ატლანტაში ნებაყოფლობით ჩაბარების შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირველი, საპატიმროში გადაღებული ფოტო გავრცელდა. ცნობისთვის, ჯორჯიას შტატში ტრამპს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობას ედავებიან.
ბოლო ხუთ თვეში, ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 45-ე პრეზიდენტი, უკვე მეოთხედ დააკავეს. თუმცა საპატიმროდან მისი ფოტო, ამ დრომდე არც ერთხელ გავრცელებულა. სასამართლო სხდომის გამართვამდე, ტრამპს ატლანტას ციხიდან გასათავისუფლებლად, გირაოს სახით $200,000 უნდა გადაეხადა. ამის შემდეგ, თეთრი სახლის ყოფილმა ლიდერმა საქმეს „სამართლის ფარსი“ უწოდა.
საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, აეროპორტში ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას სრული უფლება ჰქონდა გაეპროტესტებინა არჩევნების შედეგები, რადგან თვლიდა, რომ ის გაყალბებული იყო. ყოფილი პრეზიდენტი მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს.
მოგვიანებით, ტრამპმა პლატფორმა X-ზე (ყოფილი Twitter-ი), 2021 წლის იანვრის შემდეგ, პირველი ტვიტიც გამოაქვეყნა. მილიარდერმა საკუთარი ვებგვერდის მისამართი გააზიარა და საპატიმროში გადაღებული ფოტოც დაურთო, წარწერით: „არჩევნებში ჩარევა. არასდროს დანებდე“.
https://t.co/MlIKklPSJT pic.twitter.com/Mcbf2xozsY
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) August 25, 2023
საპატიმროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ჩანაწერები, ტრამპს თეთრკანიან, 190 სმ-ის სიმაღლის და 97 კგ-ის წონის მამაკაცად ახასიათებს, ქერა თმითა და ცისფერი თვალებით. ყოფილი პრეზიდენტის საპატიმრო ნომერი იყო: P01135809.
რაც შეეხება, ჯორჯიას შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის ბრალდებას, თავად ტრამპი საქმეს მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს. მიზეზად რესპუბლიკელთა რბოლაში მის ლიდერობას ასახელებს. ყოფილი პრეზიდენტი, მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და ბაიდენთან დაპირისპირებას გეგმავს.