LVMH-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბერნარ არნო ჩინეთში იმყოფება

LVMH-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბერნარ არნო ჩინეთში იმყოფება

LVMH-ის აღმასრულებელი დირექტორი ბერნარ არნო ჩინეთში იმყოფება. მილიარდერი ძვირად ღირებულ სავაჭრო ცენტრში ვიზიტისას დააფიქსირეს. საინტერესოა, რომ არნოს მოგზაურობა, რომელიც ჩინელი მომხმარებლის ყურადღების მიპყრობის მცდელობაა, ჩინეთის მთავრობის მიერ ქვეყნის პოსტპანდემიური სტრატეგიის გამოცხადებას ემთხვევა, რომელიც უცხოურ კომპანიებთან კავშირების დამყარებას ისახავს მიზნად.

ფრანგი მილიარდერი პეკინის სავაჭრო ცენტრში სამშაბათს დააფიქსირეს. ადგილობრივ გამოცემებზე დაყრდნობით, არნოსთან ერთად ჩინეთში მისი ქალიშვილი და Christian Dior Couture-ის ხელმძღვანელი დელფინ არნო, ასევე Louis Vuitton-ის აღმასრულებელი დირექტორი პიეტრო ბეკარი იმყოფებიან. წყაროების ინფორმაციით, LVMH-ის CEO ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის რამდენიმე ქალაქში ადგილობრივ გუნდებთან შეხვედრას გეგმავს.

პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ჩინეთში არნოს შესაძლო მოგზაურობაზე ინფორმაცია Bloomberg News-მა ადრეც გაავრცელა. მაშინ, როგორც LVMH-ის, ასევე Dior-ისა და Louis Vuitton-ის წარმომადგენლებმა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

არნოს გახმაურებული ვიზიტი ტიანძინში, გლობალური აღმასრულებლებისა და მსოფლიო ლიდერების შეხვედრას ემთხვევა. შეხვედრაზე ჩინეთის პრემიერი ლი ციანგი სავაჭრო პარტნიორებთან კავშირების აღდგენის ინიციატივით გამოვიდა. პანდემიის შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, უცხოურ კომპანიებს მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკასთან თანამშრომლობისკენ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმაც არაერთხელ მოუწოდა.

თავის მხრივ, შეზღუდვების მოხსნის შემდგომ, LVMH-ისთვის ჩინეთი ერთ-ერთ ყველაზე მოგებიან ბაზრად იქცა. რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ, ჩინელმა მომხმარებლებმა პირველივე კვარტალში დაიწყეს კომპანიის ძვირად ღირებული ჩანთებისა და სამკაულების შეძენა, რის შედეგადაც მისი აქციების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა და LVMH-ი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რიგებშიც დაწინაურდა.