აზიის განვითარების ბანკი (ADB) 20 მილიონი ლარის (დაახლოებით $7.6 მილიონი) ინვესტიციას განახორციელებს შპს თეგეტა მოტორსის (თეგეტა) პირველ, 2 წლითა და 6 თვის ვადით განთავსებულ, ლარში დენომინირებულ მწვანე ობლიგაციებში, რაც პირველი ასეთი ემისიაა საქართველოს საფონდო ბირჟაზე. მიღებული თანხით დაფინანსდება ნულოვანი ემისიის მქონე, მსუბუქი, საგზაო და არასაგზაო ელექტროტრანსპორტის იმპორტი და საქართველოს დასამუხტი სადგურების ქსელის 70 ახალი სადგურით გაფართოება.
„აზიის განვითარების ბანკი (ADB) აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის კლიმატის ბანკია და ეს ინვესტიცია იმ მხარდაჭერის ნაწილია, რასაც ADB საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარებისთვის კლიმატისა და გენდერული ობლიგაციების სახით ახორციელებს,“ განაცხადა ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა სიუზან გაბურიმ. „ეს საქართველოში ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული პირველი მწვანე ობლიგაციაა და ველოდებით, რომ კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში მეტი მწვანე ობლიგაციის გამოშვებას.“
მწვანე ობლიგაცია ინოვაციური ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც ინვესტორების წინაშე გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფს, განსაკუთრებით ადგილობრივ ვალუტაში. მიღებული თანხა ექსკლუზიურად ხმარდება ისეთი ახალი ან არსებული პროექტების სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას ან რეფინანსირებას, რომელთაც გარემოსდაცვითი ან კლიმატთან დაკავშირებული სარგებელი მოაქვთ. თეგეტას ობლიგაციის გამოშვება თანხვედრაშია კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო ასოციაციის მწვანე ობლიგაციების პრინციპებთან. ბონდების საიმედოობაზე დამოუკიდებელი შეფასება „სასთეინანალიტიკსმა“ წარმოადგინა.
„თეგეტა მოტივირებულია იყოს პირველი, ვინც ლარში დენომინირებულ მწვანე ობლიგაციებს გამოუშვებს საქართველოში სათბური აირების ემისიის შემცირებისა და უფრო მდგრადი სატრანსპორტო სექტორის განვითარებისთვის,“ განაცხადა თეგეტას აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ კაჭარავამ. „ეს ობლიგაციები განამტკიცებს გარემოსადმი ჩვენს პასუხისმგებლობიან და მდგრად მიდგომას და აქტიურად შეუწყობს ხელს კლიმატმეგობრული მომავლის შექმნას. მადლობელი ვართ ADB-ის მხარდაჭერისა და დახმარების და ველით საინვესტიციო თანამშრომლობას კლიმატის მიმართულებით.“
ინვესტიცია დაფინანსდა საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე ADB-ის პირველი სუპრანაციონალური, ადგილობრივ ვალუტაში გამოშვებული მწვანე ობლიგაციების თანმხვედრი რაოდენობითა და ვადით. ADB-ის ობლიგაცია შესრულდა და ლიცენზირდა ADB-ის მწვანე და ლურჯი ობლიგაციების ჩარჩოს ქვეშ. ემისია მოხდა თიბისი კაპიტალის მეშვეობით და გამოშვება და ანგარიშსწორება შედგა საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემით.
თეგეტა 1995 წელს დაარსდა და ის საქართველოს საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისების ლიდერი კომპანიაა 400,000-ზე მეტი რეგისტრირებული საცალო, 40,000 კორპორაციული და 3,000 საბითუმო კლიენტით ქვეყნის მასშტაბით 28 მომსახურების ცენტრში.
ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. S