საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება ძალაში შევიდა. შეგახსენებთ, შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ ერევანში ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, 12 იანვარს მოეწერა.
„შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისათვის ურთიერთმიმოსვლის კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობების შემოღებას“, – ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეთანხმების თანახმად, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს ქვეყნებს შორის საზღვრის კვეთა ბიომეტრიული პირადობის მოწმობით, საერთაშორისო მიმოვლისათვის ნებადართული სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლის გზით შეეძლებათ.
„ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ანაცვლებს 1993 წლის 19 მაისს ხელმოწერილ შეთანხმებას „საქართველოს რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა მათ ტერიტორიაზე უვიზო მოძრაობის შესახებ““, – ნათქვამია განცხადებაში.