რუსეთის მოქალაქეებში სხვა სახელმწიფოების მიმართ მტრული და მეგობრული დამოკიდებულება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა. თუმცა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, „ლევადა ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვით თუ ვიმსჯელებთ, თავად უკრაინას რუსეთის მთავარ მტრად ომის დაწყების შემდეგ უფრო ნაკლები რუსი მიიჩნევს, ვიდრე ეს ორი წლის წინ ხდებოდა.
რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „ლევადა ცენტრის“ მონაცემებით, უკრაინამ, რომელიც 2021 წლის გამოკითხვით, რუსეთის მოქალაქეების მიერ მათი ქვეყნის მეორე ყველაზე დიდ მტრად განიხილებოდა, 2023 წელს მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა, სანაცვლოდ, რუსეთის მტრების ხუთეულში მისი მხარდამჭერები დაწინაურდნენ. რუსეთის ყველაზე დიდი მტრების დასახელებისას, ორი წლის წინ უკრაინას რუსების 40% ასახელებდა წელს კი მათი პროცენტული რაოდენობა 26%-მდე შემცირდა.
„ლევადას“ გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, რუსეთის ოფიციალური პოზიციები და მათი მოქალაქეების დამოკიდებულება ძირითად ნაწილში თანხვდენილია. განსაკუთრებით ნეგატიურად რუსეთში უკრაინის მხარდამჭერ ქვეყნებს აღიქვამენ, რომელთა შორისაც პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია. აშშ-ის შემდგომ მოდის გაერთიანებული სამეფო, გერმანია და პოლონეთი. შეერთებულ შტატებს მტრად რუსების 72% ასახელებს, 8%-ით მეტი, ვიდრე ორი წლის წინ. ჩამოთვლილი სახელმწიფოების მიმართ რუსების ნეგატიური დამოკიდებულება უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით დიდი ზრდა კი, თითქმის 32 პროცენტული პუნქტით, რუსეთის ყოფილი მოკავშირე გერმანიის მისამართით დაფიქსირდა.
საპირისპირო სურათია რუსეთის უდიდეს მოკავშირეებთან მიმართებით. ბოლო ორი წლის განმავლობაში, მეგობარ სახელმწიფოთა რიგებში ბელარუსი, ჩინეთი და ინდოეთი 18-დან 20 პროცენტული პუნქტით დაწინაურდნენ, მაშინ როდესაც ყაზახეთმა – რომელიც უკრაინის ომის მიმართ უარყოფითად იყო განწყობილი – რუსებში მოწონება გარკვეულწილად დაკარგა.
თუმცა კვლევაში დაფიქსირებულ დამოკიდებულებას რომელიმე ქვეყნისადმი მოქალაქეების უმრავლესობა ყოველთვის არ იზიარებს. მაგალითად, შეერთებულ შტატებსა და ბელარუსთან მიმართებით, მოსახლეობა უფრო ერთიანია – შესაბამისად, რუსების დიდი ნაწილი აღიქვამს ბელარუსს – მეგობარ, ხოლო შტატებს მტერ სახელმწიფოდ. თუმცა მსგავს ერთიანობას რუსები ვერ ინარჩუნებენ მეორე უდიდესი მტერი და მეგობარი სახელმწიფოს დასახელებისას – შედეგად, რუსთა მხოლოდ 51% ემხრობა მოსაზრებას, რომ გაერთიანებული სამეფო მათი ერთ-ერთი უდიდესი მტერი სახელმწიფოა, ჩინეთს კი, მათი ქვეყნის მეორე უდიდეს მოკავშირედ, მხოლოდ 58% ასახელებს.
ცნობისთვის, „ლევადა ცენტრის“ კვლევა 2023 წლის მაისში, 1,603 რუსი ზრდასრულის გამოკითხვის საფუძველზეა შედგენილი. კვლევის მონაწილეებს სთხოვეს, დაესახელებინათ მაქსიმუმ ხუთი სახელმწიფო, რომელთაც რუსეთის მოკავშირედ და მეგობრად მიიჩნევენ.
რუსეთის მტერი სახელმწიფოების ხუთეული:
- ამერიკის შეერთებული შტატები – 72% (2021 წელს 64%)
- გაერთიანებული სამეფო – 51% (28%)
- გერმანია – 48% (16%)
- პოლონეთი – 42% (21%)
- უკრაინა – 26% (40%)
რუსეთის მეგობარი სახელმწიფოების ხუთეული:
- ბელარუსი – 77% (58%)
- ჩინეთი – 58% (38%)
- ინდოეთი – 31% (13%)
- ყაზახეთი – 26% (34%)
- სომხეთი – 16% (16%)