მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ქონება ერთ დღეში $18.4 მილიარდით შემცირდა. მასკის სიმდიდრის მკვეთრი კლება ბოლო სამ თვეში ელექტრომობილების გიგანტ Tesla-ს აქციების ფასის ყველაზე დიდ ვარდნას უკავშირდება.
Forbes-ის მონაცემებით, მილიარდერის ქონება 20 ივლისს, $256.8 მილიარდიდან $238.4 მილიარდამდე შემცირდა. შედეგად, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის ლიდერობაც საფრთხის ქვეშ დადგა, რადგან LVMH-ის თავმჯდომარე ბერნარ არნოს ქონება მასკისას ახლა მხოლოდ $3 მილიარდით ჩამოუვარდება.
ინვესტორების მწვავე რეაქცია კი Tesla-ს მიერ მეორე კვარტლის მოგების ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა. შედეგად, ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის აქციების ფასი 10%-ით დაეცა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, პირველ სავაჭრო სესიებზე Tesla-ს აქციების ფასის ორი უდიდესი დღიური ვარდნა სწორედ 2023 წლის შემოსავლების ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა (20 ივლისს და 20 აპრილს).
ცნობისთვის, ილონ მასკის ქონების დაახლოებით 60% სწორედ ელექტრომობილების გიგანტ, Tesla-ში მის 13%-იან წილს უკავშირდება. მილიარდერის ქონების მესამედი SpaceX-ზე მოდის, 10%-ზე ნაკლები კი Twitter-ზე.