ნახევარგამტარების ინდუსტრიის ამერიკული გიგანტი Intel-ი, ავტონომიური მართვის ტექნოლოგიებისა და მძღოლთა დამხმარე სისტემის (ADAS) კომპანია Mobileye-ში წილის გაყიდვას გეგმავს.
მარეგულირებელი დოკუმენტების თანახმად, Intel-ი შეთავაზებაზე Mobileye-ის 35 მილიარდ, A-კლასის აქციას გაიტანს, რომელთა ღირებულებაც $1.5 მილიარდს უტოლდება. შედეგად, ტექნოლოგიურ კომპანიაში აქციონერთა შეხვედრაზე Intel-ის ხმის უფლების წილი არსებული 99.3%-დან 98.7%-მდე შემცირდება. Intel-ის ინფორმაციით, აქციების გაყიდვის პროცესს Goldman Sachs-ი და Morgan Stanley უხელმძღვანელებენ. ცნობისთვის, გახანგრძლივებულ ვაჭრობაში, ისრაელში დაფუძნებული Mobileye-ის აქციების ფასი, 4%-ით, $40.55-მდე დაეცა.
Intel-მა კი წილის გაყიდვის გადაწყვეტილება იმ დროს მიიღო, როდესაც ბაზარზე ისეთი კომპანიების შემოსვლით, როგორიცაა ჩიპების მწარმოებელი Nvidia და Qualcomm-ი, კონკურენცია სულ უფრო მეტად მატულობს. აღსანიშნავია, რომ Mobileye Global Inc-ის აქციები ჯერ კიდევ აპრილში 30%-ით დაეცა, როდესაც ავტონომიური მართვის ტექნოლოგიის კომპანიამ, ჩინეთიდან ელექტრომობილებზე მოთხოვნის კლების შესაბამისად, წლიური შემოსავლის პროგნოზი შეამცირა.
შეგახსენებთ, გასულ წელს Mobileye, საწყის საჯარო შეთავაზებაში $861 მილიონის მოზიდვის შემდგომ, Nasdaq-ზე დაილისტა. ტექნოლოგიური კომპანიის მომხმარებელთა შორის ავტოინდუსტრიის ისეთი წარმომადგენლები გვხვდებიან, როგორიცაა BMW, Nissan-ი და Volkswagen-ი.