გრეტა გერვინგის რეჟისორობით გადაღებული ფილმის, „ბარბის“ პრემიერამ 2023 წლის რეკორდი მოხსნა. Variety-ის მონაცემებით, პარასკევს, დებიუტის დღეს, კინონამუშევარმა ბილეთების გაყიდვით $70.5 მილიონი შეაგროვა და მიმდინარე წლის ყველაზე შემოსავლიანი პრემიერა გახდა.
შედეგად, „ბარბის“ პრემიერამ ფილმ „ადამიანი-ობობა: სამყაროთა შორის“ რეკორდი გააუმჯობესა, რომლის პრემიერის დღის შემოსავალმაც ივნისში $51.8 მილიონს მიაღწია. ყველაზე შემოსავლიან პრემიერებში კი მესამე ადგილზე კრისტოფერ ნოლანის ახალი ბიოგრაფიული დრამაა – სალაროებში შეგროვებული $33 მილიონით.
Box Office Mojo-ს მონაცემებით, გასულ უიკენდზე, „ბარბის“ მიერ გლობალურად გამომუშავებულმა თანხამ $337 მილიონს (საშინაო – $155 მილიონი) მიაღწია. შედეგად, სადებიუტო უიკენდზე, „ბარბის“ შემოსავალმა რეჟისორი ქალების მიერ გადაღებული ფილმების რეკორდიც მოხსნა. ამ დრომდე ყველაზე შემოსავლიან სადებიუტო უიკენდად 2019 წელს, ანა ბოდენისა და რაიან ფლეკის თანარეჟისორობით გადაღებული „კაპიტანი მარველი“ მიიჩნეოდა – $153 მილიონით.
ზრდას განაგრძობს ნოლანის კინოსურათიც, რომლის შემოსავალმაც ჯამურად, მსოფლიო მასშტაბით, $174 მილიონს გადააჭარბა. „ოპენჰაიმერში“ მთავარ როლს კილიან მერფი, ემილი ბლანტი, მეტ დეიმონი და რობერტ დაუნი უმცროსი თამაშობენ.
შეგახსენებთ, რომ გრეტა გერვიგის რეჟისორობით გადაღებული „ბარბის“ პრემიერა 2023 წლის 21 ივლისს შედგა. ახალ ფილმში მთავარ როლებს მარგო რობი და რაიან გოსლინგი ასრულებენ. „ბარბის“ ბიუჯეტი $145 მილიონია, დამატებით კი – $100 მილიონი, რომელიც ფილმის მარკეტინგზე დაიხარჯა.