ჰოლივუდის სცენარისტთა კავშირმა წამყვან სტუდიებთან წინასწარ შრომით შეთანხმებას მიაღწია. გარიგება სავარაუდოდ დაასრულებს ერთ-ერთ გაფიცვას იმ ორიდან, რომელმაც კინოსა და ტელევიზიის წარმოების უმეტესობა შეაჩერა და კალიფორნიის ეკონომიკას მილიარდობით დოლარი დაუჯდა.
სამწლიანი კონტრაქტი ძალაში შესვლამდე „ამერიკის მწერალთა გილდიის“ (WGA) ხელმძღვანელობამ და პროფკავშირის წევრებმა უნდა დაამტკიცონ. გილდიის შეფასებით, რომელიც ფილმისა და ტელევიზიის 11,500-მდე სცენარისტს წარმოადგენს, შეთანხმება დაიცავს სცენარისტებს და მათთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი იქნება. „ეს შესაძლებელი გახდა WGA-ის წევრების მუდმივი სოლიდარობითა და ჩვენი პროფკავშირის წევრების მხარდაჭერით, რომლებიც 146 დღეზე მეტია, ჩვენ გვერდით არიან“, – ნათქვამია მომლაპარაკებელთა კომიტეტის განცხადებაში.
მიუხედავად შეთანხმების მნიშვნელობისა, დიდი ალბათობით, მხოლოდ WGA-სთან მიღწეული შეთანხმების რატიფიცირების შემთხვევაშიც კი, ჰოლივუდი ვერ შეძლებს, თავის ჩვეულ ბიზნესსაქმიანობას სრულფასოვნად დაუბრუნდეს. ამის მიზეზი SAG-AFTRA-ს მსახიობთა პროფკავშირია, რომელიც გაფიცვას კვლავ განაგრძობს.
“WGA-მ და AMPTP-მა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას”, – ნათქვამია ერთადერთ განცხადებაში, რომელიც კინემატოგრაფიისა და ტელევიზიის პროდიუსერების ალიანსმა (AMPTP) გაავრცელა. ალიანსი ჰოლივუდის მთავარ სტუდიას და სტრიმინგპლატფორმებს, მათ შორის Netflix-ს, Walt Disney-ს, Warner Bros Discovery-ს და სხვებს აერთიანებს.
შეთავაზებული კონტრაქტი ამ ეტაპზე მხოლოდ წინასწარია და დეტალები საჯარო კონტრაქტის საბოლოო სახის მიღებისას გახდება ცნობილი. ამის შემდეგ უკვე მომლაპარაკებლები გადაწყვეტენ, უნდა წარუდგინონ თუ არა შეთანხმება ხელმძღვანელობას, რომელიც მას, დამტკიცების შემთხვევაში, კენჭისყრისთვის წევრებს გადასცემს.