის MVP-ისთვის მაიკლ ჯორდანის სახელობის ჯილდო დააწესა; NBA-ის გუნდ Phoenix Suns-ისა და WNBA-ის გუნდ Phoenix Mercury-ის შესაძენად, ვენჩურული კაპიტალის კომპანიებმა, $3-მილიარდიანი შეთავაზება გააკეთეს.
ფორმულა 1-იდან ყურადღების ცენტრში მოექცა მიხაელ შუმახერის შვილი, მიკ შუმახერი, რომელმაც Mercedes-ის F1-ის გუნდთან კონტრაქტი გააფორმა. ჩოგბურთიდან კი გამოსარჩევია WTA-ის მიერ 21 წლის პოლონელი იგა შვიონტეკის წლის საუკეთესო ჩოგბურთელად დასახელება.
წინამდებარე მიმოხილვაში აღნიშნულ სიახლეებზე დეტალურად მოგითხრობთ.
ესპანეთის სასამართლომ ნეიმარის საქმეზე განაჩენი გამოიტანა
ესპანეთის სასამართლომ ბრაზილიის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი, ნეიმარი, ასევე პირები, რომელთაც მასთან ერთად თაღლითობაში ედებოდათ ბრალი, უდანაშაულოდ ცნო. საქმე ეხება 2013 წელს განხორციელებულ ტრანსფერთან დაკავშირებულ დავას, როდესაც ნეიმარი „სანტოსიდან“ „ბარსელონაში“ გადავიდა.
მოსარჩელე მხარე ბრაზილიური კომპანია DIS-ი გახლდათ, რომელმაც ფეხბურთელი და მამამისი, ასევე ზემოხსენებული კლუბების მაშინდელი პრეზიდენტები ტრანსფერის რეალური ღირებულების დამალვაში დაადანაშაულა. როგორც ფირმა ამტკიცებდა, ამ გზით ბრალდებულებმა მისთვის წილის გადახდა აირიდეს თავიდან.
DIS-ის განცხადებით, ის ფეხბურთელის უფლებების 40%-ს ფლობს. შესაბამისად, კომპანიის თქმით, 2013 წელს განხორციელებული ტრანსფერის საფასურის 40% მას უნდა მიეღო. მისივე განცხადებით, DIS-ის გაცილებით ნაკლები თანხა ერგო.
თუმცა, როგორც ხუთშაბათს გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ განაცხადა, „არ დადასტურდა, რომ არსებობდა ყალბი კონტრაქტი ან, რომ ბრალდებულებს DIS-ისთვის ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული“.
აღსანიშნავია, რომ DIS-ი ნეიმარისთვის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
მიკ შუმახერი Mercedes-ის F1-ის გუნდის სარეზერვო პილოტი იქნება
ლეგენდარული ავტომრბოლელის, მიხაელ შუმახერის შვილმა, მიკ შუმახერმა Mercedes-სთან ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, 2023 წელს ის Mercedes-AMG PETRONAS-ის სარეზერვო პილოტი იქნება.
აღსანიშნავია, რომ მიკ შუმახერი, რომელიც 2020 წლის ფორმულა 2-ის გამარჯვებულია, აქამდე F1-ში Haas-ის გუნდის სახელით ასპარეზობდა. 2023 წლიდან კი კარიერას „მერსედესთან“ ერთად გააგრძელებს.
„მოხარული ვარ, რომ Mercedes-AMG PETRONAS F1-ის გუნდის ნაწილი ვიქნები, როგორც მათი სარეზერვო მძღოლი 2023 წლისთვის. მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო, რათა საკუთარი წვლილი შევიტანო მის წარმატებაში ამ ძალზე კონკურენტულ გარემოში. მოუთმენლად ველი მეტი ცოდნის შეთვისებას, მთელს ძალისხმევას მივმართავ „მერსედესის“ გუნდის სასარგებლოდ“, – განაცხადა F1-ის 23 წლის პილოტმა.
შეგახსენებთ, სწორედ Mercedes-ის გუნდში დაასრულა 2012 წელს პროფესიონალური სარბოლო კარიერა ლეგენდარულმა მიხაელ შუმახერმა.
კვარაცხელია Goal.com-ის 2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა რეიტინგში კვლავ დაწინაურდა
„ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული სპორტული გამოცემა Goal.com-ის რეიტინგში, რომელიც 2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა შანსებს აფასებს, კვლავ დაწინაურდა. ნეაპოლელთა თავდამსხმელმა ჩამონათვალში მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.
აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში Goal.com-მა 2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა შორის კვარაცხელია მე-15 ადგილზე დაასახელა, ნოემბერში განახლებულ რეიტინგში კი ქართველი უკვე მე-10 ადგილს იკავებდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, გამოცემამ ხვიჩას შანსები მაინც გაზრდილად შეაფასა.
რეიტინგში ასევე ერთი პოზიციით დაწინაურდნენ კილიან მბაპე, ერლინგ ჰაალანდი და მოჰამედ სალაჰი. ხოლო ათეული ჯამალ მუსიალამ დატოვა.
მოცემული დროისთვის, Goal.com-ის რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
- ლიონელ მესი (პსჟ)
- კილიან მბაპე (პსჟ)
- ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი)
- ნეიმარი (პსჟ )
- რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
- ვინისიუს ჟუნიორი (რეალი)
- კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)
- მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
- ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
- ანტუან გრიზმანი (მადრიდის ატლეტიკო)
NBA-მ მაიკლ ჯორდანის სახელობის ჯილდო დააწესა
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) ლეგენდარული კალათბურთელის, მაიკლ ჯორდანის სახელობის ჯილდო დააწესა. როგორც ცნობილია, პრიზი ყოველწლიურად ყველაზე ღირებულ მოთამაშეს, MVP-ის გადაეცემა.
აღსანიშნავია, რომ მაიკლ ჯორდანის სახელობის ჯილდოს გარდა, NBA-მ კიდევ ხუთი პრიზი დააწესა. ეს ჯილდოებიც NBA-ის ლეგენდების სახელებს ატარებს.
მათ შორისაა: ჯერი უესტის სახელობის ჯილდო, რომელიც მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი ქულის მომტან მოთამაშეს გადაეცემა; ჰაკიმ ოლაჯუვონის ჯილდო წლის საუკეთესო მცველისთვის; უილტ ჩემბერლენის ჯილდო წლის ახალბედასთვის; ჯონ ჰავლიჩეკის ჯილდო წლის მეექვსე მოთამაშისთვის; ჯორჯ მაიკენის ჯილდო წლის ყველაზე პროგრესირებადი კალათბურთელისთვის.
მაიკლ ჯორდანი NBA-ის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ არის მიჩნეული. მისი პროფესიონალური საკალათბურთო კარიერის ძირითადი ნაწილი „ჩიკაგო ბულზს“ უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ჯორდანს NBA-ის ჩემპიონის ტიტული ექვსჯერ აქვს მოპოვებული, ხოლო სეზონის MVP-იდ ხუთჯერ არის დასახელებული.
აქვე გეტყვით, რომ ლეგენდარული კალათბურთელი NBA-ის გუნდ Charlotte Hornets-ის მფლობელია.
იგა შვიონტეკი WTA-ის წლის ჩოგბურთელად დასახელდა
იგა შვიონტეკი WTA-ის წლის საუკეთესო ჩოგბურთელად დასახელდა. აღსანიშნავია, რომ 21 წლის პოლონელმა მიმდინარე წელს დიდი სლემის ორი ტურნირი მოიგო: ივნისში საფრანგეთის ღია პირველობა, ხოლო სექტემბერში – აშშ-ის ღია პირველობა.
შვიონტეკი აპრილში ქალთა შორის მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა, მას შემდეგ, რაც 25 წლის ეშლი ბარტიმ, მოულოდნელად პროფესიონალური საჩოგბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. მანამდე ზემოხსენებულ სტატუსს სწორედ ის ატარებდა.
იგა შვიონტეკმა, რომელიც 2020 წელს WTA-ის წლის ახალბედა ჩოგბურთელი გახდა, 2022 წლის ტურნირებზე თავი 67 შეხვედრაში გამარჯვებითა და მოგებული რვა ტიტულით გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ პოლონელმა, თებერვლიდან ივლისამდე, ექვსი სხვადასხვა თასის გათამაშებაში ზედიზედ 37 მატჩი მოიგო, რაც ჩოგბურთელ ქალთა შორის მიმდინარე საუკუნეში დაფიქსირებული საუკეთესო შედეგია.
ცნობისთვის, იგა შვიონტეკმა მხოლოდ მიმდინარე წელს საერთო ჯამში 9.87 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საპრიზო თანხა მოიგო. 21 წლის ჩოგბურთელის მიერ კარიერის განმავლობაში მოგებული საპრიზო თანხა კი 14.7 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.
ინვესტორების კონსორციუმმა Phoenix Suns-ის შესაძენად $3-მილიარდიანი შეთავაზება გააკეთა
ვენჩურული კაპიტალის ორმა კომპანიამ, Thiel Capital-მა და Shasta Ventures-მა, NBA-ის გუნდ Phoenix Suns-ისა და WNBA-ის გუნდ Phoenix Mercury-ის შესაძენად $3-მილიარდიანი შეთავაზება გააკეთა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, თავდაპირველად, The Wall Street Journal-მა გაავრცელა.
როგორც გამოცემა იტყობინება, შეთავაზებას კატარის სუვერენული სიმდიდრის ფონდიც უერთდება. The Wall Street Journal-ის ცნობით, ის გარიგებაში პიტერ ტიელის საკუთრებაში არსებული Thiel Capital-ის მხრიდან მონაწილეობს.
Phoenix Suns-ისა და Phoenix Mercury-ის მფლობელმა, რობერტ სარვერმა გუნდების გაყიდვის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის სექტემბერში მიიღო და მაშინ სანაცვლოდ 4 მილიარდი აშშ დოლარი მოითხოვა. მანამდე NBA-მ სარვერი 10 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა და „Suns“-ს ერთი წლით ჩამოაშორა. მიზეზი სამსახურებრივი გადაცდომის ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიება გახლდათ.
დამოუკიდებელმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ამერიკელმა ბიზნესმენმა ქალი თანამშრომლების მიმართ არასამართლიანი მოპყრობა გამოიჩინა, რაც გარეგნობასთან დაკავშირებით შეუსაბამო შენიშვნებსა და სხვა შემავიწროებელ ქმედებებში გამოიხატა. გარდა ამისა, სარვერი რასობრივ შეურაცხყოფაშიც ამხილეს.
რობერტ სარვერი უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანია Southwest Value Partners-ის (SWVP) თანადამფუძნებელია. ის, Phoenix Suns-ისა და Phoenix Mercury-ის გარდა, ესპანური საფეხბურთო კლუბის, „მალიორკას“ მფლობელია, რომელიც 2016 წელს 20 მილიონ ევროდ შეიძინა. რაც შეეხება Phoenix Suns-ს, ბიზნესმენმა NBA-ის გუნდში $401 მილიონი გადაიხადა.