Virgin Galactic-ის პირველი კომერციული კოსმოსური ფრენა ივნისში იგეგმება

Virgin Galactic-ის პირველი კომერციული კოსმოსური ფრენა ივნისში იგეგმება

მილიარდერ რიჩარდ ბრენსონის მიერ დაარსებული კოსმოსური ტურისტული კომპანია Virgin Galactic Holdings-ი, თავის დიდი ხნის ნანატრ კოსმოსური კომერციული ფრენის სერვისს ივნისის ბოლოს აამოქმედებს. კომერციული სერვისის დაანონსების შემდეგ, Virgin Galactic-ის აქციების ფასი ვაჭრობაში 55%-ით გაიზარდა.

კომპანიის პირველი კომერციული კოსმოსური ფრენა, სახელწოდებით Galactic 01, 27 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლითაა დაგეგმილი. Virgin Galactic-ის ინფორმაციით, მას ძალიან მალე, აგვისტოს დასაწყისში, Galactic 02 მოჰყვება, რის შემდეგაც, დიდი ალბათობით, ბრენსონის კომპანიის კოსმოსური ფრენები ყოველთვიურ ხასიათს მიიღებს. ცნობისთვის, გასულ წელს, კომერციული სერვისის გაშვების გადავადების შემდეგ, Virgin Galactic-ის აქციების ღირებულება ორი მესამედით შემცირდა.

Virgin Galactic-მა კოსმოსური თვითმფრინავის VSS Unity-ისა და თავისი გადამზიდავი თვითმფრინავის ფრენები 2021 წელს შეაჩერა. კომპანიამ ფრენების შეჩერების მიზეზად კოსმოსური ხომალდის განახლებები დაასახელა, რის შედეგადაც სადებიუტო მისიის თარიღი შეიცვალა. თუმცა თებერვალში Virgin Galactic-მა ტურისტული კოსმოსური ხომალდის განახლებების ხანგრძლივი პერიოდი დაასრულა და უახლოეს დროში კომპანიის პირველი კომერციული კოსმოსური ფრენა დააანონსა.

Virgin Galactic-ის პირველი კომერციული კოსმოსური მისიის ეკიპაჟი სამი წევრით იქნება დაკომპლექტებული. მიკროგრავიტაციის კვლევის ჩასატარებლად, ეკიპაჟის წევრებს შორის იქნებიან იტალიის საჰაერო ძალებისა და იტალიის ეროვნული კვლევითი საბჭოს წარმომადგენლები.